ჟოლო

ჟოლო უძვირფასესი კენკროვანი კულტურაა. მისი ნაყოფი არომატული და მდიდარია ვიტამინებით, ორგანული მჟავებითა და ნახშირწყლებით.

ჯიშების შერჩევა

ჟოლო მრავალწლიანი ბუჩქოვანი მცენარეა, რომლის მიწისქვეშა ნაწილი შედგება ფესვურისა და გვერდითი დამატებითი ფესვებისგან. ზაფხულის პერიოდში მიწისქვეშა კვირტებიდან ვითარდება ტოტები, რომლებიც ზაფხულის დასასრულისთვის ამთავრებენ ზრდას, ივითარებენ საკუთარ ფესვებს, კავშირს წყვეტენ დედა მცენარესთან და დამოუკიდებელ ერთწლიან მცენარეებად გადაიქცევიან. მცენარე განვითარების ორწლიან ციკლს გადის: პირველ წელს ახლად აღმოცენებული ტოტები არ იძლევა ნაყოფს. იგი მხოლოდ მეორე წელს იძლევა ნაყოფს. მაყოფის დამწიფებისა და მოკრეფის შემდეგ ტოტი ხმება. ამავე წელს ვითარდება ახალი ერთწლიანი ტოტები, რომლებიც იმავე ციკლს იმეორებს. არსებობენ ჯიშები რომლებიც მსხმოიარობენ მიმდინარე ერთწლიან ტოტებზე და მოსავალს იძლევიან შემოდგომით. მსხმოიარობის მიხედვით ჯიშები იყოფა ორ ჯგუფად: ზაფხულში მსხმოიარე (ნოვა, კილარნი, ენკორი და სხვა) და შემოდგომაზე მსხმოარე (პოლკა, ოტმან ბლისი, კაროლინა, ოტმან ბრიტენი და სხვა).
ზაფხულში მსხმოარე ჟოლო მოსავალს იძლევა ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე. შემოდგომაზე მსხმოიარე რემონტატული ჟოლო ნაყოფს იძლევა 6-დან 8 კვირის განმავლობაში გვიან ზაფხულზე და შემოდგომაზე.

ნაკვეთის შერჩევა

ჟოლო მოითხოვს კარგად განიავებულ მზიან ადგილს და ცუდად იტანს ჭარბ ტენიანობას. საქართველოს პირობებში უკეთესია ჩრდილოეთის, ჩრდილო აღმოსავლეთისა და ჩრდილო დასავლეთის დაქანების გამოყენება ჟოლოს პლანტაციის გასაშენებლად. გაშენებამდე აუცილებელია ნიადაგის ანალიზის ჩატარება. ჟოლო ნაკლებად მგრძნობიარეა ნიადაგის PH -ის მიმართ, მაგრამ კარგად ვითარდება 6,0-6,5 PH -ის ფარგლებში. ჟოლოს დარგვა ნაკლებად სასურველია იმ ადგილებში, სადაც წინა წელს პამიდორი, წიწაკა ან კარტოფილი იყო მოყვანილი. გაშენებისათვის ნაკვეთი კარგად უნდა მომზადდეს, ნიადაგი უნდა იყოს კარგად დამუშავებული- მოხნული და დაფარცხული. სარეველებისგან წინასწარ გასუფთავებული.

ბაღის გაშენება

ჟოლო უნდა დაირგას გვიან შემოდგომაზე სავეგეტაციო პერიოდის დამთავრებიდან ყინვების დაწყებამდე ან ადრე გაზაფხულზე მარტში – აპრილის დასაწყისში. გაშენების ოპტიმალური სქემაა 2,5-3,0 მ x 0,5-0,6 მ. დაუშვებელია დარგვის დროს ფესვების გამოშრობა. ნერგი ირგვება ისე რომ, ფესვის ყელი 2-3 სმ-ით დაბლა აღმოჩნდეს ნიადაგის ზედაპირიდან. ნერგის გარსემო ნიადაგი იტკეპნება და ირწყვება. ნერჰი გადაიჭრება ნიადაგის ზედაპირიდან 10-12 სმ-ზე. დარგვის პერიოდში არ არის რეკომენდირებული სასუქის გამოყენება. პირველ წელს აზოტიანი სასუქი შეაქვთ ივნისის შუა რიცხვებში. ხოლო კომპლექსური სასუქები შემდეგი წლის გაზაფხულზე. დარგვიდან პირველ წელს. ჩვენი მიზანია მცენარის ფესვის გაძლიერება, ამიტომ არ ვაძლევთ ყვავილობისა და მსხმოიარობის საშუალებას.

საყრდენი სისტემის მოწყობა

ჟოლოს ტოტები საკმაოდ სუსტია და ადვილად იზნიქება, ამიტომ აუცილებელია საყრდენი სისტემის მოწყობა. ყველაზე გავრცელებულია მარტივი ტიპის შპალერული საყრდენი სისტემა ან T – სებური საყრდენი სისტემა. საყრდენ სისტემაზე მცენარის დამაგრება ხდება კანაფის ან პოლიეთილენის ბაწრის მეშვეობი

ჟოლოს მოვლის აგროტექნიკა

ჟოლოს პლანტაციაში აგროტექნიკური ღონისძიებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, მორწყვა და მცენარეთა დაცვა. აუცილებელია, რომ მცენარე შეძლებისდაგვარად იყოს დაცული სარეველა მცენარეებისგან ამისთვის გამოიყენება, როგორც მექანიკური (მულჩირება, გაფხვიერება, გამარგვლა და ა.შ) ასევე ქიმიური მეთოდები (ჰერბიციდების გამოყენება) ჟოლოს პლანტაციაში აუცილებულია დაცული იყოს დროული და სათანადო მორწყვის რეჟიმი. აღმოსავლეთ საქართველოში რეკომენდირებულია მოღვარვითი მორწყვის შემდეგი ვადები: პირველი მორწყვა- ყვავილობის წინ, მეორე მორწყვა გამონასკვის პერიოდში, მესამე და მეოთხე სიმწიფის პერიოდში, მეხუთე მოსავლის აღების შემდეგ. ჟოლოს ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვს და მისთვის მეტად სასარგებლოა ხშირი ზედაპირული მორწყვა. ამიტომ წვეთოვანი მორწყვის სისტემებს დიდი უპირატესობა გააჩნია.
ნიადაგის განოყიერება ხდება ადრე გაზაფხულზე რიგებში შეაქვთ კომპლექსური სასუქები. აზოტიანი სასუქის შეტანა ხდება ნაწილ-ნაწილ. პირველი შეტანა ხდება ადრე გაზაფხულზე, (აპრილი) ამ ეტაპზე შედის წლიური ნორმის ორი მესამედი, დანარჩენი ნაწილი ივნისის დასაწყისში. თავი უნდა ავარიდოთ სასუქის შეტანას გვიან გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზამთარ გამძლეობის შემცირება.

კრეფა

მოსაკრეფად მზად არის როცა მას აქვს დამახასიათებელი ღია ალისფერი შეფერილობა და ადვილად სცილდება მცენარეს. კენკრა მეტად სათუთია, ჟოლოს ნაყოფი ვერ უძლებს დახარისხებას. ჟოლოს ნაყოფი არათანაბრად მწიფდება, ამიტომ მისი კრეფა უნდა განმეორდეს ყოველ მეორე- მესამე დღეს. სიმწიფის პერიოდი ჯისების მიხედვით განსხვავებულია და გრძელდება ორი-სამი კვირის განმავლობაში

წყარო: აგროინფო – 2007 წ

This entry was posted in კენკროვნები. Bookmark the permalink.

One Response to ჟოლო

  1. ემზარი says:

    მე ვცხოვრობ ჰერეთში,აზერბაიჯანის რესპუბლიკაში,ქ.კახში.მინდა მოვაშენო ჯოლოს,რემონტატული ჯიშის ჟოლო,განსაკუთრებით მინდა მქონდეს ყვითელი ჟოლოს ნერგები.ჩემი ტელეფონის ნომერია790 34 45 05,მაგთიფიქსია.მხოლოდ ამ ნომრით შეგიძლიათ დაკავშირება აზერბაიჯანში.რადგან ნერგების გადმოტანა აკრძალულია აზერბაიჯანში,მინდა მცირეოდენის შეძენა.ძალიან გთხოვთ,რომ დამეხმაროთ ჟოლოს შეძენაში და დამიკავშირდეთ ამ ნომერზე,ან თქვენი ტელეფონის ნომერი გადმომცეთ.პატივისცემით,ემზარი სუყაშვილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *