ვაშლი

ხეხილოვანი კულტურებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვაშლის წარმოებას, რომელსაც საქართველოს მიერ წარმოებული ხილის 50 %-ი უკავია.
ფერმერმა, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებს დაიწყოს ვაშლის წარმოება, უნდა გაითვალისწინოს თავისი ზონის პირობები და ის თავისებურებანი, რომელიც ვაშლის წარმოებისათვის არის დამახასიათებელი:

ვაშლის ბაღის გაშენება მოითხოვს სერიოზულ საწყის ინვესტიციას
• ბაღი მოსავლის მოცემას იწყებს არაუადრეს მე-4-5 წლისა (დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე (ჯიში, საძირე, გასხვლა და აგროტექნიკა);
• ხილის წარმოება მოითხოვს ყველა აგროტექნიკური ღონისძიების ზუსტ და დროულად ჩატარებას;
• 1 ჰა-ზე შესაძლებელია ვაწარმოოთ 30-40 ტონამდე (ზოგჯერ 60 ტონამდეც) პროდუქცია ყოველწლიურად;
• შესაძლებელია შედარებით მცირე ფართობზე მაღალი შემოსავლის მიღება;
• ბაღის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა 25 – 30 წელი და მეტია;
• ვაშლი საექსპორტო პროდუქციაა;
• ვაშლის მოხმარება სტაბილურია და ზრდისკენ აქვს ტენდენცია.

საბაღე ნაკვეთის შერჩევა

სწორად შერჩეული ბაღი განსაზღვრავს მცენარის ზრდა-განვითარების ხასიათს, მოსავლიანობას, მოსავლის ხარისხს და ბაღის ეკონომიურ ეფექტიანობას.
ადგილის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნეს კლიმატური, რელიეფიური და ნიადაგობრივი ფაქტორები.

კლიმატური ფაქტორები

ვაშლი ზომიერი ჰავის კულტურაა და შესაბამისად, სითბოს ნაკლებ რაოდენობას მოითხოვს. გამომდინარე აღნიშნულიდან, აღმოსავლეთ საქარტველოს სამრეწველო ზონაში მისი წარმოება ზღვის დონიდან 500 მ დაბლა არ არის მიზანშეწონილი, ხოლო ხარისხიანი პროდუქცია მიიღება 700-1200 მ-ის სიმაღლემდე.
ვაშლი ერთ-ერთი ყინვაგამძლე კულტურაა. ის კარგად უძლებს -30-35 0 C ყინვას და ნორმალურად ვითარდებიან. თუმცა, ვაშლის ყვავილები სხვა ხეხილოვან კულტურებთან შედარებით უფრო მგრძნობიარენი არინ დაბალი ტემპერატურის მიმართ და მნიშვნელოვნად ზიანდებიან 0 0 C-ზე.
კლიმატური ფაქტორების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას აქტიურ ტემპერატურათა ჯამი, იმ პერიოდის ხანგძლივობა, როდესაც არ არის ყინვები, შემოდგომის ნაადრევი და გაზაფხულის ნაგვიანევი წაყინვები, ჰაერის ფარდობითო ტენიანობა, ნალექების საერთო რაოდენობა, მათი განაწილება წლის განმავლობაში, ქარის სიხშირე და სიძლიერე და სხვ.
ვაშლის ბაღის გასაშენებლად რეკომენდირებულია ისეთი ადგილების გამოყოფა, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3000-5000 0 C -ს შეადგენს. დღეთა რიცხვი, როდესაც ბიოლოგიურად აქტიური ტემპერატურა ფიქსირდება, ვაშლის საგვიანო ჯიშებისათვის არ უნდა იყოს 200-ზე, ხოლო ზაფხულის ჯიშებისათვის კი 150-ზე ნაკლები.
მცენარისათვის განსაკუთრებით საზიანოა გაზაფხულის ნაგვიანები წაყინვები, რადგან იგი ემთხვევა ყვავილობის ან ნასკვების აქტიური ზრდის პერიოდს და შესაძლოა მოსავალი სულ დაიკარგოს. ამიტომ ბაღის გასაშენებლად რეკომენდირებულია არ შეირჩეს მდინარის ნაპირები, ჩავარდნილი ადგილები, ვიწრო ხეობები, ფრდობისწინა გავაკებები და სახ.
ვაშლი ცუდად ეგუება ჭარბტენიან პირობებს. ასეთ პირობებში ვაშლი დაბალი ხარისხის მოსავალს იძლევა და ხეც ძლიერ ავადდება სოკოვანი დაავადებებით.
ნაყოფის ხარისხზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, რომლის ზღვრული სიდიდე, ნაყოფის ხარისხიანი სიმწიფისათვის, 40-50%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.
კლიმატური ფაქტორებიდან ნალექების რაოდენობისა და ქარის სიმძლავრის რეგულირებისათვის გამოიყენება მორწყვა და ქარსაფარის გაშენება.

რელიეფი

ბაღის გასაშენებლად არ არის რეკომენდირებული დაბლობი ადგილები, ჩავარდნილი ადგილები, ქვაბულები, რომლებიც ხშირად ზიანდება ყინვებისა და გაზაფხულის წაყინვებისაგან და სადაც მაღალია გრუნტის წყლების დგომის დონე. ნიადაგები ხშირად ზედმეტად გამკვრივებულია და დიდი რაოდენობით შეიცავს მავნე მარილებს.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე ფერდობების შერჩევას. ფერდობი შეიძლება იყოს აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთის და მათ შორის გარდამავალი მხარეების.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში და მთისწინა ზონებში ვაშლის ბაღის გასაშენებლად უპირატესობა ენიჭება ჩრდილოეთის, ჩრდილო-დასავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ფერდობებს, სადაც მცენარეები შედარებით ნაკლებად განიცდიან ნიადაგის გადახურებას და ტენის ნაკლებობას ზაფხულში, ყინვებისა და წაყინვების მოქმედებას ზამთარში და გაზაფხულზე.
ზღვის დონიდან 1000-1100 მ-ის ზემოთ, ვაშლის ბაღის გაშენება რეკომენდირებულია სამხრეთისა და მის მოსაზღვრე ფერდობებზე.
ვაშლის ბაღების გასაშენებლად შერჩეული უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად სწორი ან 5-6 0 დაქანების ფერდობები. თუმცა შესაძლებელია 8 0 – მდე დაქანებაზე გაშენებაც.
დაქანების მატებასთან ერთად უარესდება მისი წყლით მომარაგება, რაც უფრო მეტი დაქანებისაა სამხრეთი ფერდობები მით უფრი თბილია იგი და პირიქით.

ნიადაგები

ვაშლი ადვილად ეგუება სხვადასხვა ნიადაგებს – თიხნარებიდან მსუბუქ ქვიშნარებამდე. საუკეთესოდ ითვლება ტენით უზრუნველყოფილი და კარგად დრენაჟირებული ქვეთიხნარები, მდინარის მეორე ტერასები, მდელოს ყავისფერი და ალვიური ნიადაგები.
ვაშლის ბაღის ნაკვეთის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ნიადაგის შემდეგ ძირითად თვისებებს:
• ორგანული ნივთიერებების რაოდენობასა და ხარისხს;
• მინერალური კვების ელემენტებს;
• ნიადაგის და გრუნტის მექანიკური და მიკროაგრეგატულ შედგენილობას;
• ნიადაგში იმ მარილების რაოდენობას, რომელიც უარყოფითად მოქმედებენ მცენარის ზრდა-განვითარებაზე;
• ნიადაგის არის რეაქციას – pH;
• გრუნტის წყლების დონეს, მის მერყეობას.

ხშირ შემთხვევაში, ბაღების გაშენებას ხელს უშლის ნიადაგის არახელსაყრელი ქიმიური შედგენილობა და მაღალი ტუტიანობა.
ნაყოფიერება ნიადაგის უმთავრესი თვისებაა. ეფექტური ნაყოფიერება განსაზღვრავს ვაშლის ხარისხს და რაოდენობას.
ნიადაგის მომზადების დაწყებამდე საჭიროა გაკეთდეს ნიადაგის ანალიზი. აუცილებელია განისაზღვროს ნიადაგის pH. თუ pH 5,0-7,0-ის ფარგლებში მერყეობს, მაშინ ეს ნიადაგი ვაშლის ბაღის გასაშენებლად კარგია. თუ pH 4,0-5,0-ის ფარგლებშია, მაშინ ნიადაგი შეგვიძლია ნეიტრალური გავხადოთ რამდენიმე ტონა კალციუმის შეტანით. თუ pH 7,5-ზე მეტია, მაშინ შეიძლება რამოდენიმე მეთოდი იქნეს გამოყენებული ნიადაგის ნეიტრალიზაციისათვის.
ტუტე ნიადაგიდან მცენარის მიერ მიკროელემენტების შეთვისება შეფერხებულია, ამიტომ მცენარე ძირითადად განიცდის რკინის, მაგნიუმის და ნაწილობრივ კალიუმისა და მანგანუმის ნაკლებობასაც.
pH-ის ნეიტრალური დონის მისაღწევად, ვაშლის ბაღში წვეთოვანი რწყვის დროს უშვებენ ფოსფორის მჟავას, მხოლოდ ნერგის ფესვების გარშემო, ან გსმოყენებული უნდა იქნეს მიკროელემენტები წვეთოვანი მორწყვის სახით ან ფოთლებზე შესხურების გზით.
ნაკვეთის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს გრუნტის წყლებს, რომლებიც შესაძლოა იყის გამდინარე და დამდგარი. როდესაც დაუმლაშებელი დამდგარი გრუნტის წყლები 1,5-2 მ-ზე ახლოს არის ნიადაგის ზედაპირთან, ასეთ ნაკვეთზე შეიიძლება წარმატებით იქნსა გაშენებული ვაშლის ისეთი ჯიშები, რომლებიც წარმოებულია სუსტი ზრდის საძირეებზე. ხოლო ძლიერი და საშუალო ზრდის საძირეებზე წარმოებული ნერგით ბაღის გაშენება შეიძლება იმ ფართობზე, სადაც გრუნტის წყალი 2,5-3 მ -ზე ახლოს არ არის ნიადაგის ზედაპირთან. თუ წყალი გამდინარეა, ასეთ შემთხვევაში ვაშლია ბაღის გაშენება რეკომენდირებულია ისეთ ფართობებზე, სადაც მისი დონე 1-1,2 მ-ზეა ნიადაგის ზედაპირიდან.
თუ საბაღედ გამოიყენება ამოძირკვული ნაკვეთი, მაშინ მასზე არ შეიძლება იმავე კულტურის გაშენება, რომლითაც იგი იყო დაკავებული. ბაღის ამოძირკვის შემდეგ 1-2 წლის განმავლობში მასზე უნდა დაითესოს სათოხნი კულტურები ან მრავალწლოვანი ბალახები.

ქარსაფარი

ქარსაფარების გავლენით საგრძნობლად მცირდება ზამთრის ყინვებითა და შემოდგომა-ზამთრის წაყინვებით გამოწვეული დაზიანება.
ქარსაფარი უნდა გაშენდეს ბაღის გაშენებამდე 2-3 წლით ადრე.
ქარსაფარი ორი სახისაა:

1 – ძირითადი ანუ მთავარი ქარსაფარი ზოლები, რომელიც განლაგებულია ბაღის გარეთა საზღვარზე, პერპენდიკულარულად და ისინი პირველად იღებენ ძლიერი ქარების მოქმედებას. სუსტი ქარების ზონაში მათ აშენებენ 2-4 რიგიანს;
2 – ქარამრიდი ანუ ქარგამტეხი ზოლები, რომელსაც აშენებენ ბაღის შიგნით. მათი დანიშნულებაა შეანელონ და აიცილონ ქარის მოქმედება, რომელიც ძირითადი ქარსაფარიდან გარკვეულ მანძილზე კვლავ იძენს ძველ სიჩქარეს. ქარამრიდი ზოლები შედგება 1-2 რიგისაგან.
ქარსაფარი ზოლების გაშენებისათვის რეკომენდირებულია ვერხვი, ალვის ხე, აკაცია, ცხენის წაბლი, გლედიჩია, თელა, ნეკერჩხალი და სხვ.

ქარსაფარი უნდა გაშენდეს 2-3 წლიანი ნერგებით, ჭადრაკული წესით. რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 1,5-2 ხოლო მცენარეთა შორის – 1 მეტრი.
დაჩრდილვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია ხეხილის პირველი რიგი ქარსაცავიდან დაშორებული იყოს 12-15 სმ-ით.

ნიადაგის მომზადება

 ახლად ასათვისებელი საბაღედ გამოყოფილი ნაკვეთი უნდა გასუფთავდეს ქვებისა და ჯაგნარისაგან, ნიადაგის ზედაპირი კი მოსწორდეს გრეიდერით.
 საბაღე ნაკვეთი უნდა მოიხნეს 50 – 60 სმ სიმაღლეზე ППH -50 საპლანტაჟე გუთნით ან ПП-40 გუთნით, ფერდობ ადგილებზე, სადაც ნადაგის ჩამორეცხვის საშიშროებაა, შესაძლებელია მოხვნა 20 – 25 სმ სიღრმეზეც. საპლანტაჟედ ხვნა უნდა დასრულდეს ბაღის შემოდგომაზე გასაშენებლად – 15 სექტემბერი – 1 ოქტომბრამდე, გაზაფხულზე გასაშენებლად – 15 დეკემბრამდე.
 პლანტაჟის შემდეგ ნაკვეთი უნდა გადაიხნას, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს გაფხვიერება დისკებიანი კულტივატორის საშუალებით.
 ეფექტურია ბაღის გაშენების წინა წელს ნაკვეთზე ერთწლიანი პარკოსანი ან მარცვლოვან ბალახების დათესვა, რომელიც შემოდგომით ჩაიხვნება ნიადაგში.
 თუ გასაშენებლი ნაკვეთზე ნიადაგი ძლიერ მჟავეა, მოხვნის წინ რეკომენდირებულია მოხვნის წინ კირის შემცველი სასუქების შეტანა
 სუსტ საძირეზე დამყნობილი ვაშლის ჯიშების ფესვთა სისტემა ნიადაგში 25-30 სმ სიღრმეზე ვრცელდება, ამიტომ ნიადაგის პლანტაჟი ამ შემთხვევაში არ არის საჭირო. ამ დროს ნიადაგის მოხვნა ხდება 25-30 სმ-ზე.
 ხვნის შემდეგ, დარგვამდე ნიადაგი უნდა დამუშავდეს დისკებიანი ფარცხებით ან თათებიანი კულტივატორით.

სარგავი მასალის შერჩევის მეთოდები

სარგავი მასალის შერჩევის დროს აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს, რომ:
• ნერგი უმჯობესია იყოს ერთწლიანი. ზოგიერთ ფერმერს მიაჩნია, რომ ნერგის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ფესვთა სისტემის მდგომარეობაა, სარგავი მასალის ფესვი უნდა იყოს ძლიერი, კარგად დატოტვილი და განვითარებული.
• ნერგი უნდა იყოს სწორი ზრდის, ნამყენის ადგილიდან ნაზარდი უნდა ამოდიოდეს 90 გრადუსით ნიადაგის მიმართ, ნერგის სასურველი სიმაღლე 130 – 160 სმ-ია, ხოლო შტამბის დიამეტრი უნდა იყოს არანაკლებ 10 – 12 მმ-სა.

ნერგის დარგვის დრო

ნერგის დარგვა წარმოებს შემოდგომასა და გაზაფხულზე. უპირატესობა ენიჭება შემოდგომაზე გაშენებულ ბაღებს, რომლის საშუალო პროცენტული გახარება 96-98%-ია.
შემოდგომის ბაღი რიგი უპირატესობებით ხასიათდება:
• საქართველოს უმეტეს რაიონებში შემოდგომა ხანგრძლივია და მეტად ხელსაყრელი კლიმატური რეჟიმით გამოირჩევა;
• ნიადაგები ზამთრის პერიოდში ხშირად არ იყინება ან მათი გაყიონვა მხოლოდ ნიადაგის ზედაპირით შემოიფარგლება;
• ნიადაგის დამუშავება დროულ ვადებში არის შესაძლებელი;
• შემოდგომაზე დარგული ხეხილი ადაპტირებას, ახლი ფესვების წარმოქმნას განაგრძობს გვიან შემოდგომამდე და ზამთრის თვეებშიც, რაც ხელს უწყობს ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის ნორმალურ დაწყებას;

ნერგის ხარისხობრივი მაჩვენებლები

დღეისათვის უპირატესობა ენიჭება სუსტ საძირეზე გამოყვანილ ორწლიან ნერგებს, რომელთაც შემდეგი უპირატესობები ახასიათებთ:
• ნერგი მსხმოიარობაში შედის დარგვის პირველ წელსვე;
• სუსტად მოზარდ საძირეზე დამყნობილი ხეების ენერგია დარგვისთანავე ნაყოფის მოცემაზე იხარჯება, მცენარე იტვირთება, რისთვისაც საყრდენი სისტემა დარგვისთანავე არ არის საჭირო;
• ორწლიანი ნერგის ფორმირებისას საძირე და შტამბი ორი წლისაა, ხოლო ვარჯი – ერთი წლის. ხე უფრო ძლიერია, განტოტვა საჭირო სიმაღლიდან იწყება და გვერდითი ტოტები ვარჯიდან ბლაგვი კუთხით გამოდიან;
• ნერგის განტოტვა ნიადგის ზედაპირიდან 80-85 სმ დაშორებით იწყება;
• აქვს კარგად განტოტვილი, სულ მცირე 5-6 ნორმალური, არანაკლებ 30 სმ-იანი, ბლაგვი კუთხით გამოსული გვერდითი ტოტები;
• შტამბის დიამეტრი (იზომება მყნობის ადგილიდან 10 სმ-ის ზემოთ) ხის დარგვის მომენტისათვის 10 მმ-ზე ნაკლები არ არის. რაც უფრო მსხვილია შტამბის სიამეტრი, მით უფრო მეტ მოსავალს იძლევა ხე პირველ წლებში;

განასხვავენებ ნერგის გარეგნულ და შინაგან ხარისხს.
ნერგის გარეგნული ანუ თვალისთვის ხილული ხარისხის შეფასების კრიტერიუმებია:
• მყნობის წერტილის სიმაღლე;
• ნერგის შტამბის დიამეტრი
• ნერგის სიმაღლე;
• ნერგის განტოტვის დაწყების სიმაღლე;
• ტიტების განლაგება და მათი რაოდენობა;
• გვერდითი ტოტების სიგრძე/
ნერგის შინაგან ხარისხში იგულისხმება ხის ჯანმრთელობა ანუ ვირუსებისაგან თავისუფალი სარგავი მასალა. უვიროსო სარგავი მასალის უპირატესობებია:
• ხეების თანაბარი ზრდა-განვითარება ბაღებში;
• ნაყოფის უკეთესი ხარისხი;
• დაავადებებისადმი და მავნებლებისადმი მეტი გამძლეობა;
• სანერგეში ახალგაზრდა ხეების მეტი გახარების უნარი;
ხის შემდგომი ზრდისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მყნობის წერტილის სიმაღლეს. ეს სიმაღლე დამოკიდებულია ჯიშის ზრდის უნარზე. რაც მაღლა დაიმყნობა ნერგი, მით უფრო კარგად იზრდება იგი და მით მეტ მოსავალს იძლევა.

სარგავი მასალის მიწოდების წყაროების დადგენა

სარგავი მასალა უნდა შევიძინოთ მხოლოდ ნერგის კვალიფიცირებული მწარმოებლებისაგან, რომლებიც კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. უმჯობესია ნამყენი ნერგის შეძენა უშუალოდ სანერგეებში მწარმოებლებისაგან და არა სარგავი მასალის ქაოტურ ბაზრებზე. მაღალი ხარისხის სანერგეები განლაგებულია ძირითადად გორისა და ქარელის რაიონებში (სოფლები: სკრა, ბებნისი, ქარელი, ქიწნისი და სხვა).

ნერგის მომზადება

ნერგი დარგვის წინ უნდა გადატანილი უნდა იქნას მინდორში და დროებით უნდა დაიფლას ისე, რომ ყოველი რიგის წინ დაფლული იქნას ის ჯიში და იმ რაოდენობის ნამყენი, რამდენიც საჭიროა რიგის შესავსებად.
დარგვის წინ ნამყენს უნდა მოსცილდეს დაზიანებული ან გადატეხილი ფესვები და ტოტები. ჭრილობის განახლება დასაშვებია მხოლოდ შემოდგომაზე დარგვის დროს. გაზაფხულზე დარგვისას საჭიროა მხოლოდ დაზიანებული ფესვების მოცილება.
რეკომენდირებულია დასარგავად გამზადებული ნერგის ფესვები ამოვლებული იქნას ნაკელისა და თიხის ნარევ ხსნარში, რომელსაც დამატებული ექნება ჰეტეროაუქსინი ან კორნევინი, რომელიც თავიდან აგვაცილებს ფესვების გამოშრობას, ხელს შეუწყობს ნიადაგთან ფესვების უკეთ კონტაქტს და წარმოადგენს საკვების პირველად წყაროს.
ჰეტეროაუქსინი და კორნევინი სტიმულს აძლევს ახალი ფესვების წარმოქმნას.

ნიადაგი, განოყიერება

ვაშლის დარგვის დროს მინერალური სასუქები შეიტანება დასარგავ ორმოებში და ტრანშეებში.
ტრანშეის წესით ბაღის გაშენებისას, სუსტ საძირეებზე დამყნობილ ნერგს რგავენ თხრილში, რომლის სიღრმე შეადგენს 25-30 სმ, ხოლო ძლიერ და საშუალო საძირეებზე დამყნობილი ნერგის სიღრმე შეადგენს 45-60 სმ. თხრილის სიგანე ორივე შემთხვევაში 45-50 სმ-ია. მის ძირში ორგანული და ფოსფო-კალიუმიანი სასუქების შეტანა მექანიზებულული წესით ხდება 100 მ სიგრძის თხრილში შეიტანება 0,8-1,2 ტ ორგანული სასუქი, 6-8 კგ ფოსფორი და 1,5-3 კგ კალიუმი ან 10-15 კგ NPK.
ორმოებში ნერგების დარგვისას შეაქვთ 200-300 გრამი კომპლექსური სასუქის NPK- ს 5-7 კგ ორგანული სასუქის (ნახევრად დამწვარი ნაკელი, ტორფკომპოსტი, ბიჰუმუსი და სხვ). და ნიადაგის ნაზავი. ამის შემდეგ ორმო იფარება 2-3 სმ ნიადაგის ფენით. ხეხილის ფესვების სასუქთან უშუალო კონტაქტი იწვევს მათ დაზიანებას და გახმობას.
რეკომენდირებულია, რომ
 ბაღის გაშენებისას პლანტაჟის ქვეშ ნიადაგში შეტანილი იქნას სამი წლის მინერალური და ორგანული სასუქების დოზა.
 მსხმოიარე ბაღში ორგანული სასუქები შეაქვთ ნიადაგის შემოდგომა-ზამთრის ხვნის დროს. ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების შეტანა დასაშვებია, როგორც ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, ასევე ადრე გაზაფხულზეც.
 მინერალური სასუქების კონკრეტული დოზა უნდა დადგინდეს კონკრეტული ადგილის ნიადაგის შემადგენლობის გათვალისწინებით;
 მსხმოიარე ბაღში ყოველწლიურად გამოყენებული მინერალური სასუქების საორიენტაციო დოზებია: აზოტი – 100 კგ (300 კგ ამონიუმის გვარჯილა), ფოსფორი- (P2 O5 ) – 80 კგ და კალიუმი (K2O) – 60 კგ. ნაკელი – 30 ტონა. დაკორდებულ ბაღებში აზოტის დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 %-ით.
 აზოტიანი სასუქები უნდა შევიტანოთ ორ ვადაში – დოზის 2/3 ადრე გაზაფხულზე, ხოლო 1/3 – ყვავილობის შემდეგ.

ხეხილისათვის საჭირო კვების არე:

ბაღებში მცენარეთა სიმჭიდროვის, ანუ მცენარეტა შორის მანძილის (კვების სრის) დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას შედეგი საკითხები:
• ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორები;
• საძირეების ზრდის სიძლიერე;
• ჯიშების ზრდის სილიერე;
• მექანიზაციის გამოყენების საშუალებები;

საორიენტაციო კვების არე:

საძირე- ძლიერი (ვაშლის თესლნერგი ან მაჟალო)
ძლიერი მოზარდი ჯიშები 10-8 მ X 8 მ
საშუალოდ მოზარდი ჯიშები 8-7 მ X 7-6 მ
სუსტად მოზარდი ჯიშები 8-7 მ X 6-5 მ
საძირე – საშუალო (M4, M2, MM106, M7)
ძლიერი მოზარდი ჯიშები 7 მ X 5 მ
საშუალო და სუსტად მოზარდი ჯიშები 6-5 მ X 5-4 მ
საძირე ნაგალა(M9, M26)
ძლიერ მოზარდი ჯიშები 5-4 მ X 4-3 მ
საშუალოდ და სუსტად მოზარდი ჯიშები 4 მ X 3-2 მ

ურთიერთდამტვერავი ჯიშების განლაგება

მიზანშეწონილი არ არის სამრეწველო ბაღების ერთი ან ორი ჯიშით გაშენება. რეკომენდირებულია სამრეწველო ბაღებში 4-5 ჯიშის გაშენება.
კულტურული ვაშლის რომელიმე ჯიშისათვის დამამტვერიანებელი შეიძლება იყოს როგორც სხვა ჯიშის კულტურული ვაშლი, ასევე ველური ვაშლი. კარგი დამამტვერიანებელია ყველა სახის ველური ვაშლი, კულტურული ჯიშებიდან – აიდარედი, გოლდენი, ბრაებურნი, გალა და სხვ. საუკეთესო შედეგის მისაღებად ურთიერთდამტვერავი ვაშლის ჯიში მთელს ბაღში არსებული ხეების საერთო რაოდენობის 10%-ს მაინც უნდა შეადგენდეს.
დამამტვერიანებელი ჯიშები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
• ძირითად ჯიშებთან შედარებით 2-3 დღით ადრე უნდა იწყებდნენ ყვავილობას;
• ივითარებდნენ დიდი რაოდენობის ყვავილებს და მტვრიანებს;
• ახასიათებდეთ ყვავილობის ხანგრძლივი პერიოდი;
რეკომენდირებულია ათ ძირითად ჯიშიან რიგში ერთი რიგი ეკუთვნოდეს ურთიერთდამამტვერიანებელ ჯიშს

ბაღის გასხვლა-ფორმირების ძირითადი პრინციპები

არსებობს გასხვლის ორი ძირითადი წესი: ტოტების დამოკლება და ტოტების გამოხშირვა. ტოტების დამოკლებისას ტოტს ეჭრება გარკვეული ნაწილი, გამოხშირვისას კი ტოტი ძირში “რგოლზე” იჭრება.
• სიძლიერის მიხედვით არსებობს ძლიერი სხვლა (როდესაც ერთწლიან ტოტს ეცლება სიგრძის ორი მესამედი), ზომიერი სხვლა (ტოტს ეცლება სიგრძის ნახევარი) და სუსტი სხვლა (ტოტს ეცლება სიგრძის ერთი მესამედი);
• ძლიერი სხვლა ხელს უწყობს ძლერ ვეგეტატიურ ზრდას, ხოლო ზომიერი სხვლა ვეგეტაციურ ზრდასთან ერთად სანაყოფე ტოტების წარმოქმნას და ოსავლიანობის გადიდებას;
• ერთწლიანი ტოტები უნდა დამოკლდეს კვირტთან ახლოს, ისე, რომ ჭრილობა იწყებოდეს კვირტის ფუძესთან და მთავრდებოდეს მის წვეროსთან. ორწლიანი და უფრო ხნიერი ტოტი განტოტვის ადგილას უნდა გადაიჭრას;
• ერთწლიანი ტოტის დამოკლებისას წვეროს კვირტი გარეთ ან იმ მხარეს უნდა იყოს მოქცეული, სადაც თავისუფალი ადგილია;
• თესლოვანი ხეხილი ფორმირება შეიძლება მოხდეს შემდეგი მეთოდებით: მეჩხერსართულიანი ფორმა, დახრილ ტოტებიანი პალმეტა, შპინდელი, სლენდერ შპინდელი, პილარი და სხვა;
• პრაქტიკაში ძირითადად გამოიყენება მეჩხერსართულიანი ფორმირება, ამ დროს ხეზე შენარჩუნებულია ცენტრალური გამაგრძელებელი, რომელზეც უნდა ჩამოყალიბდეს ჩონჩხის ტოტების მეჩხერი სართულები;
• ამ წესით ფორმირებისას სართულებს შორის მანძილი უნდა იყოს 60-70 სმ, ხოლო ყოველი დაბლა სართულის ტოტი ძლიერი უნდა იყოს მის ზემოთ მყოფ ტოტზე;
• გასხვლის ვადებია: გასხვლა შეიძლება ფოთოლცვენიდან 20 – 25 დღის შემდეგ გაზაფხულზე კვირტების დაბერვამდე.

ანასხლავი ტოტები აუცილებლად უნდა შეგროვდეს, ბაღიდან გაიზიდოს და დაიწვას.

ბაღის მორწყვა

ბაღების მორწყვისას ჰექტარზე მიღებულია წყლის ხარჯვის შემდეგი ნორმები:
მძიმე და საშუალო ნიადაგებზე 800 მ3, ხოლო მსუბუქზე – 600 მ3. მორწყვა ყველაზე შედეგიანია თუ იგი ტარდება, მაშინ როცა ნიადაგის საველე ტენტევადობა 80 %-ს მიაღწევს.
ხეხილის ბაღში მორწყვა ტარდება სხვადასხვა წესით: კვლებში გაჟონვა-მოღვარვით, ჯამებში წყლის დატბორებით, სპეციალური სარწყავი სისტემების (გამფრქვევები, წვეთოვანი მორწყვა) მოწყობით და სხვ.
მოღარვით მორწყვა – ამ დროს ნიადაგი მთლიანად იფარება წყლის ფენით, რაც რიგ უარყოფით შედეგებთან არის დაკავშირებუი: საჭიროა დიდი რაოდენობით წყალი, ადგილი აქვს ნიადაგის გადარეცხვას და ეროზიას, მორწყვის შემდეგ ნიადაგი იკეთებს ქერქს, რაც აუარესებს აერაციას, რამაც შესაძლოა ნიადაგის დამლშება გამოიწვიოს;
ჯამებში მორწყვა – შედარებით ეფექტურია, ყოველი მცენარის შტამბის ირგვლივ კეტდება 1-1,5 მ დიამეტრისა და 20-25 სმ სირრმოს წრეები და ტანმიმდევრულად ივსება წყლით;
კვლებში ანუ გაჟონვითი მორწყვა – რიგთშორისებში ერთმანეთისაგან 80-120 სმ-ის დაშორებით გაჰყავთ 20-30 სმ სიღრმის და 100-150 მ სიგრძის კვლები. რაც უფრო მსუბუქი მექანიკური შედეგნილობისაა კვლები, მით უფრო ახლო-ახლო და ღრმად უნდა გავიყვანოთ კვლები. კვლებში გაშვებული წყალი გაიჟონებაბმის ორივე მხარე და დაატენიანებს მთელ ფართობს;
დაწვიმებით მორწყვა – ამ შემთხვევაში ბაღში იდგმევა სტაციონალური დასაწვიმებელი აპარატები, რომელთა საშუალებითაც ხდება წყლის თანაბარი და ზომიერი გადანაწილება მაღის მთელ ფართობზე. დაწვიმებით მორწყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერდობებზე გაშენებული ბაღებისათვის.
ტენდამაგროვებელი მორწყვა – ეს შემოდგომა- ზამთრის მორწყვაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლიანობის გაზრდისა და მცენარის ყინვაგამძლეობისათვის. ის დადებითად მოქმედებს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მცენარეში ორგანული აზოტის დაგროვებაზე.
წვეთოვანი მორწყვა – ყველაზე გავრცელებული და ეფექტური რწყვის წესია. მისი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ მცენარეს წყალი მიეწოდება ინდივიდუალურად, მინიალური დოზით. ასეთი მორწყვისას წყალი უნდა გაიწმინდოს. იგი გაივლის სტაბილიზატორს და 20 მმ დიამეტრის პლასტმასის მილებით მიემართება რიგის გასწვრივ. ყოველი მცენარისათვის მოწყობილია საწვეთურები, საიდანაც საათში დაახლოებით 2-დან 12 ლ-მდე წყალი გამოედინება; წვეთოვანი მორწყვის შემთხვევაში, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ნიადაგია, 1 ჰა-ზე გაშენებული ნერგის მოსარწყავად ერთ ჯერზე საჭიროა 60-100 ტ-მდე წყალი.
მორწყვისას წყალი ფართობზე ისე უნდა განაწილდეს, რომ თითოეულმა ხემ ტენი საკმარისი რაოდენობით მიიღოს. დაუშვებელია ცალკეულ უბნებში წყლის დაგუბება და ჭარბტენიანობა.
გაჟონვითი რწყვისათვის საჭიროა გავიყვანოთ ერთიმეორისაგან 1 – 1.5 მ დაცილებული კვლები.

მორწყვის საორიენტაციო ვადებია:
პირველი მორწყვა – ადრე გაზაფხული კვირტების გაშლამდე;
მეორე მორწყვა – ყვავილობის დამთავრებიდან 10 – 12 დღის შემდეგ;
მესამე მორწყვა – მეორე მორწყვიდან 16 – 20 დღის შემდეგ;
შემდეგი მორწყვები 16 – 20 დღის ინტერვალით (საჭიროების მიხედვით).

ანასხლავი ტოტები აუცილებლად უნდა შეგროვდეს, ბაღიდან გაიზიდოს და დაიწვას.

ხეხილის ბაღში ნიადაგის მოვლა

ნიადაგის მოვლისა და დამუშავების წესები, მორწყვისა და განოყიერებასთან ერთად, არეგულირებენ ხეხილოვანი მცენარეების ზრდასა და მსხმოიარობაზე მოქმედ ისეთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორებს, როგორებიცაა წყალმომარაგება დამინერალური კვება.
დღეისათვის ხეხილოვან ბაღებში ნიადაგის მოვლის რამოდენიმე წესი არსებობს:
შავად ხნული ანეული – ისეთი წესია, როდესაც ნიადაგი მთელი წლის განმავლობაში ინახება სუფთად, გაფხვიერებულ მდგომარეობაში. ამ მიზნით ბაღში ნიადაგის დამუშავება-კულტივაცია უნდა ჩატარდეს გაზაფხულ-ზაფხულში 3-4-ჯერ. რიგთშორისები მუშავდება გლიფოსატის რიგირ ჰერბიციდებით (რაუნდაპი, კლინი, ურაგანი, ნოკდაუნი ან სხვ) 2-4 ლ/ჰა.
მისი დადებითი თვისებებია ტენის მარაგის უკეთ დაგროვება, ნიადაგის დაცვა წყლის ზედმეტი აორთქლებისაგან, ჰაერაციისა და ნიტრიფიკაციის პროცესების გაძლიერება, დასარეველიანების საგრძნობლად შემცირება, თუმცა ამ დროს იშლება ნიადაგის სტრუქტურა, ნიადაგი ღარიბდება, ირეცხება და ძლიერდება ეროზია.

კულტურული დაკორდება – ნიადაგს ამუშავებენ მხოლოდ შტამბის გასწვრივ მცენარეთა შორისებში, ხოლო დანარჩენ ფართობზე – რიგთაშორისებში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დათესილია კულტურული ბალახეულობა, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას მულჩად. ამ დროს ბალახებმა რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა განივითაროს შეკრული მწვანე მასა. ამ დროს უმჯობესდება ნიადაგის ჰუმისის მდგომარეობა.
აღმოსავლეთ საქართველოში ვაშლის ბაღებში მრავალწლიანი ბალახებიდან შესაძლოა დაითესოს მრავალსათიბი კოინდარი, მაღალი კოინდარი, კაპოეტა, მდელოს წივანა, წითელი სამყურა, მარცვლოვანებისა და პარკოსნების ნარევის ტესვა უკეთეს შედეგს იძლევა. თესვის საუკეთესო ვადაა აპრილი-მაისი და შემოდგომა-ოქტომბერი
სიდერატების თესვა – ამ დროს მწვანე მასა ჩაიხვნება ნიადაგში მისი ფიზიკური თვისებების გასაუმჯობესებლად და მოსავლიანობის გასადიდებლად. ამ დროს ნიადაგი მდიდრდება ორგანული ნივთიერებებით, იზრდება ნაყოფიერება. სიდერატებად შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბარდა – 250-300 კგ/ჰა; ცერცვი 150 კგ/ჰა; ხანჭკოლა 150 კგ/ჰა, ცერცველა 150 კგ/ჰა; ცულისპირა 180 კგ/ჰა. იმ ადგილებში სადაც ყინვებია მოსალოდნელი, სიდერატები უნდა დაითესოს ადრე გაზაფხულზე.
მულჩირება – ერთ-ერთი ეფექტური სისტემაა, რომლის დროსაც რიგთშორისი ნიადაგი მთლიანად ან ნაწილობრივ იფარება ნამჯით, ტორფით, გათიბული ბალახით, სხვადასხვა ორგანული ანარჩენებიტ, ან სპეციალურად ამ მიზნისათვის დამზადებული ქაღალდით ან პოლიეთილენის ფირით. მულჩი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, არეგულირებს ტენის, ჰაერის და ტემპერატურის რეჟიმს, საუკეტესო საშუალებას წარმოადგენს ნიადაგის ეროზიისა და სარეველების წინააღმდეგ, აძლიერებს ნიტრიფიკაციის პროცესს. დამულჩულ ნაკვეთზე 10-ჯერ მცირდება სარეველების რაოდენობა. დამულჩვის უპირატესობების:
• დამულჩული ნიადაგის ზედაპირული ფენა კარგად ინარჩუნებს სტრუქტურას, წვიმის დროს არ ტალახიანდება, გამოშრობისას ქერქს არ იკეთებს, უმჯობესდება ნიადაგის აერაცია, უმჯობესდება ნიადაგის კვების რეჟიმი და იზრდება მოსავლიანობა;
• ნიადაგის წყალგამტარობის უნარი უკეთესია, წვიმა პირდაპირ ნიადაგს არ ხვდება და სტრუქტურას არ შლის, მცირდება ნიადაგიდან წყლის აორთქლება;
• იზრდება ვაშლის მცენარეზე ფოთლების რაოდენობა, მცენარის სიმაღლე, მატულობს გვალვა და ყინვაგამძლეობის უნარი;

მულჩირება ტარდება აპრილის ბოლოდან მაისის პირველ ნახევრამდე, მორწყვის ან წვიმის შემდეგ გაფხვიერებულ ნიადაგზე. დამულჩული ნიადაგი შემდგომში აღარანაირ დამუშავებას აღარ საჭიროებს. ორგანული მულჩის (ნამჯა, ბალახი, ბზე) სისქე დაჯდომის შემდეგ არ უნდა იოს 10-15 სმ-ზე ნაკლები.
დაუშვებელია ახალგაზრდა ბაღების რიგთშორისებში სიმინდის, შაქრის ჭარხლის და მარცვლეული კულტურების თესვა. ახალგაზრდა ბაღებში შესაძლებელია მხოლოდ პარკოსანი კულტურების (ლობიო, სოია, ბარდა) რიგგამოშვებით თესვა.

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა

ხეხილოვანი კულტურების, მათ შორის ვაშლის მავნებლებისაგან და დაავადებებისაგან დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა თესლოვანი ხილის წარმოებაში. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვისას მინიმაუმამდეა შემცირებული ქიმიური საშუალებების გამოყენება ბიოლოგიური და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

ბიოლოგიური ანტაგონისტების დაცვისა და მათი ხელშეწყობის ღონისძიებებია :
• მტაცებელი ფრინველებისათვის დასაჯდომი ქანდარების მოწყობა;
• მტაცებელი ტკიპების ხეხილის ბაღებში შეყვანა;
• მწერებზე მონადირე ფრინველებისათვის ბუდის მოსქწყობი ყუთების დაკიდება;
• თრითინებისათვის, ზღარბებისათვის და ხვლიკებისათვის თავშესაფრების შექნისათვის ქვების ან ფიჩხების გროვების მოწყობა;
• ჩიტების საბუდებლად კორომების შექმნა ისეთი მცენარეებით, რომლებიც მავნებლებს არ იზიდავენ.

მექანიკური მეთოდებია:
• ნარგავების საყოველთაო ჰიგიენის დაცვა;
• ავადმყოფი ტოტების, ყლორტების და ნაყოფების მოცილება
• ნაცრით დაავადებული და დაზიანებული ყვნავილებისა და ყლორტების სისტემატური მოციელბა;
• ბაქტერიული სიდამწვრით დაზიანებული ადგილების მოჭრა ან დაზიანებული ხეების მტლიანად ამოძირკვა;
• მავნებლების მოზამთრე ბუდეების მოსპობა. ოქროკუდას, კუნელას თეთრულას, ამერიკული თეთრი პეპელას შეგროვება უნდა დაიწყოს ფოთლების ჩამოცვენის შემდეგ, ბოდეები გროვდება როგორც ხეხილზე, ასევე ბაღის მახლობელ ბუჩქებზე;
• კობოვანი ჭრილობების დროული მოჭრა;
• მემინდვრიასთან ბრძოლა ხაფანგების საშუალებით;
• ნაქარი ხილის შეგროვება და დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში – განადგურება;
• ზამთარში ან შემოდგომაზე ცამოცვენილი ფოთლების დაწვა ან დანეშომპალება.

მსხმოიარე ხეხილის ბაღში მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებათა საორიენტაციო ღონისძიებებია:

1. გვიანი შემოდგომა-ზამთრის პერიოდი
ღონისძიებები: ნაყოფჭამიის გავრცელების საწინააღმდეგოდ საჭიროა ძირნაყარი ნაყოფების შეგროვება, ბაღიდან გატანა და მოსპობა – ნიადაგში ღრმა ჩამარხვით. ვარჯის გაწმენდა გამხმარი და ძლიერ დაზიანებული ტოტებისაგან, ნასხლავის გატანა და დაწვა. შტამბისა და ხის დედა ტოტების გაფხეკა დამსკდარი ქერქისა და ხავს-მღიერებისაგან. მორწყვა ხეების ქვეშ დატბორვით, შეთეთრება 20 %-იანი კირის რძით ან თეთრი წყალ-ემულსიანი საღებავით.
მიზანი: ღონისძიება მიმართულია ნაყოფჭამიების, მინაფრთიანას, შავი კიბოს, ციტოსპოროზის, ფარიანების, ტკიპების მოზამთრე ფაზების, ვაშლის ჩრჩილის, ბუგრების, ქეცისა და სხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ.

2. ადრე გაზაფხული, თესლოვნების კვირტების დაბერვისას
ღონისძიებები: მინერალური ზეთის 4 – 5 % ან პრეპარატი ¹30 3-4% ემულსიის შესხურება.
ღონისძიების მიზანი: წამლობა მიმართულია კალიფორნიის და სხვა სახის ფარიანების (მძივისებური, იისფერი), ტკიპების მოზამთრე ფაზების, ვაშლის ჩრჩილის, ბუგრების, ქეცისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ;

3. ფენოფაზა – კვირტების დაბერვიდან გაშლამდე
ღონისძიებები: შესხურება 3 %-იანი ბორდოული სითხით
ღონისძიების მიზანი: წამლობა მიმართულია ვაშლის ქეცის, ჟანგას და მონილიოზის წინააღმდეგ;

4. კვირტების გაშლიდან – ყვავილობის დაწყებამდე (აპრილის 2-3 დეკადა)
ღონისძიებები: შესხურება ტარდება კომბინირებული ნაზავით.
ფუნგიციდები*: სკორი (0.2-0.25ლ/ჰა), ან ზატო (0.12-0.15 კგ/ჰა), ან სტრობი (0.2-0.25კგ/ჰა), ან ანთრაქოლი ( 2-3 კგ/ჰა), ან დელანი (0.5 კგ/ჰა), ან ეუპარენი (2-3 კგ/ჰა) ან რუბიგანი (0.6-0.7 ლ/ჰა) ან ხორუსი (0.2 კგ/ჰა). ნაცრისადმი მიმღებიან ჯიშებში (აიდარედი და ა.შ) დაემატება გოგირდი (8 – 10 კგ/ჰა), ან ტოპაზი (0.3-0.4 ლ/ჰა), ან ფალკონი (0.3 – 0.4 ლ/ჰა) ან რომელიმე სხვა ნაცრის საწინააღმდეგო ფუნგიციდი+ინსექტიციდები: ბი-58 (1.5 – 2.0 ლ/ჰა), ან დურსბანი (1.5 – 2.0 ლ/ჰა), ან კარატე (0.5-0.75 ლ/ჰა), ან დეცისი (0.8 -1.0 ლ/ჰა), ან არივო,შერპა (0.3 – 0.45 ლ/ჰა), ან სუმი ალფა (0.7-1.0 ლ/ჰა), ან კონფიდორი (0.4-0.5 ლ/ჰა), ან კალიფსო (0.2-0.3 ლ/ჰა).
ეფექტურია ბაქტერიული პრეპარატების გამოყენებაც – ბიტოქსიბაცილინი 3-3.5 კგ/ჰა, ლეპიდოციდი 0.5 – 1.0 კგ/ჰა.
მიზანი: წამლობა მიმართულია დაავადებებიდან – ვაშლის ქეცის, ნაცრის, სილაქავეებისა და სიდამპლეების წინააღმდეგ; მავნებლებიდან – მენაღმე ჩრჩილების, ბუგრების, ხერხიების, მზომელების, ხვატარების, ცხვირგრძელების, ფოთოლხვევიების, ოქროკუდას და ტკიპების წინააღმდეგ.

5. ყვავილობის დამთავრებისთანავე
ღონისძიებები: წამლობა ტარდება იგივე კომბინირებული ნაზავით.
ღონისძიების მიზანი: წამლობა მიმართულია ზემოთ აღნიშნული მავნებლების წინააღმდეგ.

6. ნასკვების ფიზიოლოგიური ცვენის შემდეგ
ღონისძიებები: წამლობა ტარდება იგივე კომბინირებული ნაზავით;
მიზანი: წამლობა მიმართულია ზემოთ აღნიშნული მავნებლებისა და ვაშლის ნაყოფჭამიის პირველი თაობის წინააღმდეგ.

7. წინა წამლობიდან 12 – 15 დღის შემდეგ (ივნისის II – III დეკადა)
ღონისძიებები: წამლობა ტარდება იგივე კომბინირებული ნაზავით, ტკიპის კერებში დაემატება სანმაიტი (0.5-0.75 კგ/ჰა), ან ნისორანი (0.5-0.75 კგ/ჰა), ან ნეორონი (1.5 – 2.0 ლ/ჰა)
მიზანი: წამლობა მიმართულია ზემოთ აღნიშნული მავნებლებისა და ვაშლის ნაყოფჭამიის პირველი თაობის წინააღმდეგ.

8. წინა წამლობიდან 10 – 15 დღის შემდეგ (ნაყოფების დამსხვილება, ივლისის ბოლო)
ღონისძიებები: შესხურება ტარდება კომბინირებული ნაზავით.
ფუნგიციდებით: ზატო (0.12-0.15 კგ/ჰა), ან სტრობი (0.2-0.25კგ/ჰა), ან ანთრაქოლი ( 2-3 კგ/ჰა), ან დელანი (0.5 კგ/ჰა), ან ეუპარენი (2-3 კგ/ჰა). + ინსექტიციდებით: ბი-58 (1.5 – 2.0 ლ/ჰა), ან დურსბანი (1.5 – 2.0 ლ/ჰა), ან ან კარატე (0.5-0.75 ლ/ჰა), ან დეცისი (0.8 -1.0 ლ/ჰა).
ასევე ეფექტურია ბაქტერიული პრეპარატების გამოყენებაც – ბიტოქსიბაცილინი 3-3.5 კგ/ჰა, ლეპიდოციდი 0.5 – 1.0 კგ/ჰა.
მიზანი: წამლობა მიმართულია დაავადებებიდან – ვაშლის ქეცის, სილაქავეებისა და სიდამპლეების წინააღმდეგ; მავნებლებიდან – მენაღმე ჩრჩილების, მზომელების, ხვატარების, ვაშლის ნაყოფჭამიის მეორე თაობისა და კალიფორნიის ფარიანის წინააღმდეგ.

9. წინა წამლობიდან 10 – 15 დღის შემდეგ (ნაყოფების დამსხვილება, აგვისტოს შუა რიცხვები)
ღონისძიებები: შესხურება ტარდება კომბინირებული ნაზავით.
ფუნგიციდებით: ზატო (0.12-0.15 კგ/ჰა), ან სტრობი (0.2-0.25კგ/ჰა), ან ანთრაქოლი ( 2-3 კგ/ჰა), ან დელანი (0.5 კგ/ჰა), ან ეუპარენი (2-3 კგ/ჰა). + ინსექტიციდებით: ბი-58 (1.5 – 2.0 ლ/ჰა), ან დურსბანი (1.5 – 2.0 ლ/ჰა), ან რომელიმე სხვა ფოსფორორგანული პრეპარატი.
ასევე ეფექტურია ბაქტერიული პრეპარატების გამოყენებაც – ბიტოქსიბაცილინი 3-3.5 კგ/ჰა, ლეპიდოციდი 0.5 – 1.0 კგ/ჰა.
მიზანი: წამლობა მიმართულია დაავადებებიდან – ვაშლის ქეცისა და სიდამპლეების წინააღმდეგ; მავნებლებიდან – ვაშლის ნაყოფჭამიის მეორე თაობისა და კალიფორნიის ფარიანის წინააღმდეგ. მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება წყდება მოსავლის აღებამდე 1 თვით ადრე.
*პესტიციდების მიმართ რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად მორიგეობით გამოიყენება სტრობილურინების (სტრობი, ზატო) და სტეროლის ინჰიბიტორების (სკორი, რუბიგანი, ხორუსი) კლასის ფუნგიციდები. ასევე მორიგეობით გამოიყენება ფოსფორორგანული (ბი-58, დურსბანი), პირეტროიდული (დეცისი, კარატე, არივო) და ნეონიკოტინოიდული (კონფიდორი, კალიფსო) კლასის ინსექტიციდები.
**კომბინირებული ნაზავის დასამზადებლად საჭირო რაოდენობის ფუნგიციდს დაემატება ცალკე განზავებული ინსექტიციდი და შეივსება სათანადო რაოდენობის წყლით და მუდმივი არევით ჩაისხმევა აპარატში. ნაზავის ხარჯვის ნორმა 1 ჰა – 1000 – 1500 ლიტრია.

ვაშლის კრეფისა და შენახვის წესები

• ხილის კრეფის დაწყების ვადის საუკეთესო მაჩვენებელია ყუნწის მიმაგრების ადგილზე გაკორპებული შრის წარმოშობა.
• ხილის ოპტიმალური სიმწიფის დონის დადგენის გაუმჯობესებულ მეთოდს წარმოადგენს რეფრაქტომეტრის გამოყენება – კრეფის ოპტიმალურ ვადად ჩაითვლება საერთო შაქრების დაგროვების შეწყვეტის მომენტი, რომელიც დგინდება საერთო შაქრების სამჯერადი განსაზღვრით გარკვეული ინტერვალებით.
• დაუშვებელია წვიმის დროს და ნაწვიმარზე ნაყოფის შეშრობამდე კრეფა.
• ხილი ყოველთვის იკრიფება ყუნწით, კრეფის დროს ხე იკრიფება ჯერ პირველი იარუსის, ხოლო შემდეგ მეორე იარუსის ტოტებზე. მოკრეფილი ხილი ფრთხილად უნდა ჩაიწყოს ტარაში, დაუშვებელია ხილის დაბერტყვა ან კალათში ჩაყრა.
ხილი უნდა ინახებოდეს შესანახ საწყობში 0 – 2 გრადუს ტემპერატურაზე და 85 – 90 % ფარდობითი ტენიანობის პირობებში სპეციალურ ყუთებში, კონტეინერებში ან თაროებზე. ხილის ნაყარად დალაგებისას შტაბელის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 60 – 70 სმ.

This entry was posted in ხეხილი. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *