კარტოფილი

კარტოფილი ერთწლიანი მცენარეა და უმნიშვნელოვანეს სასურსათე კულტურას წარმოადგენს. მისი ტუბერები საშუალოდ 14-22% სახამებელსა და 2-3% ცილას შეიცავს. სახამებელი გამოიყენება საკონდიტრო, ძეხვეულისა საფეიქრო წარმოებაში. მას იყენებენ აგრეთვე საკვებწარმოებაში ღორების, მეწველი პირუტყვისა და შინაური ფრინველის გამოსაკვებად (1 კგ კარტოფილი შეიცავს 0,3 საკვებერთეულს). სურსათად და სასურსათო ნედლეულად იყენებენ აგრეთვე კარტოფილის სამრეწველო გადამუშავების შედეგად მიღებულ ანარჩენებს (სახამებლისა და სპირიტს წარმოება).
კარტოფილი ნათესი ფართობების მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში (23 მლნ. ჰა) პურეულისა და ბამბის შემდეგ.

თესლბრუნვა

კარტოფილი საუკეთესო წინამორბედია თავთავიანი კულტურებისათვის. აღების შემდეგ იგი ნიადაგს ტოვებს გაფხვიერებულ და სარეველებისაგან გასუფთავებულ მდგომარეობაში.
საქართველოში კარტოფილის მოყვანა შეიძლება აგრეთვე თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების შემდეგ, როგორც სანაწვერალო კულტურა.
კარტოფილს ითესება მრავალწლიანი ბალახების, საშემოდგომო თავთავიანი კულტურების, სამარცვლე პარკოსანი კულტურების, ერთწლიანი ბალახების შემდეგ. დასავლეთ საქართველოში შეიძლება დაითესოს სიმინდისგან გათავისუფლებულ მინდორზეც.
ნიადაგის ხარისხოვანი დამუშავების პირობებში კარტოფილი კარგად იტანს რამოდენიმე წლის განმავლობაში ზედიზედ თესვასაც. დაუშვებელია კარტოფილის დარგვა პამიდორის, ბადრიჯნის და წიწაკის შემდეგ, რადგან ისინი ერთ ოჯახში შემავალი კულტურებია ერთი და იმავე მავნებელ-დაავადებებით ავადდებიან.

გარემო პირობები

კარტოფილი გარემო პირობებისადმი დიდი შემგუებლური თვისებებით ხასიათდება. ყველაზე საუკეთესო მოსავალს ის მთიან რაიონებში იძლევა. ბარის ცხელ ადგილებში მისი მოსავალი მცირეა, რადგან იგი ვერ იტანს მაღალ ტემპერატურას.
კარტოფილის ტუბერი ნორმალურად ღივდება ნიადაგის 5-6 0 C სითბოს პირობებში. უფრო დაბალ ტემპერატურაზე დარგული ტუბერი დიდხანს ყოვნდება ნიადაგში და მასზე წარმოიქმნება პატარა ტუბერები ისე, რომ მას მიწისზედა ორგანოები არა აქვს განვითარებული. ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება ჭარბტენიან ნიადაგში დარგვისას. ანალოგიურ მოვლანას აქვს ადგილი, თუ ტუბერი დაირგო მაღალ ტემპერატურაზე და მშრალ ნიადაგში. ტუბერი ნორმალურად ღივდება, აღმოცენდება და ფესვთა სისტემას ივითარებს, როდესაც ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობა 70-75 %-ია, ხოლო ტემპერატურა – 6-7 0 C სითბო. ახლად წარმოქმნილი ტუბერი ნორმალურად მსხვილდება ნიადაგის 16-18 0 C ტემპერატურაზე. 20-25 0 C -ზე ზევით ტუბერი განიცდის გადაგვარებას.
კარტოფილი დიდ მოთხოვნას იჩენს სინათლის მიმართაც. არ არის რეკომენდირებული მისი დარგვა დაჩრდილულ ადგილებში, ხეების ქვეშ. ამ დროს მცენარე მაღალსა და წვრილ ღეროს ივითარებს და მცირე მოსავალს იძლევა. რაც უფრო მეტია მზე და მეტ ხანს არის ნათესი მზით განათებული, მით უკეთ ვითარდება მცენარის მიწისზედა ნაწილები. სინათლისადმი მცენარის მოთხოვნილება დამოკიდებულია ჯიშებზეც. საადრეო ჯიშები ტუბერებს ინტენსიურად ივითარებენ ბარის რაიონებში ზაფხულის პირველ ნახევარში.

ნიადაგი

კარტოფილის მოყვანა შეიძლება თითქმის ყველა სახის ნიადაგზე. ( ქვიშნარიდან – მძიმე თიხნარ ნიადაგებზე), გარდა დაჭაობებული ნიადაგებისა. მაგრამ კარტოფილი ყველა სახის ნიადაგზე ერთნაირ მოსავალს არ იძლევა. ქვიშნარი ღარიბია ორგანული ნივთიერებებით, ის წყალს ვერ აკავებს და ადვილად შრება. მძიმე თიხნარი ნიადაგები კი გვალვიან პირობებში ადვილად შრება, მაგრდება და ხელს უშლის კარტოფილის ნორმალურ განვითარებას. ასეთი ნიადაგის გამოყენება შესაძლებელია, თუ ნიადაგში შეტანილი იქნება ნაკელი.
კარტოფილისათვის საუკეთესოა ფხვიერი და ნოყიერი, ტენიანი ნიადაგი. საუკეთესოა ქვიშნარი და თიხნარი მიწები, აგრეთვე ახოები და ნეშომპალით მდიდარი ტყის ნიადაგები. კარგ მოსავალს იძლევა კარტოფილი მთის შავმიწა, ყავისფერ, აგრეთვე ჩვეულებრივ ალუვიურ (დანალექ) ნიადაგებზე.

სათესლე მასალა

დაუშვებელია შემთხვევითი პირებისაგან არასტანდარტული და დაავადებული სარგავი მასალის შეძენა და დარგვა.
სათესლე მასალის შერჩევა უნდა მოხდეს ადრეულ ვადებში. მისი დაწუნება ხდება ნათესში შავფეხას, სველი სიდამპლისა და ასევე რიზოქტინიოზით დაავადების ნიშნების გამოვლენისას.
სათესლე მასალა შენახული უნდა იქნას ყინვისაგან დაცულ სათავსოებში; სათავსო კარგად უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო საშუალებებით. რეკომენდირებულია ფორმალინის გამოყენება.
სათესლე მასალის შენახვა და დასაწყობება ხდება ჯიშებისა და კლასების მიხედვით. ტომრებში სათესლე კარტოფილის მოთავსების შემდეგ მისი შენახვა უნდა მოხდეს რეპროდუქციის და ჯიშების მიხედვით ცალ-ცალკე, ტომრებს შორის უნდა ხდებოდეს კარგი აერაცია.

აგროტექნიკური ღონისძიებები

ნიადაგის დამუშავება

კარტოფილისათვის ნიადაგის დამუშავება დამოკიდებულია მის წინამორბედზე.

თუ კარტოფილი ითესება თავთავიანი კულტურებისაგან გათავისუფლებულ მინდორზე, მაშინ მოსავლის აღებისთანავე უნდა მოხდეს ნაწვერალის აჩაჩვა 4-5 სმ სიღრმეზე და ნიადაგი უნდა მოიხნას მზრალად, 25-27 სმ სიღრმეზე წინმახვილიანი გუთნით.
ნიადაგი კარტოფილისთვის თანაბრად, ერთ სიღრმეზე უნდა მოიხნას. ტუბერების ერთ სიღრმეზე დარგვისას, მიწის შემომყრელით დამუშავების სიღრმე და სიმაღლე თანაბარია. თუ ნიადაგის ზედაპირიდან ტუბერამდე სიღრმე მკვეთრად განსხვავებულია, ეს იწვევს აღმონაცენის არათანაბარ გამოჩენას, უხარისხო ნათესში მიწის შემოყრის დროს კარტოფილი ამოიყრება, რაც მოგვცემს მაღალ მეჩხერიანობას.
გაზაფხულზე, დარგვის წინ ნიადაგი კარგად უნდა დამუშავდეს 18-20 სმ სიღრმეზე. კარტოფილი მთელი ვეგეტაციის მანძილზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტენით, რადგან ის ასეთ დროს ნაკლებად განვითარებულ ფესვთა სისტემას ინვითარებს. ტენის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი აერაცია, რაც გამოიწვევს კარტოფილის ლპობას.
აღმოსავლეთ საქართველოსათვის, სადაც შედარებით მშრალი კლიმატია, მზრალად ხვნა კარგ შედეგებს იძლევა, ხოლო დასავლეთ რაიონების ჭარბტენიანი პირობებისათვის მზრალად ხვნა უმჯობესია წარმოებდეს ზამთარში დეკემბერ-იანვარში, ხოლო ზოგიერთ შემთხევაში დასაშვებია თებერვალშიც კი.
მაღალმთიან რაიონებში ფერდობების შემოდგომით მოხვნა არ არის რეკომენდირებული. საშემოდგომო ხვნა აქ უნდა შეიცვალოს საგაზაფხულო ხვნით.
გაზაფხულზე, ნიადაგის ზედაპირის შეშრობისთანავე, ხნული უნდა დაიფარცხოს „ზიგზაგის“ ფორმით. კარტოფილის დარგვის წინ აწარმოებენ ხნულის აოშვას ფრთებმოხსნილი საოშებით 13-15 სმ სიღრმეზე.
კარტოფილის ფესვთა სისტემა მძლავრი არ არის და იგი ნიადაგის სახნავ ფენაშია გადაადგილებული, რის გამოც მას არა აქვს უნარი ფართოდ გამოიყენოს საკვები ელემენტები ნიადაგიდან, ამასთანავე სათესლე კარტოფილს გააჩნია მოკლე სავეგეტაციო პერიოდი, ამიტომ საკვები ელემენტების მიწოდება უნდა მოხდეს ადვილად შესათვისებელ ფორმაში და ლოკალურად.
შემოდგომაზე, ნაკვეთი უნდა გაიწმინდოს წინამორბედი კულტურის ნარჩენებისაგან, საჭიროა შეტანილი იქნეს ფოსფორიანი სასუქი “ამოფოსი” 250 კგ/ჰა ან დიამოფოსი 350 კგ/ჰა (სასუქების სრული დოზა) და მოიხნას მზრალად წინმხვნელიანი გუთნით 28-32 სმ სიღრმეზე.
მაღალმთიან რეგიონებში, იქ, სადაც მსხვილფეხა პირუტყვი 6-7 თვის განმნავლობაში ბაგურ კვებაზე ჰყავთ, უნდა მოხდეს საცავებში ნაკელის შეგროვება და მისი, ე.წ. გადაწვის შემდეგ საკარტოფილე ნაკვეთებზე შეტანა (50-60 ტ/ჰა); მხოლოდ ხვნის წინ ან ზაფხულში წინამორბედი კულტურების (თავთავიანები, ბალახები და სხვ.) მოსავლის აღების შემდეგ, ნიადაგის მოხვნამდე. ნაკელი არამარტო ანოყიერებს ნიადაგს საკვები ელემენტებით, არამედ სახნავი ფენის სტრუქტურის გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალებაა. ამიტომ გადამწვარი საქონლის ნაკელის შეტანა მიზანშეწონილია ყოველ მესამე წელს.
გადამწვარი ნაკელი კარტოფილისათვის საუკეთესო სასუქია და შემოდგომაზე ერთ ჰექტარზე შეტანილი უნდა იქნეს 50-60 ტონა. ამ შემთხვევაში მას უნდა დაემატოს მინერალური სასუქებიდან გათვალისწინებული ფოსფორის( P) და კალიუმის (K) 50% და შემდეგ მზრალად ჩაიხნას სრულ სიღრმეზე. გაზაფხულზე, კარტოფილის დარგვამდე რამდენიმე დღით ადრე, ან დარგვისთანავე, ნაკვეთში შეტანილი უნდა იქნეს აზოტიანი სასუქის სრული დოზის 2/3 და ჩაუტარდეს კულტივაცია თანმიყოლებული ზიგზაგიანი ფარცხით.

აზოტი
აზოტი კარტოფილის კვების აუცილებელი ელემენტია, განსაკუთრებით ფოთლების ფორმირებისა და ცილის დაგროვებისას. აზოტის ნაკლებობისას კლებულობს მოსავლიანობა და ხარისხი, გარდა ამისა, იწვევს ტუბერების მოუმწიფებლობას, ფოთლის ნაადრევ ხმობას და მცენარის იმუნიტეტის დაქვეითებას.
ნიადაგის ნაყოფიერებიდან გამომდინარე, სათესლე კარტოფილში და საადრეო სასურსათო კარტოფილისათვის ერთ ჰექტარზე შეტანილი უნდა იქნეს 110-140 კგ აზოტი. მოქმედი ნივთიერების გათვალისწინებით, ხოლო სასურსათო კარტოფილში მისი შეტანა ხდება 120-170 კგ/ჰა.
აზოტიან სასუქები შეტანილი უნდა იქნეს დარგვამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ დროს რეკომენდირებულია მთლიანი ნორმის 65-70% , ხოლო დანარჩენი 35-30 % მეორე მწკრივთშორის დამუშავების დროს.

ფოსფორი
კარტოფილს ფოსფორი (P 20 5) ნიადაგიდან გამოაქვს (55 კგ/ჰა), იმისათვის, რომ მცენარემ არ განიცადოს ფოსფორის უკმარისობა, სათესლე კარტოფილის ქვეშ შეტანილი უნდა იქნეს 160-180 კგ/ჰა P 20 5 (მოქმედი ნივთიერება), ხოლო სასურსათო კარტოფილში 130-150 კგ/ჰა. ამ დოზების გამოყენებისას, სხვა ელემენტებთან ერთად, იზრდება კარტოფილის მოსავლიანობა, უმჯობესდება ტუბერების ხარისხი.
ფოსფორი ფესვთა სისიტმიდან დიფუზურად შეიწოვება, ამიტომ რეკომენდირებულია მისი ხსნადი ფორმით შეტანა შემოდგომაზე, მზრალად ხვნის წინა, მაგრამ ნიადაგში ძალზე ღრმად არ უნდა ჩაკეთდეს.

კალიუმი
კალიუმი ხელს უწყობს ფესვებს სინესტის შეწოვაში, ამცირებს მცენარის ფოთლებიდან წყლის აორთქლებას და არეგულირებს წყლის გადაადგილებას მცენარეში. გარდა ამისა, მცენარეს დაავადებებისადმი გამძლეობას უნარჩუნებს.
კალიუმის უკმარისობისას მცენარის ფოთლებზე შეიმჩნევა მუქი-მწვანე ზოლებრივი შეფერვა და ძარღვიანობის მომატება-გადიდება. შემდეგ წარმოიქმნება ვერცხლისფერი ლაქები, დასაწყისში ფოთლის გარშემო და ბოლოებში, შემდეგ მთლიანად ფოთოლზე. ამის გამო ფოთლები ხმება და იღებს მუქ ყავისფერ შეფერილობას. შემოდგომაზე, ხვნის წინ, ფოსფორთან ერთად შეტანილი უნდა იქნეს 70-90 კგ/ჰა K20 (მოქმედი ნივთიერება) კალიუმიანი სასუქების უმრავლესობა წყალში კარგად ხსნადია.

მაგნიუმი

მაგნიუმიანი სასუქები საქართველოში ფაქტიურად არ გამოიყენება, მაგრამ ის კარტოფილისათვის შეუცვლელი საკვები ელემენტია. კარტოფილს ნიადაგიდან გამოაქვს 18 კგ/ჰა მაგნიუმი, ამიტომ ამ რაოდენობის მაგნიუმის შეტანა ნიადაგში აუცილებელია მაგნიუმის შემცველი კირიანი სასუქების გამოყენებით.

ნიადაგის განოყიერებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ნიადაგის ტიპი, ნაყოფიერება, კარტოფილის ჯიში, დანიშნულება (სათესლე და სასურსათო), ნიადაგში არსებული საკვები ელემენტები, წინამორბედი კულტურები და სხვ.

სათესი მასალის მომზადება დასარგავად
როგორც წესი, კარტოფილის დარგვა წარმოებს ტუბერით. მსხვილი ტუბერი შეიძლება შუაზე გაიჭრას. სათესლე მინდორზე მხოლოდ მთლიანი ტუბერები ირგვება. საუკეთესოა 60-70 გ -იანი საშუალო სიდიდის ტუბერი. როგორც წესი, 90 გ და მეტი წონის მქონე ტუბერი მაღალ მოსავალს იძლევა, თუმცა მსხვილი ტუბერების დარგვა არ არის რეკომენდირებული. ტუბერის დაჭრა უნდა მოხდეს უშუალოდ დარგვის წინ. დაუშვებელია კარტოფილის წვრილი ტუბერების (20-40 გ) დარგვა. ჰექტარზე საშუალოდ 3 ტონამდე კარტოფილი ირგვება.

რეკომენდირებულია სასურსათო და სათესლე კარტოფილის სარგავი მასალების დარგვის წინა დამუშავება ინსექტიციდ-ფუნგიციდური მოქმედების პრეპარატებით.

საადრეო მოსავლის მისაღებად ზოგჯერ მიმართავენ ტუბერების წინასწარ გაღივებას დარგვამდე. გაღივება წარმოებს მშრალ და ნათელ შენობაში. გაღივება ხდება დარგვამდე 35-40 დღით ადრე. შენობაში უნდა გაკეთდეს დეზინფექცია, სათესლე მასალა უნდა გაიშალოს იატაკზე თხელ ფენად, არაუმეტეს 2-3 ტუბერის სისქეზე, შენობაში ტემპერატურა 12-15 0 C -ის ფარგლებში უნდა იყოს. ერთი ტონა კარტოფილის გასაღივებლად საჭიროა 40-50 კვ. მეტრი ფართობი. გაღივების წინ აწარმოებენ კარტოფილის შეწამვლას 0,5 %-იანი ფორმალინის ხსნარით.

დარგვა
კარტოფილის დარგვა იწყება მაშინ, როდესაც ზედიზედ სამი დღის განმავლობაში ნიადაგის ტემპერატურა 5-60 C იქნება. დარგვის სიღრმე 5-7 სმ. დაუშვებელია კარტოფილის ტუბერის დარგვა გამაგრებული კვალის ძირზე, იგი უნდა დაირგოს კვალის თხემზე მშრალ და ფხვიერ მიწებზე 10-12 სმ სიღრმეზე, შედარებით მძიმე და ტენიან მიწებზე 8-10 სმ სიღრმეზე. მცენარეთა დგომა ერთ ჰექტარზე შეადგენს 38-50 ათას (სასურსათო კარტოფილი) ნარგავს.
კარტოფილის დარგვა წარმოებს სპეციალური მანქანებით, გუთნით ან ხელით. დარგვა და მინერალური სასუქების შეტანა ერთდროულად წარმოებს ოთხმწკრივიანი საკიდი მანქანებით და მისაბმელი მანქანებით. მათი საშუალებით კარტოფილის დარგვა შესაძლებელია კვადრატულ-ბუდობრივად, 70×70 სმ ბუდნაში 2-3 ტუბერის მოთავსებით და ჩვეულებრივ მწკივადაც. მწკივებს შორის 60-70 სმ დაშორებით და თვით მწკრივში ტუბერების განლაგებით 25, 30 და 35 სმ-ზე, რაც ჰექტარზე 40 ათასიდან 60 ათას მცენარემდე იძლევა.
მცენარის დარგვის სიხშირე დამოკიდებულია ასევე ნიადაგის მდგომარეობაზე. ტენიანსა და გრილ ადგილებში კარტოფილი შედარებით შორი-შორს ირგვება, ხოლო შედარებით მშრალსა და ცხელ ადგილებში – უფრო ახლო-ახლო. ასეთ ადგილებში მწკრივთშორის ადგილი უნდა შემცირდეს 60 სმ-მდე.

ნათესების მოვლა
გაზაფხულზე დარგული კარტოფილი, ნორმალურ პირობებში, 18-20 დღის შემდეგ აღმოცენდება. კარტოფილის ნათესის ორჯერ დაფარცხვა 15-20 %-ით ზრდის მოსავალს.

კარტოფილის მასობრივი აღმოცენებისთანავე საჭიროა მწკრივთშორისი პირველი გაფხვიერება და სარეველების მოსპობა კულტივატორით ან თოხით. კვადრატულ-ბუდობრივი ნათესები მუშავდება მექანიზებული წესით – ორივე მიმართულებით. მწკრივად დარგული კარტოფილის დამუშავება ტრაქტორის კულტივატორით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიმართულებით. თვით მწკრივში კი ბუჩქებს შორის არსებული მანძილი ხელის თოხით ფხვიერდება.
პირველი კულტივაცია თოხნიდან 10-15 დღის შემდეგ ხდება, საჭიროა მეორე თოხნა-გაფხვიერება ან კულტივაცია, ხოლო როდესაც მცენარე 18-20 სმ სიმაღლეს მიაღწევს, აწარმოებენ მიწის შემოყრას. ტენიან და მძიმე ნიადაგებზე, ასევე წვიამიან წლებში, მიწის შემოყრა საჭიროა ხშირად და ღრმად. მშრალსა და გვალვიან ამინდში მიწის შემოყრის ნაცვლად საჭიროა მწკრივთშორისი ნიადაგის ორ-სამჯერ ღრმად გაფხვიერება.
კარტოფილის ნათესების სარეველებისაგან და მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვისათვის მაღალეფექტური ჰერბიციდები, ფუნგიციდები და ინსექტიციდები გამოიყენება.
მცენარეთა გადაზრდა
ხდება იმ შემთხვევაში, როცა ნიადაგი გამომშრალია და მცენარემ შეიძინა ცხოველმოქმედება, ხოლო ჰაერის ტემპერატურა გაიზარდა 25 0 C-ზე ზემოთ. ამ დროს, ბარდი თუ შეკრული არ არის, ნიადაგი ცხელდება, მცენარე იწყებს სწრაფ ზრდას. პროცესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაჩრდილულია ნიადაგი ღერო-ფოთლებით და უზრუნველყოფილია ტენით და აზოტოვანი სასუქებით.
მორწყვა
მცენარეს წყალი უნდა მიეწოდებოდეს განვითარების ისეთ ფაზებში, როგორიცაა ბუჩქის ფორმირების დაწყება, განსაკუთრებით კარტოფილის დაკოკრების პერიოდში, როცა ტუბერები ინტენსიურ განვითარებას იწყებს. კარტოფილის პირველი მორწყვა უნდა ჩატარდეს ნიადაგის მეორე გაფხვიერებამდე, ფოთლების მასობრივი განვითარებისას, მეორე მორწყვა დაკოკრების დაწყების წინ, მესამე მორწყვა – ყვავილობის პერიოდში, მეოთხე მორწყვა – საჭიროების მიხედვით, ტუბერების განვითარების დროს.
ყოველი მორწყვის წინ სასურველია კარტოფილი შეიწამლოს შესაბამისი პრეპარატებით ფიტოფტორას საწინააღმდეგოდ.
მცენარის ბუჩქის ჩახმობა-მოცილება
მოსავლის აღებამდე 12-14 დღით ადრე უნდა ჩატარდეს მცენარის ბარდაზე შესაბამისი დესიკანტის შესხურება მცენარის სრული ჩახმობისათვის ან მოსავლია აღებამდე ბუჩქი გათიბული უნდა იქნეს სათიბელათი (კირ-1,5) და ანარჩენი ლაფეტების მეშვეობით გამოტანილი უნდა იქნას ფართობიდან, თუმცა ბრძოლის ქიმიური საშუალებები უფრო ეფექტურია.
შესხურებიდან ორი კვირის შემდეგ, ღერო ფოთლები და სარეველები 100 %-ით ხმებიან და მოსავლის აღებისას სათხრელ აგრეგატებს მუშაობა უადვილდებათ.
იმ შემთხვევაში, თუ პირველი შესხურებისას დესიკანტის მოქმედება თვალსაჩინო არაა, ის შეიძლება განმეორდეს 3 დღის შემდეგ (შესხურება 2-2,5 ლ ჰა რეგლონი 400 ლ წყალში გაზავებული);

სარეველებთან ბრძოლა

კარტოფილის სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება ბრძლის მექანიკური და ქიმიური მეთოდები.
მექანიკური მეთოდის დადებითი მხარეები იმაში გამოიხატება, რომ ამ დროს ნიადაგში არ შეგვაქვს ქიმიური საშუალებები, ბაზო-კვლების თანდათანობით ფორმირება ხდება 20-25 დღის განმავლობაში, ხოლო მწკრივთშორისების გაფხვიერება ფრეზით და თათებით, მიწის შემოყრით ხდება. ამ მეთოდის უარყოფითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ხდება სარეველების არასრული მოსპობა, რჩება სავალი კვლები, შესაძლებელია დაზიანდეს ფესვთა სისტემა, მცირდება ნიადაგის ტენიანობა, და მეთოდი შედარებით ძვირადღირებულია.
ქიმიური მეთოდის დადებითი მხარეებია ის, რომ ხდება სწრაფი დამუშავება, არ ზიანდება ფესვთა სისტემა, შედარებით ხელსაყრელია. უარყოფითი მხარეები კი იმაში გამოიხატება, რომ მეთოდი ძვირადღირებულია, ნიადაგში შედის შხამ-ქიმიკატები და შესაძლოა მცენარეც დაზიანდეს.
ქიმიური საშუალებების გამოყენებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
• შეირჩეს შედარებით ნაკლებად მავნე პრეპარატები;
• სწორი დოზირება;
• შესხურების სწორი წესების დაცვა;
• ოპტიმალური ამინდის პირობების შერჩევა;
• ტენიანი ნიადაგი.

კარტოფილის ნათესებში ჰერბიციდები გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგ ვადებში:
• აღმოცენებამდე;
• აღმონაცენის გამოჩენისთანავე;
• აღმონაცენია 5-10 %-ით გამოჩენისას;
• მასიური აღმოცენების შემდეგ და ა.შ.

რეკომენდირებულია, პირველი სამ ვადაში იმ ჰერბიციდების გამოყენება, რომლებიც მოქმედებენ ნიადაგიდან შეწოვით, მეოთხე შემთხვევაში კი ფოთლებიდან და ნაწილობრივ ნიადაგიდან.

გამოსაყენებელი ჰერბიციდები და მათი ხმარების წესი

მეტრიბუზინი (ზენკორი; სენკრონი; მაჯესტიკი) პრეპარატის ხარჯვის ნორმა ჰექტარზე – 0,5 კგ. საადრეო ჯიშებისათვის 0,7-1,3 კგ, საშუალო და საგვიანო ჯოშებისათვის – 0,7-0,8 კგ ნიადაგზე შესხურებით, ხოლო 0,4-0,5 კგ მცენარის აღმოცენების შემდეგ. მისი შეტანა ხდება ნიადაგში ჰუმუსის შემცველობის მიხედვით – მსუბუქ ნიადაგში 0,5-0,75 კგ/ჰა-ზე, საშუალოში – 0,75-1,00 ხოლო მძიმე ნიადაგში – 1,00-1,5 კგ/ჰა-ზე. ხსნარის დანახარჯი 400-500 ლ/ჰა-ზე;
გლიფოსატი 3 ლ/ჰა (ურაგან ფოტე; კლინი; ნოკდაუნი; შოკი; გლიაცინტი; ტოტალი) შესხურება რეკომენდირებულია კარტოფილის აღმოცენებამდე, როცა სარეველები ასწრებენ კარტოფილის სამუშაო ხსნარის დანახარჯი 400-500 ლ/ჰა-ზე;
საყურადღებოა, რომ არ შეიძლება სუპერის შერევა იმ სხვა პრეპარატებში კომბინირებულად, რომლებიც სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგაა მიმართული; მისის შერევა შესაძლებელია იმ მხოლოდ ინსექტიციდებში, რომლებიც გამოიყენება მავნებლების წინაარმდეგ საბრძოლველად.

კარტოფილის სოკოვანი დაავადებები

რიზოქტონიოზი
რიზოქტონიოზის გამომწვევი სოკოს სპორებმა ნიადაგში შესაძლოა 7 წლამდე გაძლოს და მრავალგზის დააზიანოს მცენარე. ტუბერები უნდა დამუშავდეს დარგვამდე და დარგვისთანავე „პენსიკურანით“ ( „მონსერეი“ -თხევადი), ასევე თანაბრად უნდა შესხურდეს ნიადაგზე. ამ მეთოდით დამუშავება ხელს უწყობს ისეთი დაავადებების შემცირებას, როგორებიცაა ფუზარიოზი, შავფეხა და სხვ. ამასთანავე ტუბერის კანი მაგრდება და ნაკლებად ზიანდება, მცირდება ამოღებისას კარტოფილის დანაკარგები და შენახვისას მაღალია ტუბერის ხარისხი.

ფიტოფტოროზი
სოკო ვითარდება მიცელიუმის სახით ტუბერებზე. მისი გავრცელების ოპტიმალური პირობებია: ფარდობითი ტენიანობა – 100 % და ტემპერატურა დაახლოებით 21 0C; მჭიდროდ დარგვისას ეს დაავადება ვრცელდება ჩახუთვის გამო. სათანადო პირობებში მისი განვითარება იწვევს კარტოფილის ღეროებისა და ფოთლების გახმობას და 50 %-მდე ამცირებს მოსავლიანობას. ამიტომ წამლობების უმჯობესია დაწყებული იქნეს სისტემური პრეპარატებით.

შესხურებული უნდა იქნეს 72 %-იანი რიდომილი მც – 2,5 კგ/ჰა ან კურზატი – 2-2,5 კგ/ჰა, შესხურებული უნდა იქნას 90 % სპილენძის ქლორჟანგი 2-4-3,2 კგ/ჰა-ზე, ან კუპროქსატი – 3-5 კგ/ჰა. წამლობების მაღალეფექტურობის მიზნით წამლობები უნდა ჩატარდეს მორიგეობით, ხოლო წამლობებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 10-12 დღე. ინტერვალი წვიმებიანი ამინდის ან დაწვიმებით რწყვის დროს უნდა შემცირდეს 5-7 დღემდე. როგორც წესი, კარტოფილის სათესლე ნაკვეთებზე შეიძლება ჩატარდეს 5-6 წამლობა, ხოლო სასურსათოზე – არაუმეტეს 3-4 – ჯერ. ამ წამლობებისას შესაძლებელია მავნებლების საწინააღმდეგო წამლების შერევა და კომბინირებული შესხურება.

ალტერნარიოზი ( Alternaria solani)
სოკო ვითარდება ღეროზე. ზაფხულში, ცხელ ამინდში ჩნდება მუქი ყავისფერი ლაქა რამოდენიმე მილიმეტრიდან 1-2 სმ სიდიდით. იგი ძირითადად ვითარდება კარტოფილის ბებერ ფოთლებზე ქვემოდან, ძლიერი დაავადებისას ლაქები ერთდებიან და ფოთოლი ადრე კვდება.

ინფექცია ტუბერებში ხვდება ჭრილობიდან, რომელიც კარტოფილის ამოღების დროს შეიძლება გაჩნდეს. ამ დაავადებას თან სდევს ფუზარიოზით (მშრალი სიდამპლე) ან სველი სიდამპლით დაზიანება. მაღალი ტემპერატურის დროს აუცილებელია დაზიანებული ტუბერების მოცილება. დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია ტუბერის მექანიკური დაზიანებისაგან დაცვით.

სკლეროტინია (თეთრი სიდამპლე)
ვეგეტაციის პერიოდში შეიძლება გაჩნდეს დამჭკნარი ბუჩქი. ტენიან პირობებში ბუჩქის ქვედა ფოთლები ლპება, მშრალ ამინდში კი თეთრ შეფერვას იღებენ და იღებენ მერქნისებურ, მაგარ კონსისტენციას. ზოგჯერ ჩნდება სოკოს მფრინავი მიცელიუმი. დააავადება ნაკვეთში იწყება მექანიკურად დაზიანებული ღეროებიდან. სოკო ნიადაგში რჩება რამოდენიმე წლის განმავლობაში.

დაავადების წინააღმდეგ რეკომენირებულია გამოყენებული იქნას პრეპარატები : რონილანი – 1 კგ გახსნილი 400 ლ წყალში (ჰა-ზე) ან დეროსალი – ვდგ 80 (0,5 102/2 ღ) შესხურება უნდა მოხდეს ბუჩქის შეკვრამდე.

ვერტიცილიოზი
ამ სოკოს ორი სახეობა არსებობს, რომლებიც ერთნაირი სიმპტომებს იწვევენ. ერთი მათგანი (ალბოატრუმი), რომელიც ნიადაგში მოკლე პერიოდს ძლებს, ღეროს ქვედა ფოთლებზე ცეცხლისებრ რგოლებს წარმოქმნის, ხოლო მეორე – დალია, რომელიც ნიადაგში რამოდენიმე წელს ცოცხლობს, ნათელ, მოყვითალო ფერის რგოლებს წარმოქმნის.
მცენარიდან დაავადებული სათესლე ტუბერები მომავალში დაავადებულ შთამომავლობას იძლევა და ის სხვა მცენარეებზეც ვრცელდება. მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები მექანიზაციის საშუალებით ხდება (მწკრივთშორის სამუშაოები და სხვ).

ქეცი ჩვეულებრივი (Streptomyces scabies)
კარტოფილის დაავადებას ქეცის რამოდენიმე სახეობა იწვევს, რის შემდეგაც იგი სასაქონლო სახეს კარგავს და რეალიზაციაც შეზღუდულია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ქეცი, რომელიც მშრალ ნიადაგში აავადებს ტუბერებს. მცენარე არ ზიანდება.
მის წიანააღმდეგ გამოიყენება ტუბერის წარმოქმნის პერიოდში მორწყვის ღონისძიებები და გამძლე ჯიშების შერჩევა.
ნაცრისფერი სიდამპლე
ზრდის მაქსიმუმის მიღწევისას, ბუჩქზე შეიძლება გაჩნდეს ნაცრისფერი სიდამპლე, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ბუჩქის გარე ფოთლებს. ფოთლებზე ჩნდება ნაცრისფერი მუქი ლაქა, მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები შეზღუდულია.

ქეცი ჩვეულებრივი (Streptomyces scabies)
კარტოფილის დაავადებას ქეცის რამოდენიმე სახეობა იწვევს, რის შემდეგაც იგი სასაქონლო სახეს კარგავს და რეალიზაციაც შეზღუდულია. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი ქეცი, რომელიც მშრალ ნიადაგში აავადებს ტუბერებს. მცენარე არ ზიანდება.

მის წიანააღმდეგ გამოიყენება ტუბერის წარმოქმნის პერიოდში მორწყვის ღონისძიებები და გამძლე ჯიშების შერჩევა.

ნაცრისფერი სიდამპლე
ზრდის მაქსიმუმის მიღწევისას, ბუჩქზე შეიძლება გაჩნდეს ნაცრისფერი სიდამპლე, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში ბუჩქის გარე ფოთლებს. ფოთლებზე ჩნდება ნაცრისფერი მუქი ლაქა, მის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები შეზღუდულია.

სოკოვანი დაავდებების წინააღმდეგ გამოიყენება:

სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი 3-4 კგ/ჰა (ბორდოს ნარევი; საფა ბორდოს ნარევი; ბორდოს ნარევი მაქსი; კუპერვალი;კუპერვალი ბლუ; ჰექტაშ ბორდო) ან კუპროქსატი5ლ/ჰა;
მეტალაქსილი+მანკოები 2,5კგ/ჰა (რიდომილ გოლდი; რიდონეტი; ვიქტორი; უნივერსალი) ან
დიმეტომორფი+მანკოცები 2,5კგ/ჰა(აკრობატი; ლიდერი; ავანგარდი) სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო 2-3კგ/ჰა; კონსული 2-2,5კგ/ჰა; კოსაიდი 3-4კგ/ჰა; პროტექტ ოაშ 2-5კგ/ჰა; ჩემპიონი 4 კგ/ჰა; ) ან
სპილენძის ჰიდროქსიდი+მეთირამი (კაურიტილი 2,5კგ/ჰა) ან
სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო 3,5ლ/ჰა; კუპერმაქსი 4-8კგ/ჰა; სუპერ კოპერი 4-8კგ/ჰა; ჰექტაშბაკირი 4-8კგ/ჰა;) ან
სპილენძის ქლოჟანგი+სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი2,5კგ/ჰა ) ან
მეთირამი (პოლირამი 2,5კგ/ჰა)

კარტოფილის მავნებლები

კარტოფილის ძირითადი მავნებლებია კოლორადოს ხოჭო, ბაღლინჯოები და ბუგრები. მათ წინააღმდეგ რეკომენდირებულია ისეთი პრეპარატების გამოყენება, როგორებიცაა :
ინსექტიციდები; იმიდაკლოპრიდი 0,1კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი; იმიდორ მაქსი; მიდაში)
ალფაციპერმეტრინი 0,3ლ/ჰა (ფასტაკი; ალპაკი; სუპერ ჰექტამეტრინი) ან
ლამბდა-ციჰალოტრინი ეკ 0,15-0,2 ლ/ჰა (კარატე; ვალსამბა; კუნგ-ფუ;) ან
დელტამეტრინი ეკ 0,05-0,1ლ/ჰა (დეცის ექსტრა; დელტა; ) ან
დელტამეტრინი წდგრ 0,05-0,1კგ/ჰა (დეცის პროფი;) ან
თიაკლოპრიდი 0,2-0,25ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი;) ან
ზეტა-ციპერმეტრინი 0,2-0,3 ლ/ჰა (ფიური) ან
პრესტიჟი 1 ლ/1 ტონა სარგავ მასალაზე

პირველი შესხურება უნდა ჩატარდეს გამოზამთრებული კარტოფილის ხოჭოს გამოჩენისთანავე (აქედან იწყება პარალელურად სხვა მავნებლებთან ბრძოლა) მეორე – მეორე ხნოვანების მატლებზე შესხურებით, ხოლო მესამე და შემდგომ წამლობები უნდა ჩატარდეს მავნებლების გავრცელების რიცხოვნობიდან გამომდინარე და ა.შ. შესხურება უნდა შეწყდეს მოსავლის აღებამდე 25-30 დღით ადრე.

კარტოფილისათვის ნიადაგის მობინადრე ძირითადი მავნებელია ოქროსფერი და უფერული ნემატოდა. ოქროსფერი ნემატოდით ძლიერი დაზიანებისას, შესაძლებელია 80% მოსავლის დაკარგვა. ნემატოდით დაზიანებული მცენარე იღუპება კერების სახით, ისე, რომ ტუბერებს ვერ წარმოქმნიან. მავნებელის ცისტებს მაგარი და გარსი აქვთ, ცისტის შიგნით იმყოფება 40-დან 500 კვერცხი, საიდანაც მატლები ვითარდება. ცისტები ნიადაგში 12 წლამდე ცოცხლობენ.
ნემატიციდების გამოყენება მათ წინააღმდეგ არაეკონომიურია. რეკომენდირებულია შერჩეული იქნეს ბრძოლის ინტეგრირებული სისტემები, როგორიცაა სათესლე მასალის დაცვა დაავადებისაგან, რაც მიღწეული უნდა იქნას სწორი თესლბრუნვით. ნემატოდით დაზიანებულ ნაკვეთებზე არ უნდა დავუშვათ კარტოფილის დარგვა ერთსა და იმავე ადგილზე არანაკლებ 4-5 წლისა. ეს პოპულაციების შემცირებას იწვევს. (ამ ნაკვეთზე არ შეიძლება ასეცე ბადრიჯანისა და პომიდორის დარგვა).
კარტოფილის დარგვამდე დაზიანებული ნაკვეთებში უნდა ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი ნემატოდების გავრცელების ზონის დასადგენად. ნემატოდით დაზიანებულ ნაკვეთებზე შეიძლება დაირგოს:
• სუფთა ნაკვეთზე გამოყვანილი სერტიფიცირებული სათესლე კარტოფილი;
• ნემატოდის ინფექციის გადატანა მანქანა-იარაღებით და მიწისქვეშა წყლებით არ ხდება. ნემატოდები სიცოცხლეში მხოლოდ 30-50 სმ მანძილზე გადაადგილდებიან;
• ტარა და დამხარისხებელი საშუალებები გულმოდგინეთ უნდა იქნეს გაწმენდილი;
• განისაზღვროს ნაკვეთის დასენიანების ხარისხი;
• გამოყენებული იქნეს ნემატოდის გამძლე ჯიშები, რომლებიც უზრუნველყოფს ნიადაგში ნემატოდის შემცირებას 40-80%-ით.

ვირუსული დაავადებები

კარტოფილისათვის მნიშვნელოვანია ვირუსული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ ზიანს აყენებენ და ამცირებენ მოსავლიანობას. რეპროდუქციული მეთესლეობაში, თუ გამოყენებული არ იქნა ვირუსული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები, გარკვეული დროის შემდეგ მოსავლიანობის დანაკარგებმა შესაძლოა 20-80 % შეადგინოს. ვირუსები მხოლოდ მცენარის წვენში მრავლდება და ის კარტოფილის ფოთლების დაავადების მიზეზიც შესაძლოა გახდეს.
დაავადებული მცენარე შენიშვნისთანავე უნდა მოცილდეს ნაკვეთს. კარტოფილის ვირუსული დაავადებებიდან საყურადღებოა:
• ფოთლის სიხუჭუჭის ვირუსი, რომელიც კარტოფილის ფოთლებს ახვევს და
ახუჭუჭებს, აზიანებს ღეროების გამტარ ტრაქეებს, ფოთლებში გროვდება სახამებელი. ფოთლის დახუჭუჭება იწყება ზემოდან და ვრცელდება ქვემოთ.
• მოზაიკის ვირუსი – მცენარის ფოთლებზე წარმოქმნის უწესრიგოდ
განლაგებულ ღია მწვანე შეფერილობის ლაქებს, აფერხებს სახამებლის ფორმირებას. ასეთი სიმპტომები გააჩნია სხვადასხვა ვირუსებს. მათ მიერ გამოწვეული დაავადებების მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. დაავადებები უმეტესად ვრცელდება ბუგრების მეშვეობით, თუმცა შესაძლებელია კონტაქტური გზით გადაცემაც.
• მოზაიკის ვირუსებს მიეკუთვნება ჩვეულებრივი მოზაიკა ანუ A ვირუსი,
რომელიც წარმოქმნის მოზაიკურ ლაქებს ფოთლების ძარღვებიდან. მორიგეობით ვითარდება ღია და მუქი ლაქები, ფოთოლი ეხვევა. ამ დროს მცენარე დაზიანებულად გამოიყურება.
• X ვირუსი – დაავადებისას ლაქა მკვეთრად ჩანს ფოთლებზე, ფოთოლი გაბრტყელებულია და უხეში. ვირუსის გადატანა მწერებით არ ხდება, ვრცელდება მხოლოდ კონტაქტური გზით;
• S ვირუსი – მისთვის დამახასიათებელი არ არის დაავადების მკვეთრად გამოხატული ნიშნები, მცენარე სუსტადაა განვითარებული, ზოგიერთი მცენარეებს აღენიშნებათ ქვედა ფოთლებზე ღია მწვანე ფერის ლაქები. დაავადება მხოლოდ კონტაქტური გზით ვრცელდება.
• M ვირუსი – დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია გარემო პიროებებზე. დაავადებული მცენარისათვის დამახასიათებელია ფოთლებზე ღრმა ძარღვები, ძარღვებს შორის შეფერვა სხვადასხვაა, ფოთლების ბოლოები ზემოთაა აწეული და ოდნავ ჩახვეულია. დაავადება ვრცელდება ბუგრებისა და კონტაქტური გზით.
• F ვირუსი – ხშირად გამოხატულია ფოთლებზე ნათელი მოყვითალო ლაქებით. დაავადებულ ტუბერებისათვის დამახასიათებელია მოყავისფერო ზოლები და ლაქები. დაავადება ვრცელდება მხოლოდ კონტაქტური გზით.

ვირუსებით დაავადების თავიდან აცილებისათვის რეკომენდირებულია მცენარეთა განვითარების ადრეულ ფაზაში, კერძოდ ბუგრების გამოფრენამდე, ამოითხაროს და მოცილდეს დაავადებული მცენარეები, ანუ ჩატარდეს ე.წ. წმენდა. დაავადებული კარტოფილიდან ბუგრები სადედე კარტოფილთან ერთად უნდა მოითხაროს და ფრთხილად ჩაიყაროს ტომარაში, რათა დაავადებული ფოთლები და ბუგრები არ დაცვივდეს ნაკვეთში. შეგროვებული მასა გატანილი უნდა იქნეს ნაკვეთიდან მოშორებით და უნდა დაიწვას ან დაიმარხოს.

კარტოფილის ბაქტერიული დაავადებები

სათესლე კარტოფილისათვის საფრთხეს წარმოადგენს ბაქტერიული დაავადებები –
შავფხა და სველი თეთრი სიდამპლე.
ბაქტერიული დაავადებები ადვილად ვრცელდებია, განსაკუთრებით მოსავლის აღებისა და საწყობში შენახვისას. ვინაიდან ახლად აღებული კარტოფილის კანი მაგარი არ არის, ბაქტერია ადვილად აღწევს სიღრმეში, მითუმეტეს, თუ იგი დაზიანებულია. ბაქტერიები ვრცელდებიან ჰაერის, მწერების, გარეული ცხოველებისა და ადამიანის მეშვეობითაც.

შავფხა – დაავადების სიმპტომები თვალნათლივ ჩანს. მცენარის ღეროს წვეროები (ერთი-ორი) შეყვითლებულია. დაავადებული ღეროების მკურნალობა შეუძლებელია, რადგანაც ძირითადი ყლორტის გარდა დაავადებულია სიდამპლით სადედე კარტოფილი, ახალი ტუბერები და სტოლონები. სტოლონების მეშვეობით სიდამპლე შეიძლება გადავიდეს ახლად წარმოქმნილ ტუბერებზე და მეზობელ მცენარეზე.

ღეროს სველი სიდამპლე – მშრალი ამინდის პირობებში იწყება მცენარის წვეროს ჭკნობა, რომელიც ნალექების ან მორწყვის შემდეგ ქრება, მაგრამ დაავადება გრძელდება. დაავადება შეიძლება შეუმჩნევლად განვითარდეს მცენარის ტუბერებში, მაგრამ თუ არ მოხდა მცენარის ჟანგბადით კარგი მომარაგება ნიადაგიდან, მაშინ უკვე თვალნათლივ ჩანს ავადმყოფობა მთელ მცენარეზე და უკვე დაავადებულია ძირითადი ღერო, სტოლონები, ფესვები და ახალგაზრდა ტუბერები.

ბაქტერიული დაავადებებისაგან დაცვისათვის საჭიროა:
• კარტოფილის მოვლა-მოყვანის სანიტარიული პირობების დაცვა;
• სასაწყობე მეურნეობებში სხვადასხვა პარტიის კარტოფილის იზოლაცია, ტრანსპორტირების სანიტარიული პირობების დაცვა;
• კარტოფილი შენახული უნდა იქნეს მშრალ და გრილ ადგილას. თუ შენახვისას კარტოფილი გაღივდა, უნდა მოცილდეს და მხოლოდ შემდეგ უნდა დახარისხდეს;
• საკარტოფილე ნიადაგი კარგად უნდა მომზადდეს დარგვისათვის, შესაბამისი სტრუქტურით და აერაციით;
• დარგვისას მანქანები უნდა იქნეს სუფთა, მწკრივები უნდა იყოს სწორი, მწკივთშორისები – თანაბრად დაშორებული.

მოსავლის აღება

მოსავალი ამოღებული უნდა იქნეს მშრალ ამინდში შემჭიდროებულ ვადებში.
მოსავლის აღებისას ყველანაირი ზომები უნდა იქნეს მიღებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტუბერების მექანიკური დაზიანება და დაავადებების გადატანა. ამისათვის საჭიროა დაცული იქნეს შემდეგი პირობები:
• თავის დროზე ფოთლების ჩახმობა (სულ მცირე ორი კვირა მოსავლის აღებამდე), რათა კარტოფილის კანი გამაგრდეს;
• ნიადაგი უნდა იყოს რბილი, თავისუფალი სარეველების, ქვების, ხის ან რკინის საგნებისაგან;
• მკაცრად უნდა იქნეს დაცული მწკივთშორისები (70 სმ);
• ტრაქტორის მოდების განი უნდა იყოს 1,5 მ;
• ტრაქტორის უკანა თვალის განი არ უნდა აღემატებოდეს 25 სმ;
• გადაადგილების სიჩქარე და ჯაჭვების ბრუნვის სიჩქარე ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანაწყობილი (ურთიერთკავშირი 1:1)
• შემხმარი ფოჩის მოცილება კარგად უნდა იყოს დარეგულირებული;
• კარტოფილის ვარდნის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 40 სმ;
• სატვირთო მანქანაზე ფრთხილად უნდა დაიყაროს ან ტომრებიტ დაეწყოს,
• ტრანსპორტიორის და კარტოფილის ამომთხრელის რესტები რეზინით უნდა იყოს იზოლირებული;
• სადედე ტუბერები მაშინვე უნდა იქნეს მოცილებული ამოღებული პარტიიდან.

კარტოფილის შენახვისას მოსალოდნელი დაავადებები

შენახვისას, კარტოფილის შემოუსვლელ ან დაზიანებულ ტუბერებზე ადვილად ვრცელდება სხვადასხვა დაავადებები, მათ შორის :
ფუზარიოზი – ამ სოკოვანი დაავადების თავიდან ასაცილებლად, კარტოფილი საწყობში მოთავსებამდე ის უნდა დამუშავდეს შესაბამისი ფუნგიციდებით. დღეისათვის რეკომენდირებულია „მაქსიმ 100 fFS“-ის გამოყენება;

• ვერცხლისფერი ქეცი – დაავადებული კარტოფილის კანი მორბილო ფოროვანი ხდება, ტუბერი კარგავს დიდი რაოდენობით ტენს. დაავადება ვითარდება ახალი მოსავლის ძველი სადედე ტუბერიდან, რის შედეგადაც სოკო საწყობში შენახვის დროს ვრცელდება, ამას ხელს უწყობს ჰაერის ფარდობითი ტენიანობაც. ძლიერად ვრცელდება თებერვალი-მარტში. დაავადებული კარტოფილი ჩირის მსგავსია. სოკოს გავრცელების საწინააღმდეგოდ რეკომენდირებულია „მაქსიმ 100 fFS“-ის გამოყენება. შესხურების ნორმა 50 მლ ტონა პროდუქციაზე.
• ფომოზური სიდამპლე – რომელიც ორი სახისა. ერთი მათგანი იწვევს მძიმე ფორმებით დაავადებას, რომლის დროსაც ტუბერები ლპება, დაავადება ვრცელდება ნიადაგიდან. დაავადებულ ტუბერზე, საწყობში შენახვისას ყავისფერი, 1-3 სმ დიამეტრის მქონე ლაქები ჩნდება, რომელზედაც ჩნდება პიკნილიუმები. ეს იწვევს ტუბერის დასკდომას და სრულ ლპობას. დაავადების თავიდან აცილებისათვის რეკომენდირებულია სანიტარიული ნორმების დაცვა.
• სველი სიდამპლე – ბაქტერიის გავრცელებისათვის ხელსაყრელია ტუბერების მაღალი სინესტე და ჟანგბადის ნაკლებობა. ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა ნიადაგში კარგი დრენაჟი, მოსავლის დაუზიანებლად აღება და შესაბამისი დამუშავება.

ამ დაავადებების თავიდან აცილებისათვის, შენახვისას საჭიროა ვენტილაციის ნორმების დაცვა, კერძოდ 100 მ 3 ჰაერი საათში 1 ტონა კარტოფილის ტუბერზე.
ვენტილაცია უზრუნველყოფს:
• ზედმეტი სინესტის მოცილებას;
• ზედმეტი სითბოს მოცილებას, რათა ტუბერების ტემპერატურა აკმაყოფილებდეს შენახვისათვის საჭირო სიდიდეს;
• სუნთქვითი პროცესების დროს გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცილებას;
• სათავსოში ჟანგბადის მიწოდებას. სათავსოში რეკომენდირებულია ჰაერში 21% ჟანგბადი, მისი 5 ან 10 %-ით შემცირებისას შესაძლებელია კარტოფილის ტუბერს ე.წ. „შავი გული“ გაუჩნდეს, რის გამოც პროდუქტი კარგავს ხარისხს;
• ზედმეტი ტენის მოცილება ხდება გამოშრობით, ამ დროს კარტოფილის მინიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 12 0 C, ხოლო მაქსიმალური – 18 0 C,
• ვენტილაცია უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც გარედან შემოსული ჰაერი ისრუტავს ტენს. ტენის გასაზომად გამოყენებული უნდა იქნას ჰიგრომეტრი – ტენის გასაზომი ხელსაწყო;
• ჰაერის გამოყენება რეკომენდირებულია იმ შემთხვევაში, როდესაც სათავსოს გარე ტემპერატურა დაბალი, ვიდრე კარტოფილის. საყურადღებოა, რომ კარტოფილის ტემპერატურა არ უნდა იყოს 12 0 C-ზე ნაკლები; ასევე მაშინ, როდესაც გარე ტემპერატურა და შიგნით კარტოფილის ტემპერატურა თანაბარია, არ მოდის წვიმა და არ არის ნისლი; და როდესაც გარე ტემპერატურა მაღალია, ვიდრე კარტოფილის. სამივე შემთხვევაში აუცილებელია ფარდობითი ტენიანობის განსაზღვრა.

ღივების გამოღების შეჩერება სასუფრე კარტოფილში

ღივების გაჩენის საწინააღმდეგოდ რეკომენდირებულია კარტოფილის დამუშავება თხევადი ქიმიური საშუალებებით, რომელიც ვენტილაციისას თანდათან იქნება დამატებული. ამ საშუალებების შეტანა შესაძლებელია 4-6-ჯერ. ქიმიური საშუალებების შეტანის შემდეგ ჰაერი უნდა ცირკულირებდეს, სანამ ნისლი არ გაიფანტება. შესხურებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას „ ლიუკსან SC “ ( ქლორ UC ან ქლოროპროფარმი) .

ქიმიკატების შეტანა ხდება სვინგფოგის აპარატის საშუალებით ვენტილატორით 60 მლ/ ტ-ზე. ერთი დამუშავებისათვის საჭიროა 10-15 მილილიტრი პრეპარატი 1 ტონა კარტოფილზე.
საყურადღებოა, რომ:
• სათესლე კარტოფილი არ უნდა იქნას შენახული სათავსოში, სადაც წინა წლებში გამოყენებულია გაღივების საწინააღმდეგო ქიმიკატები. სათესლე კარტოფილი შენახული უნდა იქნას ცალკე, იზოლირებულად;
• სათესლე კარტოფილის ვენტილაცია არ უნდა ჩაატაროთ მაშინავე, თუ სასუფრე კარტოფილის საცავი დამუშავებულია გაღივების საწინააღმდეგო ქიმიკატებით, რომელიც მდებარეობს გვერდით;
• არასოდეს არ ისარგებლოთ იმ ტექნიკით, ყუთებით, ტრანსპორტით, ხის პანელებით და დამხარისხებელი მანქანებით, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ სასუფრე კარტოფილის გაღივების საწინააღმდეგო საშუალებებთან;
• კარტოფილის დახარისხება, დაზიანებული და დამპალი ტუბერების მოცილება უნდა ჩატარდეს სწრაფად, რათა სითბოს დადგომისას არ მოხდეს ღივების ფორმირება. დახარისხების შემდეგ, სათესლე კარტოფილი დათესვამდე შენახული უნდა იქნეს 3-5 C-ზე.


კარტოფილის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები

საუკეთესო ხარისხის კარტოფილის წარმოებისათვის მსოფლიოში მსოფლიოში ამჟამად ყველაზე უფრო გავრცელებულია მის ბაზოებზე მოყვანის სამანქანო ტექნოლოგია. აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ფართო გავრცელება ჰპოვა იმ ზონაში, სადაც არასაკმარისი ტენიანობა აქვთ ნიადაგებს. ეს გამოწვეულია ბაზოების შემდეგი უპირატესობით:
• ბაზოებზე ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს გარემო პირობები, მაღალი ტემპერატურის დროს, ბაზოების მაღალი სიმაღლის (0,25-0,35მ) გამო, ნიადაგი მასში ნაკლებად ცხელდება და უკეთესად ინახება ტენი;
• კარტოფილის მაღალ ბაზოებზე განლაგების გამო, მისი ტუბერი და ფოჩი ნაკლებად ზიანდება სასოფლო-სამეურნეო მანქანის სავალი ნაწილით, არ იტკეპნება ტრაქტორის თვლებით, ამის გამო იმყოფება ფხვიერ მდგომარეობაში, რაც შემდგომში უზრუნველყოფს მოსავლის აღების მექანიზირებული სამუშაოების მაღალ ხარისხს. მასიურ ბაზოებზე ტუბერები არ ამოდიან ნიადაგის ზედაპირზე, რის გამოც გამორიცხულია ნაყოფში სოლანინის დაგროვება ფოტოფტოროზით დაავადება.
• კარტოფილის მოსავლის აღების პერიოდისათვის ბაზოს ზედა ფენები კარგად არის დრენაჟირებული (დაწრეტილი) და გაფხვიერებული. ტუბერები კარგად ვითარდებიან და იქმნება ხელსაყრელი პირობები კარტოფილის მოსავლის მექანიზირებული აღებისათვის;
• ბაზო-ზოლური ტექნოლოგიის დროს შესაძლებელია ორგანული სასუქების შეტანა (ერთი ზოლი ემსახურება კარტოფილის ორ რიგს) ამით იოლდება მინერალური სასუქების შეტანა და მცირდება მისი ხარჯი 2-3 ჯერ, მცირდება რიგთაშორისებში სარეველების რაოდენობა;
• კარტოფილის ზოლზე განლაგება საშუალებას იძლევა ჩავატაროთ ნიადაგის ღრმა (0,4 მ-მდე) გაფხვიერება-დაღარვა ლოკალურად (მხოლოდ ბაზოს ქვეშ). მძიმე ნიადაგებში, რომლებიც ძლიერ იტკეპნებიან წვიმის შენდეგ, ბაზოების გაფხვიერება, მისი აერაციული თვისებების გაუმჯობესების მიზნით, ტარდება კარტოფილის დარგვიდან 7-10 დღის შემდეგ.

კარტოფილის ბაზოების მომზადება იწყება ქვებისაგან ნიადაგის გაწმენდით, რისთვისაც გამოიყენება ფირმა ,,გრიმეს” (რიმმე) მაღალეფექტური ორი მანქანა.
ბაზოების მომზადება ქვებისა და გოროხების შეგროვებასთან ერთად ამცირებს სამუშაო ოპერაციების რაოდენობას და ნაწილი საშემოდგომო ოპერაციებისა გადააქვს გაზაფხულისთვის, ამსუბუქებს კარტოფილის დარგვას, ქმნის კარტოფილის გაღვივების და აღმოცენების საუკეთესო პირობებს, ხელს უწყობს ერთი ზომის კარტოფილის ტუბერების ფორმირებას, აიოლებს კარტოფილის აღებას, როგორც კომბაინით, ისე მარტივი ტიპის ამოსათხრელებით, ამცირებს მოსავლის აღების დროს ტუბერების დაზიანებას.

კარტოფილის დარგვისათვის გამოიყენება მაღალი მწარმოებლობის ავტომატური სარგავი მანქანები. წინასწარ გაღვივებული სათესლე მასალის დასარგავად გამოიყენება სპეციალური სარგავი მანქანები, რომლებშიც ტუბერების მიწოდება სარგავ აპარატში და გახსნილ კვალში ხდება ისე, რომ გამოირიცხოს მისი ბრუნვითი მოძრაობა. სარგავ მანგანებს აქვთ დიდი ზომის სათესლე ბუნკერები, მათ შორის სათადარიგო დახრილი ბუნკერი.
დარგული კარტოფილის მოვლა-მოყვანის მექანიზირებული სამუშაოების ჩატარებისათვის მანქანების სრულყოფა ხდება იმ მიმართულებით, რომ შესაძლებელი იყოს დიდი მოცულობის, მაღალი ბაზოების და კვლების ფორმირება. ამისათვის მსუბუქ ნიადაგებში გამოიყენებიან – ხისტი დარესორებული მიწის შემომყრელები, საშუალო სიმკვრივის ნიადაგებში – ხისტი და დისკოსებრი მიწის შემომყრელები, ხოლო მძიმე ნიადაგებში – დამატებითი კულტივატორის თათები და ფრეზული ტიპის ბაზოწარმომქმნელები.
ბაზოების წარმოქმნისა და მოვლა-მოყვანის სამუშაოების ჩატარების დროს, პერიოდულად ხდება ბაზოების კვლების ძირების დაღარვა, ხოლო კარტოფილის ფოჩების ამოზრდის შემდეგ, ბაზოს წარმომქმნელ მუშა ორგანოს ეხსნება სპეციალური საცვლელი ფირფიტა.
მოსავლის აღების წინ კარტოფილის ღერო-ფოჩების დაქუცმაცებისათვის გამოიყენება სპეციალური მანქანები. ბოლო დროს ცდილობენ, რომ ამ მიზნით აღარ გამოიყენონ ქიმიური პრეპარატები. ფოჩების განადგურება ხელს უწყობს ტუბერების მომწიფებას.
კარტოფილის მოსავლის აღებისათვის გამოიყენება, როგორც შედარებით მარტივი კარტოფილის ამომთხრელ-ღვარეულებად დამწყობი მანქანები, ისე კარტოფილის ამღები კომბაინები.
კარტოფილის შესანახ სათავსოებში ჩატვირთვისა და სათავსოებიდან გადმოტვირთვის დროს დიდი ყურადღება ექცევა ისეთი სტაციონარული მანქანების შექმნას, რომლის ტრანსპორტიორებსა და დამხარისხებელ მუშა ორგანოებს ექნებათ რაც შეიძლება მცირე სიმაღლეთა სხვაობა, რათა არ მოიწვიონ კარტოფილის დაზიანება ვარდნის დროს დარტყმითი დატვირთვებისაგან.

კარტოფილის წარმოება სწორი რელიეფის მქონე ფართობებზე

ყველაზე ფართო გავრცელება ჰპოვა კარტოფილის წარმოების ევროპულმა ტექნოლოგიამ (ხშირად მას უწოდებენ ჰოლანდიურ ტექნოლოგიას, რადგანაც ჰოლანდიელებმა პირველებმა დაიწყეს ამ ტექნოლოგიის გამოყენება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში).
აღნიშნული ტექნოლოგიის თავისებურებანია – კარტოფილის თესლის დარგვა მოსწორებულ ნიადაგზე, მას შემდეგ რაც ჩატარდება ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები. ამ დროს დარგვის წინ ნიადაგს ამუშავებენ კულტივატორებით, რომელთაც გააჩნიათ აქტიური ან პასიური სამუშაო ორგანოები (ეს დამოკიდებულია ნიადაგის ფიზიკო-მექანიკურ თვისებებთან). აგრეგატის ერთი გავლით ხდება დამუშავება და ტუბერების ჩარგვა სათანადო სირღმეზე. 7-14 დღის შემდეგ ახდენენ სპეციალური ფრეზული ან პასიური ორგანოებით ბაზოების (თხემევის) წარმოქმნას, მავნებლებისაგან დაცვის მიზნით. სპეციალური ფართომოდებისგანიანი შემსხურებლის გამოყენებით ახდენენ შხამქიმიკატებით შეწამვლას.
ამ ტექნოლოგიის დროს მცენარეთა დაცვის რეჟიმი ხორციელდება რამოდენიმე ეტაპად: ნიადაგის დამუშავების და თესვისწინა დამუშავების წინ (სასუქების მობნევა, ნაკელის შეტანა), დარგვის დროს (კომბინირებული სარგავის გამოყენება, რომელსაც ერთდროულად შეაქვს სასუქი) და აღმოცენედა-ზრდის პროცესში მცენარეთა ძირებში დამატებითი საკვების შეტანა სპესიალური შემასხურებლების გამოყენებით (ამიაკი, თხევადი ნაკელი და სხვა).
აღნიშნული ტექნოლოგიის დროს ნიადაგის დამუშავების ორი ეტაპის შემდეგ ფორმირდება მაღალმოცულობიანი თხემები (ბაზოები), წვრილკოშკოვანი სტრუქტურა, რაც უხრუნველყოფს არა მარტო ტუბერების თავისუფალ ზრდა-განვითარებას, არამედ ქმნის საუკეთესო პირობებს მექანიზებული აღების დროს კარტოფილის მასისაგან მიწის სრული სეპარაციისათვის.
ვეგეტაციის დროს, რიგთაშორისებში აგრეგატების მინიმალური გავლა იცავს ნიადაგს დატკეპნისაგან, კოშტების ფორმირება იძლევა საშუალებას შევქმნათ კარგი პირობები მცენარის ზრდა-განვითარებისათვის. მსხვილი კოშტების არარსებობა აადვილებს ამღები ტექნიკის მუშაობას, სეპარაცია სრულფასოვანია, ტექნიკა ნაკლებად ზიანდება და ასევე საგრძნობლად შემცირებულია ტუბერების დაზიანება.
ზემოთ აღნიშნულმა ტექნოლოგიამ ყველაზე მეტი გავრცელება ჰპოვა ზომიერი კლიმატის და ნაკლებად დასარევლიანებული ნიადაგების პირობებში. Mისი ძირითადი უპირატესობააა – სხვადასხვა ნიადაგურ პირობებში გამოყენების შესაძლებლობა, ასევე მაღალმწარმოებლობა მოვლა-მოყვანის ყველა ეტაპზე.

კარტოფილის მოყვანის ტექნოლოგია ქვიან ნიადაგებში

მოცემული ტექნოლოგია ითვალისწინებს კარტოფილის მოვლა-მოყვანას ისეთ ნიადაგებში, როცა ნიადაგში 0-15 სმ სიღრმის ფენაში არის 50 ტ/ჰა ქვები. ნიადაგში ქვების არსებობა აზიანებს აღების დროს ტუბერებს, სწრაფად გამოჰყავს ტექნიკა მწყობრიდან, აუარესებს კარტოფილის მიწის მასიდან გაწმენდის ხარისხს და ზრდის შრომატევადობას.
ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ნიადაგის იმ ფენის წინასწარ სეპარაციას, რომელშიც განთავსებულია კარტოფილის ტუბერები. ამისათვის ახდენენ ნიადაგის ფენობრივ დამუშავებას. გაზაფხულზე გაჰყავთ კვლები სიგანით 1,5-1,8მ (დამოკიდებულია როგორია რიგთაშორის მანძილი), მძიმე ნიადაგებში ახდენენ კვლების ფრეზირებით დამუშავებას (უკეთესია ვერტიკალური ფრეზები), შემდეგ არაუგვიანეს 3 საათისა ახდენენ კვალში ნიადაგის ფენის სეპარაციას 25სმ სიღრმეზე, რომლის დროსაც ნიადაგი იძენს წვრილ კოშტოვან სტრუქტურას და თავსდება ზედა მხარეს, ხოლო ქვები და მსხვილი კოშტები თავსდება ქვედა ფენაში (ძირში), სეპარაციის დამთავრებისთანავე ორრიგიანი სარგავით ხდება კარტოფილის დარგვა მაღალ მოცულობიან 20-25 სმ-იან კვლებში.
დარგვის შემდგომ, ნებისმიერი ნიადაგის დამუშავების ოპერაციები გამორიცხულია, რათა არ მოხდეს კვლების ძირიდან ქვების მოხვედრა სეპერირებულ (გაწმენდილ) ფენაში, სადაც მოთავსებულია ტუბერი. შემდეგი ოპერაციები წარმოადგენს სარეველებთან ბრძოლას, რომელიც ხორციელდება შხამქიმიკატების გამოყენებით, სპეციალური ფართომოდებიანი შემასხურებელი აგრეგატების დახმარებით. ამრიგად, ასეთი მეთოდით კარტოფილის დარგვის შემდგომ იქმნება ყველა პირობა შენარჩუნებული იქნას მაღალმოცულობიანი კვლები, წვრილკოშტოვანი სტრუქტურით და მოცილებული იქნას ქვები ტუბერების განლაგების ზონიდან. ასევე იქმნება საუკეთესო პირობები მაღალმწარმოებლური კარტოფილის ამღები ტექნიკის გამოყენებით.
ქვიან ნიადაგებში კარტოფილის მოყვანის ტექნოლოგიას იყენებენ ისეთ ზონებში, სადაც არის საკმარისი ტენიანობა და ხანგრძლივი ვეგეტაციის პერიოდი.
საგაზაფხულო სამუშაოები იწყება ჩვეულებრივ გვიან, რადგან ნიადაგი უნდა გათბეს 15-20 სმ სიღრმეზე, ასევე დარგვის პროცესი გრძელდება სეპარაციის დაბალი სიჩქარის გამო.

This entry was posted in ბოსტნეული. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *