ვაზი

გასხვლა

სხვლა და ზომიერი დატვირთვა ხელს უწყობს უხვი მოსავლის მიღებას, ვაზის სიმაღლე ზომიერ კლიმატურ პირობებში პირველ მავთულამდე უნდა დარჩეს 0,60-1,00 მ-მდე, ხოლო დიდი ყინვების ზონაში 1,00-1,20 მ-დე. გასხვლისას ვაზის ჯიშის და სიძლიერის მიხედვით ვაზზე ტოვებენ სამამულე და სანაყოფე რქებს, სამამულე უნდა დარჩეს 2-3 კვირტზე, სანაყოფე-7-12 კვირტზე.

შეყელვა

მოსავლის რეგულირების მიზნით გაზაფხულზე, (მარტი – აპრილი) გასხვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს შეყელვა. შესაყელად გამოსადეგია სხვადასხვა მასალა: სიმინდის ფუჩეჩი, ქსოვილები, წნელები, კანაფი და სხვა.
შეყელვა მიმდინარეობს შემდეგნაირად მაგრდება ვაზი, პირველ მავთულზე ჰორიზონტალურად ან ნახევრად რკალისებურად წვერითა და შუა ნაწილით მაგრდება სანაყოფედ დატოვებული 7-12 კვირტიანი გრძელი გრძელი რქები შეყელვისას ერთმანეთს არ უნდა დავამთხვიოთ, რითაც თავიდან ავიცილებთ ჩახუთვასა და შესაბამისად მოსავლიანობის საგრძნობლად შემცირებას.

მწვანე ოპერაციები (გაფურჩქვნა)

მწვანე ოპერაციების ჩატარება მნიშვნელოვანია ვაზის ნორმალური განვითარებისთვის. გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით გახშირდა ვაზის მტევნის დამწვრობის შემთხვევები, ამიტომ გაფურჩქვნისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რათა ვაზის მტევანი ფოთლებისგან ზედმეტად არ მოშიშვლდეს და არ დარჩეს მზის სხივებისგან დაუცველ მდგომარეობაში.
1) ზედმეტი ყლორტების შეცლა არის გასხვლის დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორება. ვაზის ძირს უნდა შევაცალოთ ამონაყარი, გარდა იმ ყლორტებისა რომელთა გამოყენებაც გვჭირდება საწიდნად ან გაახალგაზრდავებისთვის.
2) ნამხარის შეცლა – ტარდება ყლორტების ახვევასთან ერთად და შემდეგ ორჯერ მაინც აქტიური ვეგეტაციის პერიოდში.
3) ახვევა შრომატევადი პროცესია, ამიტომ მის გასამარტივებლად უმჯობესია ზედა ორი მავთულის წყვილად გაბმა და ყლორტების მათ შუა გატარება.
4) ცის გახსნა ნიშნავს ზედა მავთულის მაღლა 3-4 მუხლზე ვაზის წვერების წაწყვეტას, რაც უნდა ჩატარდეს ივლისის მეორე ნახევარშიამ ოპერაციის ჩატარება უფრო ადრე არ შეიძლება.

სარეველების მოსპობა ჰერბიციდებით

კულტივაციის გარდა სარეველების მოსასპობად გამოიყენება როგორც სისტემური ასევე კონტაქტური ჰერბიციდები.
სისტემური ჰერბიციდების გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა ხსნარი არ მოხვდეს მცენარის უშუალოდ მწვანე მასას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი განადგურება. ვენახში შეიძლება გამოვიყენოთ ჰერბიციდი – სვიპი 3.0-4.0 ლ/ ჰა-ზე. Kკონტაქტური ჰერბიციდის გამოყენება როგორც სარეველების მოსასპობად ასევე შესაძლებელია მრავალწლიან ნაზარდზე ნამხრევების მოსაცილებლად.

გამეჩხერებული ვენახის შევსება

გამეჩხერებული ვენახის შევსება ხდება მწვანე ნერგის გამორგვით, დაწიდვნით, მწვანე ყლორტების გადაწვენით, რქის გადაწვენით, ვაზის მრავალწლიანი ნაწილის გადაწვენით, მთლიანი დაწვენით, ვაზის მხრის გაგრძელებით. მწვანე ნერგის გამორგვისას ვაზი ირგვება, იმ მონაკვეთში სადაც სამი და მეტი ვაზია გამოტოვებული, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში შევსება ხდება დაწინდვის მეშვეობით.

ნიადაგის მოვლა-დამუშავება ვენახებში შემოდგომის სეზონზე

შემოდგომაზე ვენახს ვამუშავებთ და ვხნავთ მოსავლის აღებისთანავე. ხვნის წინ ნიადაგში შეიტანება ორგანულ-მინერალური სასუქი (დამწვარი ნაკელი, ფოსფორი ან კალიუმი). ვენახში, სადაც ხუთ ტონა ყურძენზე მეტს არ ვკრეფთ, ნიადაგის გამოკვება არ სჭირდება, ხოლო მოხვნა ტარდება 18 -22 სმ-ზე.
ნიადაგის დამუშავება ვენახში გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში
გაზაფხულზე ხვნა ტარდება ნაზურგად-ვაზზე მოყრილი მიწის გამოცლით 15- 18 სმ სიღრმეზე. ზაფხულში, სარეველების მოსპობის და გაფხვიერების მიზნით, ნიადაგის დამუშავება ხდება 3-4 ჯერ პერიოდული კულტივაციით 8-10 სმ-ზე.

ვენახის მორწყვა
მსხმოიარე ვენახის მორწყვა ხდება ყურძნის კრეფამდე 20-30 დღით ადრე საჭიროებისამებრ.

ვაზის განოყიერება – გამოკვება

ვენახში ძირითადად გამოიყენება მინერალური სასუქი: აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი და ორგანული სასუქები: ნაკელი, ნაკელის წუნწუხი, ტორფი, კომპოსტი და მწვანე სასუქი, სიდერატები.
ვენახში ფართოდ გამოიყენება ასევე დამწვარი ნაკელი-1ჰა-ზე უნდა 30-50 ტ. ასევე გამოიყენება ორგანული მჟავების ნაკრები და პრეპარატი აგროვიტა 5 ლ/ჰა.

მოსავლის აღება, რთველი
მოსავლის აღება ტარდება სხვადასხვა პერიოდში ჯიშების მიხედვით. წვიმიან ამინდში ყურძნის მოკრეფა სასურველი არ არის, განსაკუთრებით სუფრის ჯიშებისა, წვიმაში მოკრეფილი ყურძენი შესანახად უვარგისი ხდება. მოკრეფიდან დაწურვამდე სასურველია 3-4 საათიანი შუალედის დაცვა. ვადების დარღვევა და ყურძნის დაგვიანებით დაწურვა იწვევს ღვინის ხარისხის გაუარესებას, მეორე დღისთვის ყურძნის დასაწურად დატოვება არ შეიძლება.

This entry was posted in ვაზი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *