სიმინდი

მარცვლეულ მცენარეთა შორის სიმინდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა. სიმინდი მაღალპროდუქტიულია და მისი გამოყენება ხდება როგორც სასურსათოდ, ასევე საკვებწარმოებაში. რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფეში აღებული მოსავალი წარმოადგენს ნოყიერსა და მაღალი შეთვისების უნარის მქონე კონცენტრირებულ საკვებს ცხოველებისათვის.

სიმინდის მარცვალი ფართოდ გამოიყენება სურსათის წარმოებაში ბურღულის, ფქვილის და სხვა სასურსათო პროდუქტების დასამზადებლად. სიმინდი საუკეთესო ნედლეულს წარმოადგენს სპირტის, სახამებლის, გლუკოზის, ლუდის წარმოებაში და საკონსერვო მრეწველობაში. მისგან ღებულობენ მაღალხარისხოვან ზეთს, გამოიყენება საფეიქრო და ქაღალდის წარმოებაში.

სიმინდი აგროტექნიკური თვალსაზრისითაც საყურადღებო მცენარეა. იგი, როგორც სათოხნი კულტურა სარეველებისგან ასუფთავებს ნაკვეთს და საერთოდ თავთავიანების კარგი წინამორბედია. სიმინდის შეტანა თესლბრუნვაში გვეხმარება კულტურათა სწორი მორიგეობის დადგენაში, წლის განმავლობაში ორი მოსავლის მიღებაში, შუალედური კულტურის გამოყენებით კარგ პირობას ქმნის თესლბრუნვაში არსებული კულტურების მოსავლიანობის გადიდებისათვის.

ბიოლოგიური დახასიათება და ჯიშები

სიმინდი ერთწლიანი მცენარეა. ფესვთა სისტემა ფუნჯისებრია და ძირითადად მოთავსებულია სახნავ ფენაში, ხოლო ცალკეული ფესვები ვრცელდება შვეულად 2-3 მეტრის სიღრმეში და 1,0-1,5 მ ირიბად – ჰორიზონტალურად. მაღალტანიან ჯიშებს მიწის ზედაპირის ზემოთ მდებარე ღეროს მუხლებიდან ხშირად უვითარდებათ მიწისზედა საჰაერო საყრდენი ფესვები, რომელის მცენარეს ეხმარება ქარის წინააღმდეგ გამძლეობაში და იცავს ჩაწოლისაგან.

სიმინდის ღერო მაღალია, საშუალოდ 1,5-3 მ-მდე, მთელ სიგრძეზე მუხლებად არის დაყოფილი. პირველი მუხლთაშორისები, რომელნიც მეტად მეტად მჭიდროდ არიან ერთმანეთთან, მიწაშია, რომელთაგანაც ვითარდება ფესვები. მიწის ზედაპირთან არსებული მუხლიდან სიმინდი იძლევა ამონაყარს. ღეროს სიმაღლეში ზრდა წყდება ყვავილედის დამთავრების შემდეგ.

სიმინდი მკვეთრად განსხვავდება სხვა პურეულისაგან. იგი ერთსქესიანი და ერთბინიანი მცენარეა, ამიტომ მას ორგვარი სახის ყვავილედი აქვს – მამრობითი და მდედრობითი. მამრობითყვავილიანი თავთუნები ერთადაა შეკრებილი ღეროს წვეროს ნაწილში მოთავსებულ საგველასებრ ყვავილედში, რომელსაც ქოჩოჩს ვუწოდებთ.

სიმინდის მარცვალი შედგება კანის, ენდოსპერმისა და ჩანასახისაგან. ჩანასახი მოთავსებულია მარცვლის ქვედა ნაწილში და შეადგენს მთელი მარცვლის 11,7-დან 13%-მდე.

გარემო პირობები

სიმინდი სითბოსმოყვარული მცენარეა, ყინვას სრულებით ვერ იტანს, გვიან გაზაფხულის და ადრე შემოდგომის რთვილიც კი მომაკვდინებლად მოქმედებს მასზე. ტემპერატურის დაცემა უფრო საზიანოა ყვავილობა-მარცვლის ჩასახვის ფაზაში. სიმინდის თესვა მიზანშეწონილია მხოლოდ კარგად გამთბარ არა ნაკლებ 8-10°C ნიადაგში 8-10 სმ-ის სიღრმეზე. ოპტიმალური ტემპერატურაა 19-25°C. მთელ სავეგეტაციო პერიოდში სითბოს საერთო ჯამი განისაზღვრება 1700-4000°C -ით.

მაღალი ტემპერატურის გავლენით სიმინდი ამოკლებს ფაზათაშორის პერიოდს. განსაკუთრებით მკვეთრ გავლენას ახდენს სითბოს სიმცირე განაყოფიერებიდან ცვილისებრ სიმწიფემდე. მიუხედავად ამისა, სიმინდი ცუდად გრძნობს თავს 33-35°C -ზე მეტი სითბოს პირობებში.

სიმინდი სინათლის მოყვარული მოკლე დღის მცენარეა. ჩრდილი, ნათესის სიხშირე და შემეჩხერების დაგვიანება აბეჩავებს.

სიმინდი გვალვაამტან მცენარედ ითვლება. კრიტიკული პერიოდი იწყება ათი დღით ადრე ქოჩოჩის ამოღებამდე და გრძელდება ყვავილობიდან დაახლოებით 1-1,5 თვემდე. გაზაფხულის და ზაფხულის დასაწყისში წყლისადმი მოთხოვნილება შედარებით ნაკლებია, ზაფხულში თანდათან იზრდება და მაქსიმუმს აღწევს ყვავილობა-მარცვლის ჩასახვის ფაზაში. ზაფხულის დასასრულს და შემოდგომაზე წყლისადმი მოთხოვნილება საგრძნობლად მცირდება.

ნიადაგი

სიმინდი, მცირე გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა ტიპის და მექანიკური შედგენილობის ნიადაგზე მოდის. ასეთი თვისება გამოწვეულია სიმინდის ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით, მეტი არედან, სიღრმიდან წყლისა და საკვები ნივთიერების გამოყენებით. სიმინდი თუ ყველაზე კარგად არა, ნაკლებად არ იყენებს ნოყიერ ნიადაგს, კორდს, ახლად ათვისებულ ყამირს და სხვა. გარდა შავი მიწებისა, სიმინდი მაღალსა და მყარ მოსავალს იძლევა მდინარის პირას დანალექ ნიადაგებზე. სათანადო აგროტექნიკური ღონისძიების დაცვით დამაკმაყოფილებელი მოსავალი შეიძლება მივიღოთ ეწერ ნიადაგზეც.

სიმინდი ცუდად ვითარდება ძლიერ გამკვრივებულ, მძიმე თიხნარ, მლაშე და მჟავე ნიადაგებზე (pH 5-ზე ნაკლები), მაგრამ ნიადაგზე სათანადო მელიორაციული ღონისძიებების გატარებით, მისი გაუმჯობესების შემდეგ, შეიძლება დამაკმაყოფილებელი მოსავლის მიღება.

აგროტექნიკური ღონისძიებები

კვება

სიმინდი მაქსიმალურად იყენებს კვების კარგ პირობებს. იგი უხვსა და მყარ მოსავალს იძლევა, როდესაც სასუქები შეგვაქვს წილადობრივად. სიმინდის განოყიერების სისტემაში შედის ძირითადი, თესვის წინა, თესვის დროს განოყიერება და რამდენჯერმე გამოკვება ვეგეტაციის მანძილზე. სიმინდის მოყვანის ყველა ზონაში და ყოველგვარ ნიადაგზე ძირითად სასუქად იყენებენ ორგანულ და მინერალურ სასუქებს, რომლებიც, როგორც წესი, მზრალად ხვნის დროს შეაქვთ. მინერალური სასუქების ეფექტიანობა მკვეთრად იზრდება მათი ორგანულ სასუქებთან ერთად შეტანით.

მცენარის გამოკვებისათვის იყენებენ გადამწვარ ნაკელს და წუნწუხს. ნიადაგის ნაყოფიერების მიხედვით ჰექტარზე შეაქვთ 20-40 ტონა 3-4 წელიწადში ერთხელ. ნაკელი თანდათანობით იხრწნება და ამიტომ სიმინდი თითქმის მთელი თავის სავეგეტაციო პერიოდში საჭიროების მიხედვით იკმაყოფილებს მოთხოვნილებას.

შედარებით ნოყიერ ნიადაგზე საკმარისია 10-15 ტ ნაკელი, გამოფიტულ ნიადაგზე კი – 20-30 ტ. ეწერ ნიადაგზე შეტანილ უნდა იქნეს 30-40 ტ ნაკელი ძირითადად ხვნის დროს, გაზაფხულზე კი ნაკელი მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული. მეორე მნიშვნელოვანი ორგანული სასუქია მწვანე სასუქი. მწვანე სასუქი, როგორც ნაკელი, წარმოადგენს აზოტის მნიშვნელოვანი რაოდენობით და ორგანული ნივთიერებებით ნიადაგის გამდიდრების საშუალებას. მწვანე სასუქების მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია მსუბუქ, ქვიშნარ და ეწერ ნიადაგებზე. სამეურნეო თვალსაზრისით მწვანე სასუქის გამოყენება უფრო ადვილია, ხელსაყრელი და იაფი.

მსუბუქ, ქვიშნარ, ღორღიან ან ძალიან გამოფიტულ ნიადაგებზე რაც შეიძლება მეტი რაოდენობის მწვანე მასა უნდა ჩაიხნას და ეს ღონისძიება ხშირად, ყოველი 2-3 წლის გამოშვებით უნდა განმეორდეს. მძიმე თიხნარ ნიადაგებზე შესაძლებელია შედარებით მცირე მწვანე მასის ჩახვნით დავკმაყოფილდეთ და უფრო იშვიათად 4-5 წელში ერთხელ გავიმეოროთ. მწვანე მასა ნიადაგში უნდა ჩაიხნას ყვავილობისას, სანამ მისი ნაწილები გაუხეშდება. მწვანე სასუქი განსაკუთრებით მაღალ ეფექტს იძლევა, როდესაც მასთან ერთად მინერალური სასუქებიც შეგვაქვს.

მინერალური სასუქების მაღალი ეფექტიანობა ვლინდება სიმიდის მომწიფების დაჩქარებაში, მოსავლიანობის გადიდებისა და მისი ხარისხის გაუმჯობესებაში ყველა პირობებში.

აზოტის სიჭარბე იგრძნობა სიმინდის ზრდის ადრეულ პერიოდში. აზოტის დადებითი ეფექტი განსაკუთრებით ვლინდება დაგვიანებული და ცივი გაზაფხულის პირობებში. სიმინდის მიერ აზოტის მაქსიმალურად შეთვისება ინტენსიური ზრდის დროს იწყება ქოჩოჩის გამოტანის წინა დღეებიდან და გრძელდება მარცვლის რძისებრ სიმწიფემდე. თესვის დროს ნიადაგში აზოტის დიდი დოზებით შეტანა აგვიანებს თესლის აღმოცენებას.

ფოსფორს სიმინდი დიდი რაოდენობით იყენებს მარცვლის ჩასახვა-ფორმირების დროს (ყვავილობიდან ცვილისებრ სიმწიფემდე). ზრდა განვითარების პირველ ხანაში სიმინდი ჯერ კიდევ სუსტი ფესვთა სისტემით ნიადაგიდან ადვილად ვერ ითვისებს ფოსფორს, ამიტომ ამ პერიოდში ადვილად შესათვისებელი ფოსფორიანი სასუქების შეტანით ვაღწევთ ფესვთა სისტემის ინტენსიურ ზრდას, მძლავრი – ჯანსაღი აღმონაცენის მიღებას და ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

კალიუმის სასუქებს სიმინდი მთელი ვეგეტაციის მანძილზე საჭიროებს. განსაკუთერბით დიდი რაოდენობით იყენებს მას ქოჩოჩის ამოღების დასაწყისიდან ცვილისებრ სიმწიფემდე.

სიმინდის კვების გაუმჯობესებისათვის მინერალური სასუქების შეტანა რეკომენდირებულია თესვის წინა გაფხვიერებისას. სიმინდი კარგად იყენებს სასუქებს ზაფხულის პერიოდში შეტანის დროსაც. სიმინდის გამოკვება ვეგეტაციის პერიოდში ნიადაგის ნაყოფიერების და წყლით უზრუნველყოფის მიხედვით შეიძლება ჩატარდეს 2-3-ჯერ. პირველი – მწკრივებს შორის მეორე გაფხვიერებისას, მეორე – ქოჩოჩის გამოტანის წინ, ხოლო მესამე – საჭიროების მიხედვით მარცვლის ჩასახვა-განვითარების პერიოდში.

თესლბრუნვა

სიმინდი შედარებით ამტანი მცენარეა და ადვილად იტანს ერთსა და იმავე ადგილზე შეუცვლელად თესვას და დამაკმაყოფილებელ მოსავალს იძლევა. სიმინდის მყარი და უხვი მოსავლის უზრუნველსაყოფად საჭიროა მისი მოქცევა თესლბრუნვაში. რამდენიმე წელს ზედიზედ ერთსა და იმავე ადგილზე თესვით ხელს ვუწყობთ მიწის ცალმხრივ გაღარიბებას, მავნებლებისა და ავადმყოფობათა კერების შექმნას და სიმინდის ნათესის მასობრივად დაზიანებას. სიმინდს თესლბრუნვაში ვათავსებთ თავთავიანების შემდეგ. მაგალითად, საქართველოს მთიან ზონაში სიმინდის კარგ წინამორბედს წარმოადგენს გაზაფხულის თავთავიანები და კარტოფილი.

სიმინდი საგაზაფხულო და საშემოდგომო თავთავიანი კულტურების კარგი წინამორბედია. როგორც სათოხნი კულტურა, იგი სარეველებიდან სრულიად სუფთა და ფხვიერ ნაკვეთს ტოვებს, ამასთან თავთავიანი მცენარეების მოსავლის აღების შემდეგ დარჩენილ სარეველა ბალახებს სპობს.

სიმინდის უხვი და მყარი მოსავლის მისაღებად, სადაც კი ამის აგროტექნიკური და სამეურნეო შესაძლებლობა არსებობს, ნაწვერალზე უნდა დაითესოს სასიდერაციო მცენარეები და შემოდგომაზე ძირითადი ხვნის დროს უნდა ჩაიხნას მიწაში.

სიმინდის კულტურის ქვეშ გამოსაყენებელი მინერალური სასუქების საორიენტაციო დოზებია: N60-120 P60-90 K60-90, ანუ ფიზიკური წონით ამონიუმის გვარჯილა 170-350 კგ/ჰა, ფოსფორი 330-500 კგ/ჰა, კალიუმი 170-250 კგ/ჰა. ამ უკანასკნელ პერიოდში ფართოდ გავრცელებულ ნიტროამოფოსი (N16P16K16) კი 550-600კგ-იანი ნორმით.

ნიადაგის დამუშავება

სიმინდისათვის ნიადაგის დამუშავების სისტემა რაიონის ბუნებრივი პირობების, წინამორბედი კულტურისა და ნიადაგის ტიპის შესაბამისად განსხვავებული უნდა იყოს.

სიმინდის მყარი და მაღალი მოსავლიანობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ მნიშვნელოვან საიმედო ღონისძიებას წარმოედგენს მზრალის სისტემა. სიმინდის ძირითადი წინამორბედის – თავთავიანი მცენარეებისაგან გათავისუფლებული ნაკვეთის სიმინდისთვის მომზადება 4-5 სმ-ის სიღრმეზე აჩეჩვით იწყება. გამოცდილებით დადგენილია, რომ სარწყავ რაიონებში, სადაც ნიადაგში ტენის სიმცირის გამო სარეველების ჩაცვენილი თესლის აღმოცენება საეჭვოა, ნაკვეთი მოსავლის აღებისთანავე უნდა მოირწყას. მორწყული ნაკვეთი შეშრობისთანავე (2-3 დღე) უნდა აიჩეჩოს და შემოდგომით მოიხვნას 25 სმ-ის სიღრმეზე.

ურწყავ და მშრალ გვალვიან რაიონებში თავთავიანი კულტურების აღების შემდეგ ნალექები იშვიათია, ამ პირობებში ნაწვერალის დამუშავება უნდა დაიწყოს მოსავლის აღებისთანავე არა აჩეჩვით, არამედ მოხვნით.

მოხვნის ვადის გავლენა სიმინდის მოსავალზე მით მეტია, რაც უფრო ახლოა იგი წინამორბედის მოსავლის აღებასთან. ასე მაგალითად, ივლისში მოხნული პირველ ადგილს იჭერს, მას მოსდევს ზაფხულის გასულ და შემოდგომით მზრალად ხვნა.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან ზონაში, გარდა ძლიერ დაქანებული ნაკვეთებისა, ნიადაგი იმავე წესით უნდა დამუშავდეს, როგორც ბარში. მზრალმა რომ შედეგი მოგვცეს, არ უნდა დავუშვათ ნაკვეთის დაფერდების მიმართულებით მოხვნა.

დასავლეთ საქართველოში სიმინდის გავრცელების რაიონებში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხვნა ბევრად უკეთეს პირობებს უქმნის სიმინდს, ვიდრე ადრე გაზაფხულის ხვნაც კი. მონაცემებით დადგენილია, რომ თებერვლის თვეზე გვიან ამ პროცესის ჩატარების შემთხვევაში ეფექტი მცირდება, ხოლო მარტის თვის შემდეგ ხვნა მიუღებელია. გაზაფხულზე მოხნული ნიადაგი, აღმოსავლეთის მშრალი ქარების მოქმედებით, ისე სწრაფად კარგავს წყალს და შრება, რომ დასათესად მისი მომზადება ვერ ესწრება, ხნული დიდბელტიანი რჩება. მზრალი კი საკმაო ტენს ინარჩუნებს თესლის დროული და თანაბარი აღმოცენებისათვის.

ადრე გაზაფხულზე მზრალი უნდა დაიფარცხოს კბილებიანი ფარცხით. თესვამდე საჭიროა ჩატარდეს ორი კულტივაცია ერთდროული ფარცხვით, პირველი – 8-10 სმ-ზე, ხოლო მეორე – მარცვლის ჩათესვის სიღრმეზე, მაგრამ არა უმეტეს 6-8 სმ-სა. ნაბალახარი და ნასიმინდარი მზრალის დამუშავება უნდა ჩატარდეს მხოლოდ დისკოებიანი იარაღით. მზრალის ზიგზაგით დაფარცხვა დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა იმ შემთხვევაში, როდესაც ხნული ფხვიერ მდგომარეობაშია და არც ძლიერ არის დასარევლიანებული.

აუცილებელ პირობას წარმოადგენს თესვის წინ ნიადაგის ფხვიერ მდგომარეობაში არსებობა. გადაჭრით უარყოფილი უნდა იქნეს ბელტის გადამაბრუნებელი იარაღის გამოყენება. საკმარისია შევჩერდეთ კულტივაციაზე ფარცხვის მიყოლებით.

თესვა

სიმინდი, როგორც სითბოს მოყვარული მცენარე, გაზაფხულის მეორე ნახევარში ითესება. ადრე გაზაფხულზე დათესილი სიმინდი ადვილად ზიანდება და აღმოცენებაც ძალზე იგვიანებს.

სიმინდის თესვის დროის დადგენა ბებრ რამეზეა დამოკიდებული: ჯიშზე, დათესვის მიზანზე, ნიადაგის ტიპზე, რელიეფზე და სხვა. სიმინდის თესვისათვის საჭიროა ნიადაგში 10 სმ-ის სიღრმეზე სითბო იყოს არანაკლებ 10-12°-ისა. მსუბუქ ქვიშნარ ნიადაგებზე და სამხრეთ ფერდობზე სიმინდი 10-12 დღით უფრო ადრე ითესება, ვიდრე თიხნარ ნიადაგზე და ჩრდილოეთ ფერდობებზე. ურწყავ პირობებში ბევრად (15-20 დღით) ადრე, ვიდრე სარწყავებში. ადრე დათესილი სიმინდის აღმონაცენი შეიძლება დააზიანოს სიცივემ და რთვილმა.

სიმინდის ჩათესვის სიღრმე განისაზღვრება ზონის, ჰავის, პირობებისა და ნიადაგის მექანიკური შემადგენლობის და ტენიანობის გათვალისწინებით. ჭარბტენიან თიხნარ ნიადაგებზე სიმინდი უნდა დაითესოს 4-6 სმ სიღრმეზე.

ტენით უზრუნველყოფილ მსუბუქი მექანიკური შედგენილობის და ხირხატიან ნიადაგებზე 6-7 სმ სიღრმეზე; მშრალ გვალვიან ზონაში 7-8 სმ სიღრმეზე.

სიმინდი ითესება პუნქტირული სათესი მანქანებით 70 სმ მწკრივთშორისებით, ხოლო მწკრივში მცენარეთა შორისი მანძილით 18-25 სმ.

ჰიბრიდული სიმინდის დასავლეთ საქართველოს რაიონებში თესვის შემთხვევაში დაცული უნდა იქნეს სივრცითი იზოლაცია 500 მეტრის ფარგლებში, ანალოგიურია აღმოსავლეთ საქართველოში ჯიშებთან თესვის შემთხვევაში.

ნათესის მოვლა

თესვის შემდეგ, ნიადაგის ქერქის დასაშლელად, ნიადაგის დასამუშავებლად და სარეველების მოსპობის მიზნით ტარდება ფარცხვა, მსუბუქი ფარცხებით ნათესის გარდიგარდმო მიმართულებით სიმინდის 2-3 ფოთლის ფაზაში;

პირველი თოხნა-კულტივაცია აღმონაცენის დაფარცხვის შემდეგ სიმინდის 3-5 ფოთლის ფაზაში 8-10 სმ სიღრმეზე; მეორე კულტივაცია ტარდება პირველი თოხნიდან 10-12 დღის შემდეგ.

სიმინდის 2-3 ფოთლი ფაზაში ფართოფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ საჭიროა 1,2-1.5 ლ/ჰა 2,4 დ ამინის მარილის გამოყენება, ხოლო ფესვნაყრიანი სარეველების წინააღმდეგ, როდესაც მათი სიმაღლე 10-15 სმ-ს მიახწევს, კულტურის 5-6 ფოთლის ფაზამდე სელექციური ჰერბიციდების შესხურება. იმ მინდორზე, სადაც დაითესება სიმინდი, წინამორბედი კულტურის აღების შემდეგ დარჩენილ სარეველებზე (მათ შორის მრავალწლოვანებზეც) საჭიროა, ტოტალური მოქმედების ჰერბიციდების გამოყენება.

სარწყავ მიწებზე სიმინდის სავეგეტაციო მორწყვა ტარდება ამინდის პირობების და მცენარეთა განვითარების ფაზების მიხედვით.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ მიწებზე სიმინდი 3-4 რწყვას საჭიროებს. აქედან ერთი მორწყვა აუცილებელია ჩატარდეს ქოჩოჩის ამოღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო უკანასკნელი მორწყვა რძისებრ სიმწიფის ფაზაში.

მოსავლის აღება

სიმინდის რძისებრ-ცვირისებრ სიმწიფის ფაზა გრძელდება 10 დღე-ღამეს. ამ პერიოდში ტაროს შუანაწილში მარცვალი აღწევს სანთლის სიმწიფეს, შემდეგ ხდება სანთლის სიმწიფის ფაზა, რომელიც გრძელდება 10-15 დღე ღამეს. მარცვლის ტენიანობის 25%-მდე შემცირებისას მარცვალი მაგრდება, და აღწევს სრულ სიმწიფეს.

მოსავლის აღების ოპტიმალური ვადა დგება მაშინ როცა ტაროების 65-70% სრულ სიმწიფეს მიაღწევს.

ჰიბრიდული სიმინდის მიღების სქემა

ასეთი ჯვარედინა დამტვერიანების შედეგად მიიღება ჰიბრიდული სათესლე მასალა, რომლის დათესვით ვღებულობთ ჰიბრიდულ მცენარეს, რომელშიც გაერთიანებულია “დედა” და “მამა” ხაზების (ჯიშების) საუკეთესო თვისებები. ჰიბრიდების გამოყვანისას სელექციონერები არჩევენ “დედა” და “მამა” ხაზებს საუკეთესო გვალვაგამძლეობით, მაღალი მოსავლიანობით, დაავადებებისადმი კარგი გამძლეობით, სახამებლისა და ცილის მაღალი შემცველობით და სხვა.

სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ჰიბრიდი, ჯიშთან შედარებით, ყოველთვის იძლევა უკეთეს მოსავალს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ფერმერები არ თესავენ სიმინდის ჯიშებს. ჰიბრიდული სიმინდის კულტივირება მსოფლიოში დაიწყო 1926 წლიდან და წარმატებით გრძელდება დღემდე. ჰიბრიდული სათესლე მასალის გაუმჯობესებით მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება სიმინდის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა. სიმინდის მწარმოებელ წამყვან ქვეყნებში (აშშ, იტალია, საფრანგეთი, ბრაზალია და სხვა) სიმინდის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა აღწევს 8-10 ტონა მშრალ მარცვალს ჰექტარზე.

მავნებლებისაგან და დაავადებებისაგან დაცვა

მავნე მწერებიდან კიტრს დიდ ზიანს აყენებს ბაღის ბუგრი და თამბაქოს თრიფსი, ფრთათეთრა. მათ წინააღმდეგ საჭიროა ინსექტიციდები:

აცეტამიპრიდი 0.2 კგ/ჰა (აცე, მოსეტამი, ტემპი) თიამეთოქსამი 0.015 კგ/ჰა (აქტარა, მედალი) ან

თიაკლოპრიდი 0.2-0.25 ლ/ჰა (კალიფსო, ულტრატოქსი) ან იმიდაკლოპრიდი 0.1 კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი, იმიდორ მაქსი, მიდაში).

ტკიპების წინააღმდეგ გამოიყენება:

ტებუფენპირადი 0.3-0.5 კგ/ჰა (მასაი, ტალავი) ან

სპირიდიკლოფენი 0.4-0.6 ლ/ჰა ან ბიფენტრინი 0.3-0.4 ლ/ჰა (ტალსტარი, ინსაკარი, პირინექს სუპერი).

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება:

მეტალაქსილი + მანკოები 2.5 კგ/ჰა (რიდომილ გოლდი, რიდონეტი, ვიქტორი, უნივერსალი) ან

დიმეტომორფი + მანკოცები 2.5 კგ/ჰა (აკრობატი, ლიდერი, ავანგარდი), სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო 2-3 კგ/ჰა, კონსული 2-2.5 კგ/ჰა, კოსაიდი 3-4 კგ/ჰა, პროტექტ ოაშ 2-5 კგ/ჰა, ჩემპიონი 4 კგ/ჰა) ან

სპილენძის ჰიდროქსიდი + მეთირამი (კაურიტილი 3კგ/ჰა) ან სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო 3.5 ლ/ჰა, კუპერმაქსი 4-8 კგ/ჰა, სუპერ კოპერი 4-8 კგ/ჰა, ჰექტაშბაკირი 4-8 კგ/ჰა) ან სპილენძის ქლორჟანგი + სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი 2.5 კგ/ჰა) ან მეთირამი (პოლირამი 2.5 კგ/ჰა), გოგირდი 3-5 კგ/ჰა (თიოვიტჯეტი, კუმულისი, სულფოლაკი, გოგირდ პლიუსი, პოვერ სულფური, კოსავეტი, სულფი)

ან რომელიმე სხვა ნაცრის საწინააღმდეგო ფუნგიციდი.

სარეველების საწინააღმდეგოდ კი გამოიყენება შემდეგი ჰერბიციდები: ფლუაზიფოპ ბუთილი 0.75-1 ლ/ჰა (ფუზილად ფორტე, ტანგრა, ბრეის სუპერი, ფლუენტი) საჭიროა ნათესს შეესხუროს სარეველების 3-4 ფოთლის ფაზაში.

წამლობის სქემა ზოგადია და კონკრეტულ შემთხვევებში წამლობის ჯერადობა განისაზღვრება კლიმატური ფაქტორებიდან გამომდინარე და მავნებელ-დაავადებათა გავრცელების ინტენსივობით. საერთო ჯამში კიტრის წამლობა ფუნგიციდებით საშუალოდ ხუთჯერ უნდა ჩატარდეს.

This entry was posted in მარცვლეული. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *