თხილი

თხილი კაკლოვანი კულტურაა. მისი ნაყოფი ცხიმების, ცილების , ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური მარილების მაღალი შემცველობის გამო, ფართოდ გამოიყენება ადამიანის ბალანსირებულ კვებაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, საკონდიტრო წარმოებაში, პარფიუმერიასა და მედიცინაში.

ნიადაგი

თხილი კარგად ხარობს და კარგად იტანს ნიადაგისა და ჰაერის ჭარბტენიანობას, მაგრამ სუსტად იზრდება და დაბალ მოსავალს იძლევა ზედმეტად ჭარბტენიან ნიადაგებზე. ამ მხრივ თხილის კულტურისათვის გამოსადეგია ისეთი ნაკვეთები, რომელზედაც გრუნტის წყლის დონე 75 სმ-ზე დაბალია. ასევე კარგად ხარობს ჰუმუსით მდიდარ ალუვიურ-ნეშომპალა-კარბონატულ-თიხნარ და მჟავე ნიადაგებზე. ნიადაგის მჟავიანობა (pH) უნდა იყოს 5,5-8.

თხილის გასაშენებლად საუკეთესოა კარგად დრენაჟირებული ნიადაგი. ნიადაგის ფენა უნდა იყოს არაუმცირეს 152 სმ. არ არის რეკომენდებული თხილის ბაღების გაშენება განსაკუთრებით მძიმე და მსუბუქ, ასევე ცუდად დრენაჟირებულ ნიადაგებზე. მცენარის ფესვები ნიადაგის ზედაპირიდან ერთ მეტრში ვითარდება, მაგრამ ნიადაგის ფენა საკმარისად ღრმა უნდა იყოს იმისათვის, რომ მცენარის აქტიური ფესვთა სისტემა 2-3 მეტრზე განვითარდეს.
გასაშენებლად შესაძლებელია გამოიყოს ვაკე ან 10-15 0 დაქანების ფერდობები. მცენარე ხასიათდება ზედაპირული, ჰორიზონტალურად განლაგებული ფესვთა სისტემით, რითაც ამაგრებს და იცავს ნიადაგს ჩამორეცხვისაგან.

აგროტექნიკური ღონისძიებები

ნაკვეთი უნდა მოიხნას 45-50 სმ სიღრმეზე საპლანტაჟო გუთნით. ფერდობ ადგილებზე, სადაც ნიადაგის ჩამორეცხვის საშიშროებაა, შესაძლებელია მოხვნა 20-25 სმ სიღრმეზე. ხვნა უნდა ჩატარდეს შემოდგომაზე გასაშენებლად ზაფხულის დასაწყისში – იმავე წლის აგვისტოდან ნოემბრის მეორე ნახევარი (პლანტაჟი, ჯვარედინი ხვნა, დადისკვა, დაფარცხვა, დატკეპნა) ხოლო გაზაფხულზე გასაშენებლად – წინა წლის შემოდგომით. უპირატესობა ენიჭება შემოდგომაზე გაშენებულს (15 ნოემბრიდან 15 იანვრამდე).

თხილის ხეები წყალს და მასში გახსნილ მინერალური ნივთიერებებს იწოვს როგორ ნიადაგის ზედა, ისე ქვედა ფენებიდან.

იმის გამო, რომ ზაფხულში, განსაკუთრებით ივლისსა და აგვისტოში, ნიადაგის ზედა ფენები მალე შრება, აუცილებელია ამ პერიოდში ხშირი მორწყვა. რეკომენდებულია ახალგაზრდა ხეების წვეთოვანი მორწყვა.


სარგავი მასალის მიღება

თხილის გამრავლება ხდება ვეგეტაციური გამრავლებით: ფესვის ამონაყრებით, ტოტების გადაწვენით, ბუჩქის დაყოფით.

გადაწვენით გამრავლების შემთხვევაში (თხრილში ჩვეულებრივი და ჰორიზონტალური გადაწვენით) გადასაწვენ ტოტთან ახლოს, შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე ბუჩქის ირგვლივ იღებენ 15-20 სმ სიღრმისა და 30-40 სმ სიგრძის თხრილს.

თხრილში გადაწვენილი ტოტი ერთ-ერთ ადგილზე (უმჯობესია კვირტთან ახლოს) უნდა დაიხაროს მერქნამდე, დამაგრდეს სამაგრი კაკვით და შეივსოს მიწით, საჭიროა მოირწყას, გადაწვენილი ტოტიანი მიწის ზედა ნაწილი უნდა გადაიჭრას 3-5 კვირტის სიმაღლეზე და მიმაგრდეს პალოზე.

ჰორიზონტალური გადაწვენის დროს ტოტი მთელ სიგრძეზე უნდა გადაიღუნოს 8-10 სმ სიღრმის თხრილში, მიწა არ მიეყრება. ზაფხულში თითოეული კვირტიდან ვითარდებიან ამონაყრები. როდესაც ისინი მიაღწევენ დაახლოებით 8-10 სმ სიმაღლეს, უნდა შემოისეროს ძირთან და შემოეყაროს მიწა. ამ წესით დაფესვიანების შედეგად ერთი ტოტიდან მიიღება რამდენიმე ძირი ნერგი, თითოეულს გადაწვენილი ტოტის ნაწილზე ჭრიან, იღებენ და გადააქვთ სანერგეში. ბუჩქის დაყოფით გამრავლებას იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც ნაკვეთზე ბუჩქები ჭარბი რაოდენობითაა გაშენებული და საჭიროა მათი გამოხშირვა.

უხვი ამონაყრების მისაღებად გაზაფხულზე შერჩეული სადედე ბუჩქების ირგვლივ ტარდება ნიადაგის 20 სმ სიღრმეზე გადაბარვა. თხილის ამა თუ იმ ჯიშის სადედედ შერჩეულ ბუჩქებს უნდა ახასიათებდეს:

• სათანადო ზონაში ბუჩქის ნორმალური ზრდა-განვითარება;

• მავნებელი დაავადებებისადმი კარგი გამძლეობა;

• მამრობითი და მდედრობითი ყვავილების ყვავილობის პერიოდის თანხვედრობა;

• თხელნაჭუჭიანობა და მაღალმოსავლიანობა;

• ერთი ნაყოფის საშუალო წონა 1,5-2 გრამამდე;

• გული კარგად გამაგრებული, თეთრი და ღია მოყვითალო ფერის;

• ნორმალურ მშრალ ამინდში გულის გამოსავლიანობა უნდა აღწევდეს 45 %, ხოლო ცხიმიანობა – 60%-ს.

ნერგების უკეთესად განვითარებისათვის, სადედე ბუჩქების ქვეშ, მიზანშეწონილია ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა.
ოქტომბერ-ნოემბერში ამონაყრები ფრთხილად უნდა ამოიღოთ, კარგად განვითარებული ნერგები გამოიყენება მუდმივ ადგილზე დასარგავად, ხოლო სუსტი ნერგები გადაირგვება სანერგეში მომდევნო წლისათვის.

ნერგები და მათი დარგვის წესები

თხილის ნერგი წლოვანებისა და ხარისხის მიხედვით იყოფა I და II ხარისხად. პირველი ხარისხისაა – სანერგეში დაფესვიანებული 2-3 წლიანი ნერგი, რომელსაც აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა 40-50 სმ დიამეტრით, 3-4 ნაზარდი ტოტი არანაკლებ 50 სმ სიგრძის და ფუძესთან 1-1,5 სმ სიმსხოთი. მეორე ხარისხის ნერგს უნდა ჰქონდეს ფესვთა სისტემა არანაკლებ 30 სმ დიამეტრით, 2-3 ნაზარდი ტოტი დაახლოებით 30 სმ სიგრძით და ფუძესთან 1 სმ სიმსხოთი.

თხილის კულტურების უმეტესი ჯიშები თვითდამტვერვადია, თუმცა, ზოგიერთი ჯიშის დამტვერვა ქარითაც ხდება, ამიტომ, დამტვერვის პერიოდში ქარის სიჩქარესა და მიმართულებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

თხილის ხეების უმეტესობა საჭიროებს დაახლოებით 32-40 სმ ახალ ყლორტებს, რომელზედაც ნაყოფები ვითარდება. თხილი იზრდება წინა წელს განვითარებულ ტოტებზე. რაც მეტია ასეთი ნაზარდი, მით უფრო მაღალია თხილის მოსავლიანობა.

• დარგვის წინ ნერგი საბოლოოდ უნდა შემოწმდეს და ფესვის დაზიანებული ან

წაგრძელებული ადგილები უნდა წაეკვეცოს;

• დარგვის წინ სასურველია ფესვები ამოევლოს წუნწუხში;

• სანერგიდან ამოღებული სტანდარტული ნერგი უნდა გადაიჭრას 25 სმ სიგრძეზე და

წინასწარ გამზადებულ ორმოში დაირგება 1 ან 2 ნერგი;

• ნერგის გარშემო ნიადაგი უნდა მოიტკეპნოს, მოირწყას და გაუკეთდეს ჯამი;

• დარგული ნერგი უნდა გაისხლას 25 სმ სიმაღლეზე;

• ფესვის ყელი უნდა მოხვდეს ნიადაგის ზედაპირის დონეზე.


თხილის ბაღის მოვლა

თხილის ბაღებში ნიადაგის ზედაპირიდან თხილის ძველი ნაყოფების მოსაცლელად და მცენარეული საფარის მოსაჭრელად გამოიყენება სათიბელა, რომელიც ამავე დროს ხელს უწყობს ფოთლებისა და ჩამოცვენილი ნაყოფით ნიადაგის მულჩირებას.

თხილის ბაღის თოხვნა უნდა ჩატარდეს მოსავლის აღებამდე 30 დღით ადრე. ამ დროს ხდება ხეხილის ბაღის ზედაპირის მოსწორება და ცარიელი ნაყოფების მოცილება. რეკომენდირებულია თოხვნა მოსავლის აღების შემდეგ და სეზონზე 4-6-ჯერ.

თოხვნისათვის გამოყენებული უნდა იქნეს 40 ცხენის ძალის მქონე ტრაქტორი და 2,5-2,75 მეტრი სიგანის მქონე ფრეზი.

ნიადაგის გათოხვნა მიზანშეწონილია ზედაპირიდან 0,6 სმ სიღრმეზე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ნიადაგიდან წყლის აორთქლება და შენარჩუნებულ იქნეს ნიადაგის ტენიანობა;

გათოხნილი მცენარეული საფარი უნდა მოცილდეს. რაც უფრო ნაკლებია მცენარეულობა, მით ნაკლებ წყალს მოიხმარენ სარეველები და ნიადაგის სინესტე გაცილებით მაღალი რჩება;

იმ შემთხვევაში, თუ თხილის ბაღში გამოყენებულია საფარი კულტურა, დათოხვნისას დატოვეთ მხოლოდ 2,5 სმ სიღრმეზე;

ახალგაზრდა თხილის პლანტაციებში (1-4 წლამდე) ნაკელი და მისი შემცველი სხვა ორგანული სასუქი ყოველწლიურად შეტანილი უნდა იქნეს ერთ ბუჩქზე 10-15 კგ-ს რაოდენობით, 4-6 წლამდე 15-20 კგ, სრულ მსხმოიარობაში (6-8 წელი) 20-30 კგ.

საჭიროა შეტანილი იქნეს მინერალური სასუქები – 200 კგ “ამოფოსი”, N12% P52% – შეიტანება ძირითად განოყიერებაში, დარგვის დროს ან “დიამოფოსკა” N10% P28% K26% -250-300კგ შეტანის ნორმა დაზუსტებული უნდა იქნეს ნიადაგის გამოკვლევების შედეგებით. შეიტანება ძირითად განოყიერებისას, ნიადაგის დამუშავების დროს, ვეგეტაციის პერიოდში (2-3 წელიწადში ერთხელ).

თხილის ბაღებში ნიადაგის მოვლის შემდეგი სისტემები გამოიყენება:

• შავადხნული;

• ანეული, სიდერატების თესვა;

• მრავალწლიანი ბალახებით დაკორდება;

• სათოხნი ან ბოსტნეული კულტურების თესვა.

კონტაქტური ჰერბიციდებით დამუშავებული ანეული ნაკვეთი მუშავდება ჯერ ჰერბიციდებით.

ჰერბიციდების გამოყენება

ვიწრო მწკრივში ჰერბიციდების შეტანა ქიმიური მეთოდით თიბვას ნიშნავს, რაც თავისთავად ხელს უწყობს თხილის ბაღის საფენის თოხვნის ჯერადობის შემცირებას. რეკომენდირებულია გლიფოსატი 3ლ/ჰა (ურაგან ფორტე, კლინი, დომინატორი, ნოკდაუნი, შოკი,ტოტალი) სამუშაო ხსნარი 300ლ/ჰა

იმისათვის, რომ ნაკლები რაოდენობით ჰერბიციდები იქნეს გამოყენებული, შესაძლებელია თოხვნისა და ჰერბიციდების გამოყენების ღონისძიებათა კომბინირება. იმ შემთხვევაში, თუ ჰერბიციდების გამოყენება ხდება ხეების მწკრივში, მაშინ თოხვნა საჭიროა ხეების მწკრივთა შორის.

თოხვნამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ზოგიერთი სარეველა მცენარის გამრავლებას (მაგ. ბურბუშელა). ამ შემთხვევასი რეკომენდირებულია 2,4 –D ჰერბიციდის გამოყენება.


სარეველებთან ბრძოლა

სარეველებთან ჰერბიციდების გამოყენებით ბრძოლის ალტერნატიული ღონისძიებაა მულჩირება, რომელიც არამარტო ამცირებს სარეველების გამრავლებას, არამედ ხელს უწყობს ნიადაგში ტენის შენარჩუნებას. მულჩირებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნახერხი, თივა, ნამჯა, ნაკელი და სხვ.

მულჩირება არ საჭიროებს თოხვნას. მულჩის ნარჩენები კი ზრდის თხილის მოსავალს.

ვეგეტაციის პერიოდში სარეველების შესამცირებლად რეკომენდირებულია ჰერბიციდების – ფლუფოსინატი ან გლიფოსატის გამოყენება;

გლიფოსატის გამოყენება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რამდენადაც თხილის ხის ფოთლებსა და ახალგაზრდა ღეროებზე მისი მოხვედრა შეიძლება მცენარისათვის საზიანო აღმოჩნდეს.

რეკომენდირებულია ახალგაზრდა ხის ქერქის შეთეთრება ლატექსის სპეცილური საღებავით. გლუფოსინატის და პარაქვატის გამოყენებით შესაძლოა ღილღვებთან და სარეველებთან ბრძოლა;

ნიადაგის განოყიერება

ნიადაგის სიმჟავე (pH) შეამოწმეთ წელიწადის ნებისმიერ დროს, როდესაც მიწა მშრალია. ნიადაგის pH-ის ოპტიმალური მაჩვენებელი 6,5-ია.

სასუქის საჭირო რაოდენობის დასადგენად, აგვისტოში შეამოწმეთ ფოთლების შუა ზოლის ნაზარდი.

ნიადაგის გასანოყიერებლად 1 ჰექტარზე NPK -ს რეკომენდირებული დოზაა 90 კგ აზოტი; ურეა – 46-0-0.

რეკომენდებულია შემდეგი სასუქების გამოყენება:

აზოტი (N) – 0,7-0,9 კგ ერთ ხეზე მობნევით და თანაბრად უნდა განაწილდეს; მისი შეტანა სასურველია შარდოვანას სახით მარტში ან კვირტების ფაზაში; ახალგაზრდა ხეებს ნაკლები რაოდენობის აზოტი ესაჭიროება. თუ ბაღის გაშენება ახალგაზრდა ხეებით ხდება, აზოტის შეტანა რეკომენდირებულია მეორე წელს (60 გ ერთ ხეზე).

კალიუმი (K) – კალიუმის გამოყენება უნდა მოხდეს საჭიროების მიხედვით, გამოიყენეთ იშვიათად, გამოყენების რეკომენდირებული დოზაა 2,75-4,5 კგ ერთ ხეზე

ბორი ( B) ბორის გამოყენება 5 წელზე ახალგაზრდა ხეებში დაუშვებელია !

თუ ფოთლის შემოწმებით დადგინდება, რომ ბორის შემცველობა 0,9 გ/მლ-ზე მეტია, ბორს ნუ შეასხურებთ! ბორის შეტანა ხდება მაისის შუა რიცხვებში ან ივნისის დასაწყისში 2,25-3 კგ ერთ ჰექტარზე, ფოთლებზე მისხურებით.

კირი – კირი გამოიყენება ნიადაგის სიმჟავის – pH-ის გაზრდის მიზნით და ხეებისათვის აზოტის, კალიუმისა და მაგნიუმის შეთვისების ასამაღლებლად.


ბაღის გასხვლა

ნაყოფის განვითარებისათვის საჭიროა ახალი ტოტები და მათ მისაღებად საუკეთესო საშუალებაა გასხვლა.

დარგვიდან მესამე – მეოთხე წელს თხილის ახალგაზრდა მცენარეთა ფესვის ყელიდან ამონაყარი უნდა გაისხლას და ბუჩქში დარჩეს მხოლოდ 3-5 ახალგაზრდა ყლორტი.

სრულმოსავლიან ბაღებში თხილის ბუჩქი შესაძლებელია შედგებოდეს 6-12 ღეროსგან.

გასხვლა არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ყლორტების ზრდასთან ერთად მაღალი მოსავლის მიღებას, ამიტომ მოსავლის გაზრდის მიზნით, ყლორტები 32-40 სმ-მდე უნდა გაიზარდოს, გარდა ამისა, გასხვლა აჯანსაღებს ხეს.

გასხვლისას უნდა მოცილდეს ყველა გამხმარი, ხმელი და დაავადებული, ასევე გადაჯვარედინებული ტოტები, რომლებიც ქარის დროს ეხებიან ერთმანეთს, აზიანებენ ქერქს და იწვევენ დაავადებების განვითარებას; ასევე უნდა მოცილდეს ისეთი ტოტები, რომლებიც შეიძლება ჩამოტყდეს, ანდა აქვს მექანიკური დაზიანებები.

სხვლა ამაღლებს ვარჯს, აფართოვებს ბაღის ფეხით სასიარულო, სატრანსპორტო ან ვიზუალურ ზონას, აუმჯობესებს ხის ესთეტურ სახეს და ამასთანავე ზრდის მის ღირებულებას, ამავე დროს ანელებს ხის ვეგეტატიურ ზრდას ზედმეტი ფოთლების დროულად მოცლებით; იზრდება თხილის მსხმოიარობა, სცილდება ტოტები, რომლებიც ქვემოდან ზემოთ იზრდება, ინარჩუნებენ ნაყოფის ყუნწებს ნაყოფებით ოპტიმალური დატვირთვის გამო.

გასხლული ხის ტოტებს ყინვა და თოვლი ნაკლებად აზიანებს, ტოტები მაგრდება, ფორმა ეძლევა ხეს და სინათლის შეღწევა ვარჯში მატულობს; სწორად გასხვლისას, ყოველწლიურად ხეების 20%-ის 1/3 სანაყოფე ტოტები უნდა გაისხლას; თითოეული ხე 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაისხლას.

ხეების გასხვლისათვის საუკეთესო დროა მოსვენების პერიოდი, როგორც წესი -ზამთრის პერიოდი (ნოემბერი-მარტი), თუმცა გასხვლა შესაძლებელია შესრულდეს წლის ნებისმიერ დროს, საჭიროების მიხედვით. მაგ. გამხმარი ან დაავადებული ტოტების მოცილება ნებისმიერ დროს შეიძლება – რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. საყურადღებოა, რომ ხეების გასხვლისას მოსვენების სეზონზე გასხვლა გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს ხის ზრდაზე, ხოლო ზრდის პიკში შესრულებული გასხვლა ანელებს ზრდას, ვინაიდან აცილებს იმ ფოთლებს,რომლებიც გამოიმუშავებს ზრდის ელემენტებს, მაგრამ ზაფხულობით ხშირმა სხვლამ შესაძლოა დააზიანოს ხე. გასხვლა გაზაფხულზე (მოსვენების შემდგომი პერიოდი) და შემოდგომით (მოსვენებამდე) როგორც წესი, ყველაზე ნაკლებად სასურველი დროა, ვინაიდან მცენარე ამ დროს ყველაზე სუსტია.

გასხვლა უმჯობესია ადრე, ვიდრე გვიან. როდესაც მცენარის ნაწილებს აჭრით, რჩება ჭრილობა, რომელიც მგრძნობიარეა მავნებლებისა და დაავადებების მიმართ. პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ხე ყოველთვის გასხალით ისე, რომ დარჩეს მინიმალური ზედაპირის ჭრილობები.

გასხვლისათვის რეკომენდირებულია გამოყენებული იქნას:

ხელის სეკატორი (ოვალური და არა გრდემლის ტიპის)

გრძელტარიანი საჭრელი- 45 (წრიული და არა გრდემლის ტიპის)

ხელის ხერხი- 30-40 სმ; (ხელსაწყოს დეზინფექციისათვის რეკომენდირებულია ერთი ბოთლი სპირტი ან 10:1 გაზავებული მათეთრებელი)

სიმაღლეზე საჭრელი სეკატორი – 3 მეტრი სიგრძის

შიდაწვის ან ელექტროხერხი (ალტერნატივა)

ღიღველებთან ბრძოლა

ღიღველა არის ხის ძირიდან ამოზრდილი ყლორტები. მათთან ბრძოლა აუცილებელია, ვინაიდან ხშირ ისინი თრგუნავენ ხეს.

ხის ძირს საშუალოდ 4-8 კალამი აქვს. რეკომენდირებულია 4-6 კალმის დატოვება. მეტის შემთხვევაში თხილის ნაყოფი განშტოებების ადგილას გაიჭედება და მოსავლის აღებისას ვერ ჩამოცვივდება;

ღიღველების 15,25-23 სმ სიმაღლემდე გაიზრდის შემთხვევაში, დაამუშავეთ ისინი 2,4 ამინის მარილით, ან გრამოქსონით სველ ფოთლებზე (გამოიჩინეთ სიფრთხილე);

შესხურებამდე 1 ლიტრი გრამოქსონი აურიეთ 400 ლიტრ წყალში. რეკომედირებულია წელიწადში 3-4 ჯერ შესხურება;

შესხურება უმჯობესია ღრუბლიან ამინდში ან საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ.

მავნებლებთან ბრძოლა

თხილის ნარგავებზე 300-მდე მავნებელ-დაავადებაა აღრიცხული, მათ შორის: მავნებლები – თხილის ცხვირგრძელა, კვირტის მეგალე ტკიპა, მურყნის ფოთლიჭამია, თხილის შავი ხარაბუზა, თხილის ბუგრი, ამერიკული თეთრი პეპელა. დაავადებები – ნაცრისფერი, ყავისფერი და ნაყოფის ვარდისფერი სიდამპლეები, ფოთლის სილაქავეები და ფუზარიუმი. ბოლო წლებში გამოვლენილია ვირუსული ავადმყოფობებიც.

მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ საჭიროა ჩატარდეს აგროტექნიკური, სანიტარულ-ჰიგიენული და ქიმიური ღონისძიებები:

თხილის გრძელრქიანი ხოჭო – ტოტიხვრეტია (Oberea linearis)

შავი ფერის, ყვითელი ფეხებით, გრძელი და ვიწრო სხეულით, მოზარდები გაზაფხულზე ჩნდებიან, მდედრები კვერცხებს ტოტების ქვეშ დებენ. მათთან საბრძოლველად რეკომენდირებულია მიწაზე დაფენილ თეთრი ქსოვილზე, ჯოხით დაბრეტყვა. მოზარდებზე მონიტორინგი უნდა ჩატარდეს მაის-აგვისტოში, ისინი ძირითადად ივნისსა და ივლისში გამოჩნდებიან. მოზარდების მიგრაციის პერიოდის დადგენისთანავე, შესაძლებელია ქიმიკატების გამოყენება;


ფოთოლხვევია ჩრჩილი – (Machimia tentoriferella)

კვერცხები გამოიზამთრებენ და მატლები იჩეკებიან აპრილსა და მაისში; მატლები ივებებიან ამოზრდილი კვირტებით. თუ მატლები უკვე გამოჩნდებიან, პრევენციული ღონისძიებები რთულდება. ინსექტიციდების გამოყენება იმ დროს, როდესაც მატლები ძალზე პატარაა, შეამცირებს მომდევნო თაობების რაოდენობას;


ზამთრის ჩრჩილი (Operophtera brumata)

შეფერილობა ღია მწვანეა, როდესაც მატლის სტადიაშია და ისინი აზიანებენ კვირტებსა და ფოთლებს.

თუ ასეთი ჩრჩილები უკვე ხილვადია, უმჯობესია ქიმიკატით შეწამვლა მომდევნო წლის ჩრჩილების საწინააღმდეგოდ;


ფოთოლხუჭუჭა მუხლუხოები ( Calpodes ethius)

მათ წინააღმდეგ შესხურება უნდა დაიწყოა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში. მუხლუხოები წელიწადში ერთ თაობას იძლევიან, ამიტომ, როგორც წესი, არაა საჭირო მისხურება ფოთოლცვენის შემდეგ; შესხურება უნდა ჩაატაროთ 20-25%-იანი ინვაზიის დროს;

შესასხურებელი შეიცავს Bt -ს მსხვილი ინვაზიებისათვის და სპინოსადს (ორგანული ქიმიკატი), ფოთოლხუჭუჭა მუხლუხოების შედარებით მცირე პოპულაციისათვის.


ამერიკული თეთრი პეპელა (Hyphantria cunea)

შავთავიანი მწერებია. მათი დადგენა შეიძლება კვერცხების მიხედვით, ყვითეი და დაჯგუფებული მატლების მიხედვით, მოყავისფერო-ნაცრისფერი მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე; ბრძოლის ეფექტური საშუალება, სანამ მატლები პატარაა არის ბაქტერია Bt.


კვირტის ტკიპები ( Phytocoptella avellanae)

მათი იდენტიფიცირება ხდება თეთი, სიგარის ფორმის სხეულით; ისინი იზამთრებენ მსხვილ კვირტებში, ამიტომ, იმის დასადგენად თუ რამდენად არიან გავრცელებულნი, უმჯობესია შემოწმდეს შეჭმული კვირტები. ნიმუშის აღება უნდა მოხდეს მარტში ან აპრილში 20 მარტიდან 20 აპრილამდე პერიოდში, როდესაც ყლორტზე სამი ფოთოლია, რეკომენდირებულია ქიმიკატის – ენვიდორის გამოყენება.


ბუგრები (Corylobiumn avellanae)

მცირე ზომის, რბილი, მსხლისებური ფორმის მწერებია, ჩვეულებრივ შეინიშნებიან ფოთლების ქვეშ.

ნიმუშების აღება იწყება აპრილიდან. თითოეულ ხეზე სამ ადგილას უნდა იქნეს არჩეული დაბოლოებები და ბუგრები უნდა დაითვალოს გაშლილ ფოთლებზე; ბუგრები დათვლილი უნდა იქნეს ყოველი წლის იმავე პერიოდში აპრილში, მაისში, ივნისში და ივლისში. თუ დათვლილი იქნება 20,20, 40,40 ბუგრი, ე.ი. ზღვარი მიღწეულია; ამ შემთხვევაში საჭიროა შეხურებული იქნას აცეტამიპრიდი, მაგრამ არაუმეტეს 4-ჯერ სეზონზე. ზოგჯერ შესაძლებელია აღმოჩენილი იქნას ბუგრების მუმიები, რომელთაც არ უნდა შეასხუროთ. ესენი პარაზიტი მტაცებლებია, რომლებიც თხილის ბუგრებს ებრძვიან.

რეკომენდირებულია მდელოების ყვავილოვანი მცენარეების მოშენება, რაც ხელს უწყობს მტაცებელი პოპულაციების გამრავლებას.


ხის კიბო

ხის კიბო ახალგაზრდა, 6 წლამდე მცენარეებზე შეინიშნება. ის აზიანებს მცენარის ქსოვილებს და იწვევს სწრაფ გაუფერულებასა და ჭკნობას. მისი გავრცელება შესაძლებელია ხიდან ხეზე ბაღის სეკატორით. ამიტომ მიზანშეწონილია სეკატორების დეზინფექცია მათეთრებლით ან 70% სპირტის ხსნარით. კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა სპილენძის შემცველი პრეპარატების გამოყენება სექტემბერში და მარტში. დაავადება იწყება ფოთლის ნაწიბურიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია პრეპარატის გამოყენება ფოთოლცვენამდე. მისი გამოყენება ამცირებს ბაქტერიულ პოპულაციას, ქერქის კიბოს ამცირებს ასევე წვეთოვანი მორწყვაც.

თხილის აღმოსავლური კიბოს გამომწვევის სპორები ვრცელდება ხეზე და ხეებს შორის ქარისა და წვიმის საშუალებით. საინკუბაციო პერიოდი 12-15 თვეა, ამ დროს სიმპტომები არ ვლინდება. ზაფხულის ბოლოსა და ზამთარში ხეები კარგად უნდა დათვალიერდეს. თუ ამ დროს ტოტებზე მკვდარი ფოთლებია მიმაგრებული, შესაძლებელია დაინფიცირება უკვე მოხდა. სიმპტომების აღმოჩენისთანავე, ტოტი ინფიცირების ადგილიდან 3-9 მეტრზე უნდა გაისხლას. ფუნგიციდების შესხურება უნდა მოხდეს გაზაფხულზე, დაკვირტვამდე (მარტი, აპრილი, მაისის დასაწყისი) და ამის შემდეგ ყოველ 10-14 დღეში.

მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყენება:

ციპერმეტრინი 0,2-0,35 ლ/ჰა (არივო; ალექსანდერი; რივომეტრინი; ციპერსანი) ან

დელტამეტრინი ეკ 0,05-0,1ლ/ჰა (დეცის ექსტრა; დელტა ) ან

დელტამეტრინი წდგრ 0,05-0,1კგ/ჰა (დეცის პროფი) ან

თიაკლოპრიდი 0,2-0,25ლ/ჰა (კალიფსო; ულტრატოქსი)

მავნე ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენება:

ტებუფენპირადი 0,3-0,5კგ/ჰა(მასაი; ტალავი) ან

ბრომპროპილატი 1,5-3ლ/ჰა (ნეორონი; ფაქტორი;) ან

სპირიდიკლოფენი 0,4-0,6ლ/ჰა (ენვიდორი) ან

პროპარგიტი 1,5-3 ლ/ჰა (ომაიტისაფმაიტი; ვალსარგიტი; პროპაფექტო; ) ან ბიფენტრინი 0,3-0,4 ლ/ჰა (ტალსტარი; ინსაკარი; პირინექს სუპერი)

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება:

ფუნგიციდები-დიფენოკონაზოლი-0,2ლ/ჰ (სკორი; სკორპიონი; ფუნიქსი; დივიდენდი; ) ან

ტრიფლოქსისტრობინი 0,15-0,2კგ/ჰა (ზატო; ფლინტი; ტრიდე;) ან

კრეზოქსიმ მეთილი0,2კგ/ჰა (სტრობი; სტრობსტარი; პროგრესი)

მზის დამწვრობა

ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც ხეების წვეროები არ იზრდება იმდენად, რომ მოუჩრდილოს ქის ქვედა ნაწილს. განსაკუთრებით ზიანდება ახალგაზრდა ხეები. რეკომენდირებულია ხის თეთრი საღებავის გამოყენება სინათლისაგან დასაცავად, სანამ ხეები 3-4 წლის არ გახდება. საღებავის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გაკეთდეს ნიადაგის ზოლიც.

ხავსები და ლიქენები

ხავსი ძირითადად ჩნდება ჩრდილსა და გაუსხვლელობის დროს. სპილენძისა და გოგირდოვანი კირის მისხურება ამცირებს ხავსის რაოდენობას. შეწამვლა საჭიროა ზამთრის დასაწყისში ან გაზაფხულზე – მარტის დასაწყისში. ხავსი და ლიქენები განადგურების შემდეგ ხიდან თვითონვე ჩამოცვივდებიან.

მოსავლის აღება

თხილის მოსავლის აღება ხდება მაშინ, როცა ნაყოფის ტენიანობა 20%-ს მიაღწევს. საადრეო ჯიშების აღება ხდება ივლისის შუა რიცხვებიდან, საგვიანო ჯიშების სექტემბრის დასაწყისიდან. მოსავლის აღება გრძელდება 30-40 დღემდე. ბუჩქები რამდენჯერმე უნდა დაირხეს. ისეთი ჯიშები, რომელსაც არ ახასიათებს ჩენჩოდან თხილის ადვილად გაცლა, უნდა მოთავსდეს გროვებად გადახურულ შენობაში 3 დღით, ხშირად ურევენ, რომ არ მოხდეს ჩახურება ან ჩაშავება. ამ დროს მიდის ფერმენტაცია, ჩენჩო რბილდება, ადვილად სცილდება ნაყოფს და სრულდება სიმწიფე.

ნაყოფი უნდა დაიყაროს შენობაში თხელ ფენად, სადაც ნიავი უვლის და უნდა გადაინიჩბოს რამდენჯერმე, შენახვის წინ ტენიანობა უნდა იყოს 6-7%, ეწყობა შტაბელებად ან შეინახება ყრილის სახით ხის იატაკზე.

This entry was posted in კაკლოვნები. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *