პომიდორი

პომიდორი ფართოდ გავრცელებული ბოსტნეულია. საქართველოში თითქმის ყველა რაიონში მოჰყავთ. გვხვდება მთებშიც 1700 მეტრამდე ზღვის დონიდან. უფრო მეტად პომიდორი გავრცელებულია საგარეუბნო და საკონსერვო ზონებში.

პომიდვრის კვებითი ღირსება მისი გემოვნური თვისებებითაა განსაზღვრული. იგი გამოირჩევა კარგი კონსისტენციით, ვაშლისა და ლიმონის მჟავას, შაქრების, არომატული ნივთიერებებისა და ვიტამინების შემვცველობით. პომიდორში აზოტოვანი ნივთიერებები 0,8%-ია, ნახშირწყლები – 3,1%, ცხიმები – 0,2%, უჯრედიდი 0,8%, მშრალი ნივთიერება – 6,0%.

პომიდვრის დახასიათება და ჯიშები

საქართველოში პომიდორს, როგორც ერთწლიან კულტურას ისე ამრავლებენ, ე.ი ნაყოფსა და თესლს პირველსავე წელიწადს იძლევა.

პომიდორის მცენარეს ძლიერ დატოტვილი დიდი მოცულობის ფესვთა სისტემა აქვს, რომელიც იზრდება და ვითარდება ძალიან სწრაფად. მინდორში პირდაპირი თესვისას (ჩითილის გარეშე) ფესვთა სისტემა ნიადაგის სიღრმეში 100-150 სმ-მდე ჩადის, ხოლო ფესვის განტოტვა 55-85 სმ-ის დიამეტრის ფარგლებშია. პომიდვრის ჩითილით წარმოებისას კი ფესვთა სისტემა ძირითადად ვითარდება ნიადაგის სახნავ ფენაში – 30-50 სმ-ზე.

არსებობს პომიდვრის საშუალოდ მოზარდი ჯიშები, რომლებიც სიმაღლეში 2-2.5 მეტრს აღწევენ, მაღალმოზარდი ჯიშები, რომლებიც 5 მეტრამდეც კი იზრდება. არიან ძალიან დაბალმოზარდი – შტამბიანი ფორმებიც – 30-40 სმ სიმაღლის იზრდებიან.

პომიდვრის ნაყოფები განსხვავდებიან ფორმის, ზომის და ფერის მიხედვითაც. ისინი შეიძლება იყვნენ წვრილი (მასა 50-60 გრ), საშუალო (80-100 გრ) და მსხვილი (100 გრ-ზე მეტი), ზოგიერთი ჯიშის პომიდვრის ნაყოფი კი 500-600 გრამამდეც კი აღწევს.

საქართველოში დღესდღეისობით ადგილობრივ ჯიშებთან ერთად ფართოდაა გავრცელებულია თანამედროვე მაღალმოსავლიანი ჰიბრიდებიც

გარემო პირობები

პომიდორი სითბოს მოყვარული მცენარეა. მისი ზრდა განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალური ტემპერატურა 22 ± 70C-ია, 150 C -ზე უფრო დაბალ ტემპერატურაზე მცენარე წყვეტს ყვავილობას, ხოლო 80 C -ზე დაბლა ზრდას. 30 0 C -ზე მაღალი ტემპერატურაც არახელსაყრელია პომიდორისათვის, განსაკუთრებით თუ იგი დაკავშირებულია ჰაერის შეფარდებით ტენიანობის შემცირებასთან, რაც ყვავილების მასობრივ ცვენას იწვევს. ეს მოვლენა ხშირად აღინიშნება ხოლმე გვალვიან პირობებში.

პომიდორი სინათლისადმი ასევე დიდი მოთხოვნებს აყენებს. დაჩრდილულ, ცუდად განათებულ ადგილებში (მაგ. ხეხლის ბაღის მწკრივთაშორის) ის მოსავალს ან არ იძლევა ან იძლევა მცირე ოდენობით. სინათლისადმი დიდ მოთხოვნებს პომიდორი აყენებს განსაკუთრებით ჩითილების გამოზრდის პერიოდში, მაშინ უმნიშვნელო დაჩრდილვასაც კი შეუძლია გამოიწვიოს მცენარეების აწოწვა, და მსხმოიარეობაში მოგვიანებით შესვლა.

პომიდორი გვალვაგამძლე მცენარეა. იგი თანაბრად რეაგირებს როგორც ჰაერის, ისე ნიადაგის ტენიანობაზე. მისთვის საჭიროა ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 50-60%-ის ფარგლებში. უფრო მაღალი ტენიანობის პირობებში იქმნება საშიშროება სხვადასხვა დაავადებების (ფიტოფტორა, რუხი სიდამპლე და სხვა) გავრცელებისა. ჰაერის მაღალი ფარდობითი ტენიანობისას ცუდად მიმდინარეობს პომიდვრის ყვავილების დამტვერიანება. ნიადაგის ტენიანობის მერყეობაც არახელსაყრელ შედეგს იძლევა, რადგან ტენის სიჭარბე იწვევს ნაყოფების დახეთქვას, ხოლო სიმცირე ნაყოფის წვეროს სიდამპლის განვითარებას.


ნიადაგი

პომიდვრის მოყვანა სათანადო ღონისძიებების გატარებით ყოველგვარი ტიპის ნიადაგებზე შეიძლება, მაგრამ საადრეო მოსავლის მისაღებად უფრო კარგია კარგად განოყიერებული ქვიშნარი და ქვიშიანი ნიადაგები.

ძლიერი მიწისზედა სისტემისა და მრავალრიცხოვანი ნაყოფების მინერალური ნივთიერებებით უზრუნველსაყოფად, პომიდორის მცენარეს ნიადაგიდან დიდი რაოდენობით გამოაქვს მინერალური მარილები. ცნობილია, რომ 50 ტონა პომიდვრის მოსავლიანობისას ნიადაგიდან გამოიტანება დაახლოებით 480 კილოგრამი ძირითადი საკვები ელემენტები. დაახლოებით 73 % გამოაქვს ნაყოფებს, ხოლო მწვანე მასა კი 27%.

ნიადაგიდან გამოტანილი ცალკეული ელემენტების მიხედვით, პირველი ადგილი უკავია კალიუმს, ხოლო მეორე აზოტს. მიუხედავად იმისა, რომ პომიდვრის მიერ ნიადაგიდან მცირე რაოდენობით ხდება ფოსფორის გამოტანა (480 კილოგრამიდან ფოსფორზე მოდის მხოლოდ 50 კგ), იგი მაინც წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს. პომიდორი მკვეთრად რეაგირებს ნიადაგში ფოსფორის უკმარისობაზე და იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მსხმოიარეობაზე. ნიადაგიდან მთლიანად გამოტანილი ფოსფორმჟავას 94 % მოდის ნაყოფზე, ხოლო 6 % ფოჩზე.

აზოტი (N) – აძლიერებს ვეგეტატიურ ზრდას. მიზანშეწონილია მისი ფოსფორიან და კალიუმიან სასუქებთან ერთად გამოყენება.

კალიუმი (K2O) – ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების უკეთეს გადაადგილებას მცენარეებში. იგი ზრდის პომიდვრის შენახვის უნარს, დაავადებათა და დაბალი ტემპერატურებისადმი გამძლეობას. პირდაპირ გავლენას ახდენს ნაყოფის ხარისხზე.

ფოსფორი – (P2O5) – ავითარებს ფესვთა სისტემას და აჩქარებს ნაყოფის მომწიფებას.

კომბინირებული სასუქები შეიცავს ზემოთხსენებულ სამივე ძირითად საკვებ ელემენტს. ასეთის მინერალური სასუქები (საკვები ელემენტების პროცენტული შემცველობებიდან გამომდინარე), შეტანილ უნდა იქნას ნიადაგის ძირითადი დამუშავებისას დაახლოებით 400-500 კილოგრამის ოდენობით. ხოლო გამოკვების სახით მიზანშეწონილია დამატებით აზოტოვანი სასუქების გამოყენება ორ პორციად, სულ 250 კგ-ის ოდენობით.

შესაბამისი რაოდენობის სასაქონლო პროდუქციის მისაღებად ღია გრუნტში მოყვანისას პომიდორი მოიხმარს: (მოსავლიანობა 40-50 ტ/ჰა) აზოტს – 100-150 კგ/ჰა, ფოსფორი – 40-70 კგ/ჰა, კალიუმი 150-300 კგ/ჰა, მაგნიუმი – 20-30 კგ/ჰა.

პომიდორი გარდა ძირითადი (N-P-K) ელემენტებისა, საჭიროებენ აგრეთვე მიკროელემენტებს – მაგნიუმს, ბორს, სპილენძს, მანგანუმს, თუთიას, რომელთა უქონლობაც ნიადაგში უარყოფითად მოქმედებს ბოსტნეულ მცენარეებზე.

რეკომენდირებულია ასევე 2-3 წელიწადში ერთხელ ორგანული სასუქის (გადამწვარი ნაკელის სახით) 1 ჰექტარზე 40 ტონის ოდენობით შეტანა.

აგროტექნიკური ღონისძიებები

თესლბრუნვა

პომიდორისათვის საუკეთესო წინამორბედ კულტურად თესლბრუნვაში ითვლება კომბოსტო და კიტრი.

როგორც წესი, პომიდორი იმავე ნაკვეთზე არ უნდა დაირგოს 2-3 წელიწადზე უფრო ადრე, რადგან დაავადებათა გამომწვევი მიკრობები სიცოცხლის უნარს ორი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ. პომიდვრის მოთავსება არ შეიძლება აგრეთვე თესლბრუნვაში ბადრიჯანის, წიწაკის და კარტოფილის შემდეგ, რადგან მათ საერთო დაავადებანი უჩნდებათ.

ნიადაგის დამუშავება

პომიდორის ნაკვეთის დამუშავება იწყება წინამორბედი კულტურების ანარჩენების გაწმენდით. შეგვაქვს კომბინირებული მინერალური სასუქები და ნაკელი და ვხნავთ 26-28 სანტიმეტრ სიღრმეზე. გაზაფხულზე, მზრალის შეშრობისთანავე, ნიადაგში ტენის შენარჩუნების მიზნით, საჭიროა დაფარცხვა და ასე რჩება ჩითილების დარგვამდე. დარგვის წინ შეგვაქვს აზოტიანი სასუქები 150-200 კგ/ჰა და ვატარებთ კულტივაცია-დაფარცხვას.

ჩითილების გამოყვანა და დარგვა

პომიდვრის ჩითილის გამოყვანა ხდება კვალსათბურებში ან ღია კვლებში. თესვა უნდა ჩატარდეს გადარგვამდე 50-65 დღით ადრე, საიდანაც კარგად განვითარებული ჩითილები გადაგვაქვს მუდმივ ადგილზე დასარგავად. ჰექტარზე უნდა დაირგას 17 000-დან 20 000 ძირამდე პომიდვრის ჩითილი. გადასარგავი პომიდვრის ჩითილი უნდა იყოს საღი, მუხლმაგარი, მუქი მწვანე ფერის, 18-22 სმ სიმაღლის. განვითარებული უნდა ქონდეს 7-8 ფოთოლი და პირველი საყვავილე მტევანი კოკრებით.

დაბალმოზარდი (დეტერმინანტული) ჯიშები უნდა დაირგოს კვების არით 70 სმ X 30-35 სმ, ხოლო მაღალმოზარდი (ინდეტერმინანტული) ჯიშები 70 სმ X 60-70 სმ-ზე. ჩითილები ირგვება ჩითილების სარგავი მანქანით, ხელით, პალოს გამოყენებით ან ბარით, რის შემდეგაც უნდა მოირწყას. მაღალმოზარდი ჯიშებისათვის უნდა მოეწყოს საყრდენები.

დარგვიდან 4-6 დღის შემდეგ საჭიროა ჩატარდეს გაცდენილი ადგილების შევსება და განმეორებით მორწყვა. მორწყვის ინტენსიურობა განისაზღვრება საჭიროების მიხედვით და უნდა მოხდეს საშუალოდ 6-8-ჯერ.

გასხვლა

საერთოდ, პომიდვრის დაბალმოზარდი ჯიშები არ ისხვლება. სხვლა საჭიროა მაღალმოზარდ და ძლიერი განვითარების ჯიშებზე, რაც ხელს უწყობს მცენარის კვების პირობების გაუმჯობესებას, მცენარეების მაქსიმალურ განათებას, ნაყოფების დამსხვილებას და დაავადებების გავრცელების შემცირებას.

გასხვლისას პომიდორს უნდა დარჩეს ძირიდან 2-3 ამონაყარი და დანარჩენი ამონაყრები – ნამხრევები მთლიანად უნდა შეეცალოს, რათა ბუჩქი გამოთხელდეს, ამასთან ვეგეტაციის პერიოდში შეიძლება მისი გაფურჩქვნაც.


მოსავლის აღება

ადგილობრივი კლიმატური და მოვლა-მოყვანის პირობებიდან გამომდინარე პომიდორის ნაყოფი ნასკვის განვითარებიდან 35-70 დღის შემდეგ მწიფდება.

არჩევენ პომიდვრის სიმწიფის 4 ფაზას:

მომწვანო რძისებრი, როდესაც ნაყოფი ნორმალურ სიდიდეს მიაღწევს, მწვანე შეფერილობა გამკრთალებას იწყებს და მოყვითალო ელფერი დაჰკრავს;
ჟღალი, როდესაც ყვითელ ფერს შეეპარება ვარდისფერი;
ვარდისფერი, როდესაც ნაყოფი შევარდისფერდება;
სრული სიმწიფე, როდესაც ნაყოფი სავსებით გაწითლდება.
თუ როდის უნდა მოიკრიფოს პომიდორის ნაყოფი ან რა ფაზაში, დამოკიდებულია პროდუქციის დანიშნულებაზე. თუ განზრახულია, რომ პომიდორი გაგზავნილ იქნას შორეულ ადგილას, მაშინ მას სიმწიფის უფრო ადრეულ ფაზაში კრეფენ. შორს გასაგზავნი პროდუქცია იკრიფება სიმწიფის პირველ ფაზაში, ხოლო როცა ადგილზე მიტანამდე საჭიროა 3-4 დღეზე მეტი – მეორე ფაზაში. ადგილზე მოხმარების მიზნით კი პომიდორი იკრიფება მესამე და მეოთხე ფაზაში.

პომიდვრის კრეფა ხდება ყოველ სამ-ოთხ დღეში ერთხელ. დაკრეფილ ნაყოფებს სათანადო ტევადობის ყუთებში ალაგებენ და ისე გზავნიან სარეალიზაციოდ. საბოლოოდ შემოდგომაზე, წაყინვები მოახლოებისას მოსავალს იღებენ მთლიანად, მწვანე ნაყოფებს იყენებენ მწნილების დასამზადებლად, ხოლომომწვანო რძისებრ და ჟღალი სიმწიფის ფაზას მიღწეულ ნაყოფს აწყობენ ხელოვნურ მომწიფებისათვის. ასე შენახული ნაყოფები დეკემბრამდე შეიძლება შეინახოს. პომიდორი 1-ჰა-ზე საშუალოდ მიიღება 40-50 ტონა და მეტი.

მავნებლებისაგან და დაავადებებისაგან დაცვა

ნიადაგში მახრებისა და მღრღნელების საწინააღმდეგოდ დარგვამდე უნდა შევიტანოთ მისატყუებელი მასალა: 5 კგ დაღერღილი ხორბალი + 3 ლიტრი მზესუმზირის ზეთი +200 გრ თუთიის ფოსფიდი.

ჩითილების გადარგვამდე ნიადაგი უნდა შეიწამლოს ჰერბიციდებით მოქმედი ნივთიერებით პენდიმენტალინი 3-6ლ/ჰა (პრეპარატები: სტომპი, ვალსატოპიპანდორა, პენდიგანი, სტოპი), მეტრიბუზინი 0.56-0.75 ლ/ჰა (პრეპარტატები: ზენკორი, სენკრონი, მაჯესტიკი).

სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა ფიტოფტორა, ალტერნარიოზი, სეპტორიოზი, ფესვის სიდამპლე) გამოიყენება:

სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი 3-4 კგ/ჰა (პრეპარატები: ბორდოს ნარევი, საფა ბორდოს ნარევი, ბორდოს ნარევი მაქსი, კუპერვალი, კუპერვალი ბლუ, ჰექტაშ ბორდო) ან

კუპროქსატი 5 ლ/ჰა; მეტალაქსილი + მანკოები 2.5 კგ/ჰა (პრეპარატები: რიდომილ გოლდი, რიდონეტი, ვიქტორი, უნივერსალი) ან

დიმეტომორფი + მანკოცები 2.5 კგ/ჰა (პრეპარატები: აკრობატი, ლიდერი, ავანგარდი), სპილენძის ჰიდროქსიდი (იროკო 2-3 კგ/ჰა, კონსული 2-2.5 კგ/ჰა, კოსაიდი 3-4 კგ/ჰა, პროტექტ ოაშ 2-5 კგ/ჰა, ჩემპიონი 4 კგჰა) ან

სპილენძის ჰიდროქსიდი + მეთირამი (კაურიტილი 2.5 კგ/ჰა) ან

სპილენძის ქლორჟანგი (კუპროფლო 3.5 ლ/ჰა, კუპერმაქსი 4-8 კგ/ჰა, სუპერ კოპერი 4-8 კგ/ჰა, ჰექტაშბაკირი 4-8 კგ/ჰა) ან

სპილენძის ქლორჟანგი + სპილენძის ჰიდროქსიდი (აირონი 2.5 კგ/ჰა) ან მეთირემი (პოლირამი 2.5 კგ/ჰა).

მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყენება:

იმიდაკლოპრიდი 0.1 კგ/ჰა (კონფიდორ მაქსი, იმიდორ მაქსი, მიდაში); ალფაციპერმეტრინი 0.3 ლ/ჰა (ფასტაკი, ალპაკი, სუპერ ჰექტამეტრინი) ან ლამბდა-ციჰალოტრინი ეკ 0.15-0.2 ლ/ჰა (კარატე, ვალსამბა, კუნგ-ფუ) ან დელტამეტრინი ეკ 0.05-0.1 ლ/ჰა (დეცის ექსტრა, დელტა) ან დელტამეტრინი წდგრ 0.05-0.1 კგ/ჰა (დეცის პროფი) ან

თიაკლოპრიდი 0.2-0.25 ლ/ჰა (კალიფსო, ულტრატოქსი).

This entry was posted in ბოსტნეული. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *